კონკურსი „მეტრომანი“-ს განსხვავებულ დიზაინზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად

2018 წლის 26 მაისს, საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ბარათი "მეტრომანი" განსხვავებული, საიუბილეო ვიზუალით დაიბეჭდება და გაიცემა.

„მეტრომანის“ საუკეთესო საიუბილეო ესკიზის გამოსავლენად თბილისის მერია კონკურსს იწყებს, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს.

თუ გსურთ, რომ „მეტრომანი“ თქვენს მიერ შექმნილი დიზაინით გაიცეს და ერთი თვის განმავლობაში უამრავი ადამიანის ხელში მოხვდეს, მონაწილეობა უნდა მიიღოთ კონკურსში, რომელიც დღეს, 10 აპრილს დაიწყო.

  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი „მეტრომანის“ ესკიზი 10 აპრილიდან - 24 აპრილის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ.
  • 10 საუკეთესო ნამუშევარი 25 აპრილს გამოავლინდება და გამოაქვეყნდება.
  • გამარჯვებული ესკიზის შესახებ ინფორმაცია და ავტორის ვინაობა 5 მაისს, „მეტროსადგურ რუსთაველში“ გახდება ცნობილი, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა.
  • “მეტროსადგურ რუსთაველში” გამრთულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულს თბილისის მერი კახა კალაძე გამოავლენს.
  • შერჩეული ესკიზის ავტორი მიიღებს სიმბოლურ ჯილდოს, მის მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი „მეტრომანი“ კი, ამავე დღეს - 5 მაისს პირველად ჩაეშვება გაყიდვაში.
  • საიუბილეო დიზაინით შექმნილი „მეტრომანის“ ბარათი გაიყიდება 5 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით.

       კონკურსში მონაწილეობის წესები:

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.
  • მონაწილეებმა შესრულებული ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით. E-mail: 26maisi@tbilisi.gov.ge
  • მონაწილეებმა საკონკურსო ნამუშევარს თან უნდა დაურთონ საკონტაქტო ინფორმაცია.
  • მონაწილეები შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით, შეზღუდულები არ არიან.
  • შინაარსობრივი კუთხით, ბარათის ვიზუალი, ირიბად ან პირდაპირ, უნდა ეხმიანებოდეს საქართველოს დამოუკიდებლობის თემას. მაგ:

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს. (წლევანდელი 26 მაისის თემა არის საქართველოს პირველი რესპუბლიკა. საქართველო 100 წლის წინ და საქართველოს 100 წლის ამბავი, როგორც ჩვენი მომავლის საფუძველი);

ვიზულში უნდა აღიქმებოდეს ეროვნული მოტივები;

ნამუშევარი უნდა იყოს ქართული ხასიათის მატარებელი;

სასურველია დიზაინი იყოს თანამედროვე;

შესაძლებელია დამოუკიდებლობის თემასთან კავშირში საყოველთაოდ ცნობილი მასალის ახალი ვიზუალით და სტილით წარმოდგენაც.

  • მონაწილეებმა ვიზუალის შექმნისას უნდა გაითვალისწინონ „მეტრომანის“ ბარათის ზომები (8.5 სმ. / 5.5 სმ.);
  • გაითვალისწინონ, რომ ბარათი არის ორმხრივი;
  • ბარათზე უნდა ეწეროს ბარათის სახელი - მეტრომანი;
  • ბარათზე უნდა დარჩეს კომპანია „მს+ | MS+” ის ლოგო;
  • დიზაინის შექმნისას გამოყენებული იყოს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 26 მაისის და 100 წლის იუბილის ლოგოები.

(„მეტრომანის“ ბარათის ახლანდელი ვიზუალი, კომპანია „MS+ | მს+“ ის ლოგო, „26 მაისის“ სიმბოლიკა გამოყენების წესებთან ერთად, იხილეთ თანდართულ ფაილში).

26 მაისის ლოგოს გამოყენების წესი

26 მაისის ლოგო

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ლოგოს გამოყენების წესი

დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის ლოგო

მს+ ის ლოგო

არსებული მეტრომანის ბარათის დიზაინი

მეტი ინფორმაციისთვის: „მეტრომანის“ ბარათი წარმოადგენს მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი, საბაგირო) მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალურ საშუალებას.

„მეტრომანის“ ბარათის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი მეტროსადგურის, ასევე რიყე-ნარიყალას და კუს ტბის საბაგირო გზების სალაროებში.

Facebook: თბილისის მერია / Tbilisi City Hall

გისურვებთ წარმატებას!

 

 

10 აპრილი 2018