თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ სამდღიან წინასაარჩევნო მანიფესტაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, კანონის ფარგლებში წარიმართება. იმ შემთხვევაში კი, თუ აღნიშნული აქციების ფარგლებში, გზის გადაკეტვა იქნება საჭირო, ამას შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.

„25 სექტემბერს, დედაქალაქის მერიაში შემოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წერილი, რომ 19, 20, 21 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე წინასაარჩევნო მსვლელობა იგეგმება. მანიფესტაციის მონაწილეთა სავარუდო რაოდენობად მითითებული აქვთ 100 000 ადამიანი. აღნიშნული შეკრება მონაწილეთა სიმრავლის გამო, ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო სავალი ნაწილის შეფერხებას გამოიწვევს. ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ, რომ თუ გზის გადაკეტვა გახდება საჭირო, გადაიკეტოს. თუ ამისი საჭიროება არ იქნება, შესაბამისი სამსახურები, ასევე, კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მანიფესტაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლოდროინდელ მცდელობას უკავშირდება, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია დაიძაბოს.

„ფაქტია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პარტიული ტელევიზია ცდილობს, რომელიმე თემით მაინც შეძლოს სიტუაციის დაძაბვა და წინასაარჩევნო გარემოს რადიკალიზაცია. არ ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტებზე, რაც რეგიონებში ხდება, კამპანიის დროს მივარდნებსა და მცდელობებზე, რომ შეხვედრები ჩაიშალოს. ისინი თავიანთი პროპაგანდით ცდილობენ, ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ და სხვადასხვა თემებს იგონებენ. ჯერ დაიწყეს გამოსვლებით, რაც ჩაუვარდათ. შემდეგ, ახალი თემა შემოიტანეს „ომეგასთან“ დაკავშირებით, რომ თითქოს, ხელისუფლება ამ კონკრეტულ კომპანიას ტელევიზიას ართმევდა. ეს სასაცილოა, რადგან „ომეგა“ თავის მფლობელს არ უნდა და მთავრობას საერთოდ რაში სჭირდება?!

შემდეგ ააგორეს ის თემა, თითქოს, ხელისუფლება ბიზნესს ართმევდა ამ კონკრეტულ ბიზნესმენს. ბიძინა ივანიშვილმა ის სახლში მიიწვია, ეჭვობდა, რომ საუბარს იწერდა და ოთხი მილიონის გამორთმევა თვალით ანიშნაო. მე ივანიშვილის ადვოკატი ვერ ვიქნები, თუმცა ადამიანს, ჩვენს ქვეყანაში სამი მილიარდი დოლარის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული და ეს აუდიტორულად დადასტურებულია. საზოგადოებამ და ქვეყნის მოსახლეობამ ეს ყველაფერი იცის. შემდეგ, შემოიტანეს სუბელიანის თემა და მოსახლეობას მიჭრილ-მოჭრილი ჩანაწერები აჩვენეს. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში რეალური სიტუაცია „მოდელირებული ქრონიკების“ გზით შეცვალონ, რაშიც კარგი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობა არავის მიეცემა.

„კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოაწყოს. ვინც რაიმე უკანონო ნაბიჯს გადადგამს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ეს კონკრეტული მანიფესტაცია მათთვის კულმინაციაა, რომ ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ. მოდელირებული და შეთითხნილი ჩანაწერებით არეულობის მოწყობა ვერ შეძლეს, ახლა კი, ამ აქციით ცდილობენ. ეს, რა თქმა უნდა, მერიის კომპეტენციას ცდება და დეტალებში არ შევალ. იმედია, შესაბამისი სამსახურები ამის შესახებ მომდევნო დღეებში სიღრმისეულად ისაუბრებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და პროცესში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

„6 და 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაული მართლაც მაღალ დონეზე ჩატარდა. მასში უამრავი ადამიანის შრომა, უდიდესი მოტივაცია და გული ჩაიდო, რაც წლევანდელ ღონისძიებებს ეტყობოდა. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. წლევანდელი დღესასწაული სასიამოვნო იყო დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ასევე, ჩამოსული სტუმრებისთვის და უცხოელი ტურისტებისთვის კარგი გარემო იყო შექმნილი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს სააგიტაციო მასალების იმ შენობა-ნაგებობებიდან და ლოკაციებიდან დაუყოვნებლივ ჩამოხსნა დაავალა, რომელზეც მათი გაკვრა ნებადართული არაა. მისივე დავალებით, მსგავსი ადგილების დასუფთავება და მოწესრიგება დღესვე უნდა დაიწყოს.

