თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

კახა კალაძემ პირველ რიგში, თბილისის ათივე გამგეობის მუშაობის პირველი კვარტლის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გამგეობების უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91%-დან 98%-მდე შედეგი აჩვენა. თბილისის მერის თქმით, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შესრულების შედეგები.

„დასრულდა წლის პირველ კვარტალი და მინდა მოკლედ შევაჯამო თითოეული რაიონის გამგეობის მუშაობის შედეგები. აღსანიშნავია, რომ მათმა უმრავლესობამ წელს ბიუჯეტის შესრულების 91-დან 98 პროცენტამდე შედეგი აჩვენა, რისთვისაც მინდა გამგებლებსა და გამგეობის თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. რაც შეეხება დანარჩენებს, 75-78%-ს შორის მერყეობს სამი გამგეობის შედეგები. მინდა გთხოვოთ, რომ გავაუმჯობესოთ ეს მიმართულება. მხოლოდ სამგორის რაიონის გამგეობას აქვს ყველაზე დაბალი - შესრულების 58%-იანი მაჩვენებელი. გამგებელმა განცხადება დაწერა გადადგომასთან დაკავშირებით. საპასუხისმგებლოა, იყო რაიონის გამგებელი. მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და ნამდვილად დასაფასებელია, რადგან ჩვენ თვითკრიტიკული ვართ. პირველ რიგში, ვხედავთ საკუთარ სუსტ და ძლიერ მხარეებს და ჩვენი ინტერესი და ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ თბილისი უკეთეს, უფრო განვითარებულ და მოწესრიგებულ ქალაქად ვაქციოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ასევე, ათივე რაიონის გამგეობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შეჯამებული მონაცემი წარადგინა. კერძოდ, მისი თქმით, 169 მისამართზე კეთილმოეწყო გზები, როგორც კაპიტალურად, ისე ფრაგმენტულად; ასევე, მოეწყო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 25 სკვერს; სპორტული და გასართობი ინფრასტრუქტურა მოეწყო 47 მისამართზე; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი მოეწყო და რეაბილიტაცია მოხდა 44 მისამართზე; სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გამოიყო 37 593 ბენეფიციარისთვის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა მიმართულებით, რადგან დიდია მოლოდინი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული სიტუაცია. მესმის, რომ უამრავი პრობლემაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, თითოეული ჩვენგანის ჩართულობითა და რაც მთავარია, მოსახლეობის მხარდაჭერით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება ასევე, საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაზე გამახვილდა, რომლის სამუშაოებიც დღეიდან იწყება. მისი თქმით, ეს მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც თბილისში, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით, 2 მილიონ 700 ათასი ლარი ეღირება. სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა, რომელიც აღნიშნულ ქუჩებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას უზრუნველყოფს, განტვირთავს საცობებს საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში და ტრანსპორტის გადაადგილების დროს შეამცირებს. მსგავსი პროექტები მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების კომფორტი და მათი ურბანული საჭიროებები ქალაქში მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, პროექტი, მასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების მიუხედავად, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

„შეიძლება გაჩნდეს კითხვები ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ნამდვილად ვერ დავრჩებით ისე, როგორც ეს 50 წლის წინ იყო, როცა დედაქალაქში რამდენიმე მანქანა დადიოდა. გვიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს. მხოლოდ ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობით, არსებულ სატრანსპორტო, მათ შორის, საცობების პრობლემებს ვერ გადავჭრით, თუმცა ამ მხრივ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის საჭიროებებზე, შეიძლება მოგვიწიოს გარკვეული მშენებლობების შეჩერება, ნებართვების გაცემაზე უარის თქმა, ასევე, ხეების გადარგვა და მოჭრაც, რამაც შეიძლება მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უკეთესი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, როგორც კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს.

მისი თქმით, თბილისში, ზოგიერთი ქუჩის შუა ნაწილში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გადის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ავტომობილების გადაადგილების შეფერხებებს იწვევს.

„როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები „თელასთან“, რათა აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდეს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას გამოვათავისუფლებთ და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კომპანია „თელასს“ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო „თელასს“ თანამშრომლობისთვის. სამუშაოები ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ჩატარდება. იმედი მაქვს, პროექტს ძალიან მალე განვახორციელებთ და ამ კონკრეტული გზების გაფართოება მოხდება, რადგან იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის წლების განმავლობაში, გარკვეულ პრობლემას წარმოადგენდა. ეს საკითხი ძალიან მალე მოგვარდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

17 აპრილი 2018