დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რაზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) მომზადებაა, რომელიც შესაძლოა, სერტიფიცირებას დაექვემდებაროს.

„ჩვენ მიმდინარე წელს განვახორციელეთ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საკითხები ერთმანეთისგან გაიმიჯნა. ურბანული განვითარების სამსახური, ფაქტობრივად, ნულიდან შეიქმნა. გარდა ამისა, გავამარტივეთ არქიტექტურის სამსახურში მართვა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ეფექტიანი გავხადეთ. დღეს არქიტექტურის სამსახური გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა საჭიროა, ამ პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ამის საფუძველზე სერვისების დახვეწა. ამჟამად, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ურბანული განვითარების მართვის პროცესის გაუმჯობესებაა, რათა გადაწყვეტილებები დროულად მიიღებოდეს და ეს გადაწყვეტილებები ხარისხიანი იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროცესის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მერიაში მაღალკვალიფიციური მომსახურება, ასევე, მერიის გარეთ არსებული პროცესების მართვა და განვითარება.

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, არქიტექტურისა და ურბანული მართვის სფეროში ცალკეული საქმიანობები - კერძოდ, მეორე, მესამე, მეოთხე კლასის ობიექტებზე არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების, სამშენებლო პროექტისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება უნდა დაექვემდებაროს სერტიფიცირებას, რათა ქალაქში განხორციელდეს მაღალკვალიფიციური არქიტექტურული მომსახურება და მივიღოთ მაღალკვალიფიციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები. ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც მაღალკვალიფიციურ დონეზე მომზადებას საჭიროებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა და მოადგილეს, მაია ბითაძეს ურბანული განვითარების სამსახურის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა სთხოვა.

თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, მერის დავალების მომენტში, ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის შიდა მიმოწერაში 800-მდე ქალაქმშენებლობითი გადაწყვეტილების მოთხოვნა იყო დარეგისტრირებული.

„ურბანული განვითარების სამსახურმა, რომელიც აპრილის ბოლოს შეიქმნა, პრაქტიკულად, როგორც ახალშემოსულ, ასევე ძველ, დაგროვილ ქალაქმშენებლობით, მათ შორის, 2017 წლის გადაწყვეტებზე დაიწყო მუშაობა. სერვისების განვითარების სააგენტოსთან და ვიცე-მერთან ერთად, დავიწყეთ მუშაობა სერვისების გამარტივებისა და პროცედურების დახვეწის კუთხით. ურბანული განვითარების სამსახურის თანამშრომლების 24-საათიან მუშაობის შედეგად და აქვე მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო, 800 დაგროვილი მოთხოვნიდან, დღესდღეობით, დარჩენილია 200-მდე მოთხოვნა. მათ შორის, მოთხოვნები წითელი ხაზებისა და ფუნქციური ზონების კორექტირებასთან, გრგ-ების დავალებები, პროექტები და ე.წ. სპეცნებართვები“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის თითოეულ თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა დედაქალაქის მერმაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ დარჩენილ 200-მდე განაცხადს დროული პასუხი უნდა გაეცეს.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ დიდ დიღომში, ანბანის ბაღში დაწყებული მშენებლობა შეჩერდა და სავარაუდოდ, მისი დემონტაჟი განხორციელდება. მისი თქმით, მშენებლობის შეჩერებას დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა, რადგან ობიექტი რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, რომ არცერთი მშენებლობა არ განხორციელდება სკვერებში, სპორტული მოედნების ადგილზე იმიტომ, რომ ეს არის რეკრეაციული ზონები, რომელსაც მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის ეკოლოგიური თვალსაზრისით, დედაქალაქში რა მდგომარეობაა. შესაბამისად, მწვანე სივრცეებს უნდა გაფურთხილდეთ. „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანბანის ბაღში დაწყებულია მშენებლობა, რომელსაც გაცემული ნებართვითაც კი, ყველანაირი პირობა, მოცულობა დარღვეული აქვს. ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით, დიდი დიღმის მოსალხეობის მხრიდან ძალიან ბევრი საჩივარია შემოსული. ამ დროისთვის, მშენებლობა შეჩერებულია და მგონია, რომ მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. სკვერებში, პარკებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი გაუთვალისიწინებელი სიმახინჯეების მშენებლობა არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მოსახლეობამ ახალ აღმაშენებელზე ისტორიული შენობების ფასადებიდან თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა მოხსნა, რისთვისაც კახა კალაძემ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