„სამწუხაროდ, თბილისში არსებობს ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატებია გაკრული - ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებში, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ჩვენთვის ეს ყველაფერი კატეგორიულად მიუღებელია. მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, საარჩევნო პლაკატები განათავსონ და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ქალაქისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ და დღესვე მოაწესრიგეთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ და საზოგადოებას კანონდარღვევით გაკრული სააგიტაციო მასალების ამსახველი ფოტომასალაც წარუდგინა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, თბილისის გამგეობის 2018 წლის საქმიანობის ცხრათვიანი ანგარიშია, რისთვისაც თბილისის მერმა გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„დედაქალაქის ათივე გამგეობის ცხრათვიანი საქმიანობის მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავია. ყველა გამგეობას ბიუჯეტის ათვისებისა და შესრულების მაჩვენებელი 93%-დან 100%-მდე მერყეობს, რისთვისაც გამგებლებსა და გამგეობებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს მადლობა მინდა გადავუხადო. თქვენი და თითოეული თქვენი თანამშრომლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქში სამწუხაროდ, ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელსაც ჩვენი მხრიდან ღირსეული პასუხი სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა რჩება, მაგრამ აქ იმიტომ ვართ, რომ ჩვენს ქალაქს ვემსახუროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის გამგეობების მიერ ცხრა თვის განმავლობაში, სხვადასხვა მიმართულებით, ჯამში, 100 მილიონზე მეტია დახარჯული. კერძოდ, დაიგო 605 425 კვადრატული მეტრი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 26 მილიონზე მეტი დაიხარჯა; 171 მისამართზე მოეწყო და განახლდა სკვერი; სპორტული მოედნები მოეწყო და რეაბილიტირდა 159 მისამართზე;

ასევე, 51 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა საბავშვო გასართობი მოედნები; ფიტნეს ზონები მოეწყო 74 მისამართზე; მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა 120 მისამართზე, რისთვისაც ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა; 3 მილიონ ლარზე მეტი ლარი დაიხარჯა 74 მისამართზე საყრდენი კედლების მოწყობისთვის; ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა 842 მისამართზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარამდე გამოიყო.

ათივე გამგეობამ ცხრათვიან პერიოდში, სოციალური პროგრამების მიმართულებით დაახლოებით, 43 მილიონ ლარამდე დახარჯა; გამწვანების სხვადასხვა სამუშაოებისთვის ამავე პერიოდში, გამგეობების მიერ დაიხარჯა მილიონ 200 ათას ლარზე მეტი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თანახმად, ცხრათვიან პერიოდში, გამგეობებმა თბილისის მასშტაბით, 775 პროექტი დააფინანსეს, რისთვისაც ჯამში, 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

რაც შეეხება ძველი ავტოფარეხების ნაცვლად დასასვენებელი სივრცეების მოწყობის საკითხს, სხვადასხვა ადგილზე ჯამში, 221 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და მათ ნაცვლად, ათი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

თბილისის მერის განცხადებით, მომავალ წელს დედაქალაქის კიდევ 11 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება, რათა შესაძლებელი იყოს სკოლამდელი ასაკის ყველა ბავშვის დაკმაყოფილება.

„ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციითაა განსაზღვრული. გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება, მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, რომ ბაღში მოხვედრის შესაძლებლობა ყველა ბავშვს არ აქვს. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და საბავშვო ბაღების ნაკლებობითაა გამოწვეული. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე იმ 11 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი წარადგინა, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს იგეგმება.

„2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული. წელს დაახლოებით, 10 ბაღი აშენდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საკმარისი. როდესაც ბაღებში რეგისტრაცია ცხადდება, მშობლები შვილების დარეგისტრირებას ვერ ასწრებენ, ანუ დასწრებაზეა ყველაფერი, იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმაო რაოდენობის ბაღები, კონკრეტულ ჯგუფებში კი, ბავშვების დიდი რაოდენობაა, რაც უხერხულობას ქმნის. შესაბამისად, ახალი ბაღების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ახალი ბაღები დადგენილ თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

დედაქალაქის მერმა ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ახალ ავტობუსებში უფასო უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდება.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე და ამაში მხოლოდ ავტოპარკის განახლებას და ხაზების დამატებას არ ვგულისხმობთ. განვითარების ნაწილად მივიჩნევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღჭურვას დამატებითი სერვისებით. ჩვენი ინიციატივაა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ სავარაუდოდ, წლის ბოლოდან, MAN-ის მარკის ავტობუსებში უკაბელო ინტერნეტი დამონტაჟდეს, რომელიც ყველა მგზავრისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მგონია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, MAN-ის მარკის ავტობუსებში უფასო ინტერნეტით ისარგებლონ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერს გამოაცხადებს. ხიდის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება თბილისის მასშტაბით ჩატარებული ხიდების კვლევის საფუძველზე მიიღეს.

„2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით არსებული ხიდების კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც ავარიულობის ხარისხი დადგინდა. მას შემდეგ, თბილისის მერია ავარიული ხიდების რეაბილიტაციას ეტაპობრივად აწარმოებს. ამჯერად, ვახუშტის ხიდის აღდგენას ვგეგმავთ. ტენდერს ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციისთვის ორ-სამ დღეში გამოვაცხადებთ. ხიდის აღდგენა-განახლების პროცესს დაახლოებით, 2 მილიონ 400 000 ლარი და ხუთი თვე დასჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

კახა კალაძემ საუბრის დასასრულს, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს გუშინდელი გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატება უსურვა.

„შეხვედრა მართლაც ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. მეამაყება, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნაკრებს ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს. თითოეული ქომაგი, გულშემატკივარი ველოდებით ამ დღეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რაც ფეხბურთის ფედერაციამ განახორციელა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და თითოეული ფეხბურთელის როლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, სხვა შეხვედრებშიც გაგვახარებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

17 ოქტომბერი 2018