პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

დიდ დიღომში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 10 აპრილიდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე, დიდი დიღმისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება.

პირველ ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე გათვალისწინებულია მოძრაობის შეზღუდვა მხოლოდ ფარნავაზ მეფის გამზირიდან პეტრე იბერის ქუჩის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, N14, 15, 21 და 54 ავტობუსები, ასევე, N42, 60, 73, 78, 109, 192 და N193 მიკროავტობუსები ფარნავაზ მეფის გამზირს ბოლომდე გაივლიან, შეუხვევენ დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე და მოძრაობას იბერის ქუჩაზე განაგრძობენ. ხოლო უკუმიმართულებით, ისინი ჩვეული მარშრუტით - პეტრიწის ქუჩის გავლით გადაადგილდებიან.

რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, პეტრიწის ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება იბერის ქუჩიდან ფარნავაზ მეფის გამზირის მიმართულებით. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მარშრუტები ფარნავაზის გამზირზე, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩის გავლით მოხვდებიან. ხოლო, პატარა დიღმიდან დედაქალაქის ცენტრისკენ მოძრავი N84 ავტობუსი დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან მირიან მეფის ქუჩაზე იბერის ქუჩის გავლით მოხვდება.

დროებითი მარშრუტების დადგენასთან ერთად ფარნავაზ მეფის გამზირსა და იბერის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გათვალისწინებული იქნება დამატებითი გაჩერებების მოწყობაც.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

09 აპრილი 2018