„გახსოვთ ალბათ, რამდენიმე კვირის წინ მე ვსაუბრობდი ახლადრეაბილიტირებული აღმაშენებლის მაგალითზე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებების - კონდიციონერებისა და გამათბობლების გამო ისტორიული ფასადების დაზიანებასთან დაკავშირებით. მაშინ თხოვნით მივმართე მოსახლეობას, რომ გაეთვალისწინებინათ ეს ყოველივე და ამ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი განეხორციელებინათ, რაც მართლაც გააკეთეს და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომ გაგებით მოეკიდნენ ჩვენს თხოვნას. პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაინტერესებულნი იმით, რომ ეს ობიექტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არავის მისცენ მათი დაზიანების შესაძლებლობა. ეს არის ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. რა თქმა უნდა, იმ ხარჯებს, რაც აღდგენით სამუშაოებს ეხება, როგორც მაშინ ვთქვი, მერია აიღებს საკუთარ თავზე. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ჩაატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ამგვარ ფაქტებს ადგილი არ ექნება და მოსახლეობა ისტორიულ ძეგლებს მეტად გაუფრთხილდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, თბილისის მასშტაბით, მნიშვნელოვანი მაგისტრალების, გამზირებისა და ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოებია, რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია კი, დღეიდან განხორციელდება.

„დღეს იწყება ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია, რაც, შეიძლება ითქვას, ათეულობით წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის, ბორდიურისა და ტროტუარის მოწყობა. ასევე, მთლიანად შეიცვლება განათების სისტემა. ჯამში, 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი შეიცვლება. ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში დაახლოებით, 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამო, თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები დაფიქსირდება, რის გამოც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

„ქალაქში, სხვადასხვა რაიონებში მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვიწყებთ. მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს იმიტომ, რომ ქალაქში გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის კეთდება. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის და შედარებით, ნაკლები მოძრაობაა. ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში, კონკრეტულ მონაკვეთებზე შესაბამის სამუშაოებას დავიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ასევე, დაიწყება კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

„მომავალ წელს, გვინდა, რომ ცენტრალურ მაგისტრალს სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ. გარდა ამისა, რობაქიძის გამზირის კაპიტალური სამუშაოები დაიწყება - დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლამდე მონაკვეთი მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. ასევე, თბილისი-ნაფეტვრების გზის კაპიტალურ სამუშაოებს ვიწყებთ. ჩიქოვანის ქუჩის კაპიტალურ სამუშაოებსაც ვგეგმავთ, სადაც სანიაღვრეებისა და წყალარინების მიმართულებით, სერიოზული პრობლემებია. იგეგმება ასევე, შავი ზღვის, ფალიაშვილის, კოსტავა-შარტავას ქუჩების კაპიტალური სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქმე პირად კონტროლზე ყავს აყვანილი.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამაზრზენ კადრებს, რომელიც ერთი მხრივ, ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით არის დაწყებული, თუმცა მგონია, რომ ეს მუხლი გადასახედი და კიდევ უფრო გასამკაცრებელია. ვიმედოვნებთ, რომ მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ეს ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინა - უმწეო ლეკვი მკვდარ ცხოველებთან განათავსა და შიდა სანიტარული წესები დაარღვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, საკადრო პოლიტიკისა და ზოგიერთი სხვა გადაწყვეტილების შედეგია, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაწყვეტა იგულისხმება.

„არაერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ კონკრეტულ ორგანიზაციებთან - ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვთ, ამ მიმართულებით ცვლილებები განახორციელონ, თანამშრომლობისთვის მზად ვართ, თუმცა, შანტაჟის ენით საუბარი პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიზანმიმართულად არ ვასახელებ ამ არასამთავრობოებს, თუმცა საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს მხრიდან მომხდარიყო პასპორტების შესყიდვა კონკრეტული ორგანიზაციებისგან. ასევე, სააგენტოში დასაქმებებისა და წამლების შესყიდვის მოთხოვნა ფიქსირდებოდა, თუმცა წამლების შესყიდვა ვისაც სურს, ტარდება ტენდერი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ და ყველა დამნაშავემ საკადრისად აგოს პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ბოლო საკითხი, რომელსაც კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეეხო, თბილისის მერიის მხარდაჭერით, საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობის მიზნით, ახალგაზრდების რეგისტრაციაა. თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებსა და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებსა და 18-29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

„ამ პროგრამების მიზანია, რომ ახალგაზრდობას მივცეთ შესაძლებლობა საინტერესოდ გაატარონ ზაფხულის პერიოდი. ამიტომ, ყველა მსურველს ვთავაზობ, ჩაერთონ. ვფიქრობ, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია ახალგაზრდებისთვის და მომდევნო წლების განმავლობაშიც ვაპირებთ ასეთი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება. სალაშქრო ტურები კი, თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

18 ივლისი 2018