თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და სამგორის გამგებლის ვაკანტურ პოზიციაზე კახაბერ გულედანის კანდიდატურა წარადგინა.

თბილისის მერის თქმით, კახაბერ გულედანს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს.

„მინდა წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომელიც სამგორის რაიონის მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახაბერ გულედანი 2016 წლიდან დღემდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ის ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. მისი კანდიდატურა საკრებულოში დღესვე გადაიგზავნება.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით, ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. საუბარია გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე.

კახა კალაძის განმარტებით, სამივე ტერიტორიაზე ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს 1 ლარად გადაეცემა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რათა ჩვენ შევძლოთ იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით ქალაქს აწუხებს. ჩვენ მზად ვართ, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მინდა გთხოვოთ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია ამ კონკრეტულ ლოკაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტექნიკურ - ეკონომიკური კვლევა თვითონ ამ კომპანიების მხრიდან იქნება გასაკეთებელი და შემდეგ უკვე პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებულია კვლევა, რომლის მიხედვით დედაქალაქში მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად 10 ლოკაცია შეირჩა. ამჯერად მერიამ ინტერესთა გამოხატვა სამ მათგანზე გამოაცხადა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერი ახალი ინიციატივით გამოვიდა და მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობა შესთავაზა.

დედაქალაქის მერმა გამგებლებს ამ ინიციატივის თაობაზე მოსახლეობასთან კომუნიკაცია დაავალა და განმარტა, რომ ამ პროექტის განხორციელება მხოლოდ მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში დაიწყება.

„ყველა რაიონში და უბანში არსებობს ავტოფარეხები, რომელთა ადგილზეც, ვფიქრობ, შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ჩვენ მზად ვართ, ამ ავტოფარეხების ადგილზე გავაშენოთ სკვერები, ბაღები, სპორტული მოედნები და ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. თქვენ იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოვასწოროთ, ეს ზოგადად მსოფლიო გამოწვევაა და თბილისშიც ამ მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს. მნიშვნელოვანია როგორც პარკების, სკვერების რეაბილიტაცია და მშენებლობა, ასევე, ასეთი მწვანე სივრცეების მოწყობაც. თუ უბნებში მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით მოვახერხებთ, რომ ამ სიმახინჯეების ადგილას, რომელიც უფუნქციოა და მეტწილად არაკანონიერიც, მოეწყოს რეკრეაციული ზონები, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ქალაქში გაჩნდება უფრო მეტი მწვანე სივრცე, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა, დრო გაატარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ეკოლოგიური გამოწვევების დაძლევის გარდა, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და მასობრივი სპორტის განვითარება. ამ მიზნით, კახა კალაძემ ყოველთვიური სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ დააანონსა, რომელიც 28 აპრილს გაიხსნება. მისი თქმით, ფესტივალი 6 თვე გასტანს და ყოველი თვის ბოლო შაბათს ლისის ტბაზე გაიმართება.

„თბილისის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ლისზე დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებებიც გაიმართება.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დავალება მისცა, მაისის შუა რიცხვებიდან თბილისში სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობები მოეწყოს.

დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით დაიწყებს პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“.

კახა კალაძის თქმით, პროგრამის მიზანია სამსახურის  მაძიებელი მოქალაქეების  მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა.

„ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ არის მოთხოვნის შესაბამისი. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას. ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს  15 სპეციალობაში გადავამზადებთ მსურველებს. ასაკი შეზღუდული არ არის, 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის ადამიანს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში. მთავარია, რომ მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სასწავლო კურსებს თბილისის მერია დააფინანსებს.

25 აპრილი 2018