თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე პოლიტიკოსების დასწრება მისი გადაწყვეტილება იყო. თბილისის მერმა კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ მერიის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლო და გაუგებარი უწოდა.

„ფაქტია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ვერ აღიქვამს ზღვარს ვიწროპარტიულ ინტერესებსა და ქალაქის განვითარებას შორის. პრეზენტაციაზე პოლიტიკოსების მოწვევა ჩემი გადაწყვეტილება იყო. ისინი წინასაარჩევნო პერიოდში ჩემი კონკურენტები იყვნენ და მინდოდა, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვაში მონაწილეობა მიეღოთ, თუმცა მათ ამჯობინეს, რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესი გაეტარებინათ. ჰქონდათ დებოშის მოწყობის მცდელობა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ მივეცით და შეხვედრა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე, „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერიის მხრიდან კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია არაერთხელ შედგა.

„სიცრუეა, თითქოს ჩვენი მხრიდან კომუნიკაცია არ იყო. პირადად მე, რამდენჯერმე შევხვდი ამ კომპანიის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში მიდიოდა კომუნიკაცია. ძალიან გულდასაწყვეტია ის ცინიკური, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც „სითი ინსტიტუტის“ ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მერიის თანამშრომლების მიმართ დაფიქსირდა. ჩვენი მხრიდან არცერთი შეურაცხმყოფელი განცხადება და სიტყვა არ ყოფილა და ასეც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში უამრავი ხარვეზი არსებობს, კონსტრუქციულად ვიქცევით. ამიტომ, მერიის ახალგაზრდა თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ჩვენი ქალაქის მომავალს წარმოადგენენ, მსგავს დამოკიდებულებას არავის ვაპატიებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის პოტენციალის კვლევაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც, ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს. ასევე, აღინიშნა, რომ თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე დგას, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე, ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა. ამ ეტაპზე, მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი. უკვე დაწყებულია ამ ტერიტორიის პოტენციალის კვლევა. მინდა დავავალო ურბანული განვითარების სამსახურს, რომ ამ კვლევის საფუძველზე, შეიმუშაოს ერთიანი ხედვა - განვითარების ჩარჩო გეგმა, რომელსაც მომავალში აღნიშნული არეალის განვითარება და ქალაქმშენებლობითი პროცესები დაეფუძნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უარი ეთქვა განაშენიანების რეგულირების გეგმებს დიღმის ჭალებშიც, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად.

„საჭიროა, ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს ამ ქალაქში ცხოვრება, არამედ მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გაიზარდოს. ასევე, დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები. ეს სამი მიმართულება ჰარმონიაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი დამოკიდებულება და მიდგომაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით - ხელს შევუწყობთ, რადგან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია, ამ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ქალაქის განვითარება სწორად უნდა მოხდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ.

„მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს. მინდა მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ ადამიანების კომპენსაციით დაკმაყოფილება უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დახმარების გარეშე არცერთი დაზარალებული ოჯახი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 80 ვაკანსიაზე კონკურსის გამოცხადებაა.

თბილისის მერის განცხადებით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესასრულებლად, ადამიანური რესურსია საჭირო. კახა კალაძე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

„ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქალაქის განვითარებასა და მოწესრიგებაში ჩაერთოს, პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის განვითარებასა და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, საჭიროა, ზედამხედველობის გამკაცრება, მათ შორის, გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის მთლიანი რეფორმაა დაგეგმილი. იგეგმება ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზისა და ავტოპარკის განახლება.

„ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რაც საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოქნილად, კომფორტულად იმუშაოს ამ სამსახურმა. აღნიშნული სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, ასევე, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს, თბილისის მერი 15 წლის გიგი ანთაძის საკითხს შეეხო, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის. კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას სთხოვა, 15 წლის მოზარდის საკითხი დროულად გადაწყდეს და მას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინონ.

„15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უკვე წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს, სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის. ასაკის მიუხედავად, ბიჭუნა კერძო ბიზნესშია ჩართული. ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე, ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. იცით, რომ ჩვენ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები გვაქვს, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვერ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გიგი ანთაძე ცალკეულად იყოს გამოყოფილი და თავისი საქმიანობა განაგრძოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, მოზარდს მაქსიმალურად დაეხმაროს.

„მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რათა ამ ახალგაზრდას, რომელმაც პატარა ბიზნესი და მცირე შემოსავალი თავისით შექმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები და ფინანსურ დახმარებაზეც მზად ვართ. გიგის ამ მიმართულებით, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

28 მარტი 2018