თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

თბილისის მერმა საზოგადოებას სხვადასხვა დარღვევის შესახებ ზედამხედველობის სამსახურის მოკლე ანგარიში გააცნო და კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა, რათა მომავალში ზედამხედველობის პროცესი უფრო შედეგიანი გახდეს.

„ამ ეტაპზე, სამშენებლო უსაფრთხოების იგნორირების გამო, ან დარღვევით მიმდინარე პროექტებზე გაფრთხილება მიცემული აქვს 500 ობიექტს, მათგან უკვე დაჯარიმებულია 272 სამშენებლო ობიექტი. შეჩერების დადგენილება ამოქმედდა 120 ობიექტის მიმართ. ასევე, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შეადგინა ოქმი საარჩევნო პლაკატების ჩამოუხსნელობის 59 ფაქტზე. მგონია, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და პლაკატები, რომლებიც წინასაარჩევნოდ იქნება გაკრული, უნდა ჩამოხსნან, რადგან ეს ყველფერი ამახინჯებს და აბინძურებს გარემოს. უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვჭირდება, თუმცა მგონია, რომ ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს მიდგომები და აუცილებლად უნდა გაიზარდოს ჯარიმები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის მომზადება დაავალა.

„არამხოლოდ ჩემთვის, ზოგადად, ყველასთვის მტკივნეულია და მიუღებელია, როცა თბილისთან მიმართებაში ხშირად გამოიყენება სიტყვები უსისტემო, უკანონო, ქაოსური. თბილისი თანამედროვე დედაქალაქია და ეს უწესრიგობა და დარღვევები აუცილებლად უნდა დავასრულოთ. ამიტომაც, ზედამხედველობის, როგორ ინსტიტუციის გაძლიერება და დახვეწა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მინდა დავავალო დედაქალაქის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყოს, რათა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმა განვახორციელოთ, გავაძლიეროთ, უფრო მობილური გავხადოთ და გადავამზადოთ იქ მომუშავე ადამიანები. ყველანაირი აღჭურვილობა, რაც საჭიროა ამისთვის, ეს იქნება კამერები, ფორმები, ავტომანქანები, შეიძინეთ. ეს სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური და უმაღლეს დონეზე განახორციელოს საზედამხედველო ფუნქციები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი და მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები დაიხვეწოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება და ამ მიმართულებით, სანქციების გამკაცრებაა. კერძოდ, აღნიშნა, რომ დედაქალაქში არსებულ აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენების შემთხვევაში, ჯარიმა ფიზიკურ პირებზე 200-დან 1000 ლარამდე, ხოლო იურიდიულ პირებზე 300-დან 3000 ლარამდე გაიზრდება.

დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს სთხოვა, შესაბამის ორგანიზაციებსა და პირებს არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად, გონივრული ვადა პირველ აპრილამდე მიეცეს.

„ჩვენ პარლამენტში ვაგზავნით კანონპროექტს, რომელიც ქართული ანბანის არგამოყენებაზე ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს. ვიყავით გასული კონრეტულ ადგილებსა და ქუჩებში, სადაც ეს პრობლემა არსებობს. ზოგადად, ეს პრობლემაა ქალაქში, რადგან არ ხდება ქართული ანბანის გამოყენება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მინდა ზედამხედველობის სამსახურს ვთხოვო, პირველ აპრილამდე მიეცით ყველას გონივრული ვადა იმისთვის, რომ არსებული პრობლემა გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილიდან შეგიძლიათ, დაჯარიმება დაიწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის იერსახე აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს და ქართულ დამწერლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.

„პარალელურად, კანონში შეგვაქვს ცვლილებები. დღეის მდგომარეობით, ფიზიკური პირი 200 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 300 ლარით. ცვლილებების შედეგად გვინდა, რომ ფიზიკური პირი, ვისაც ეს საკითხი არ ექნება მოწესრიგებული, 1000 ლარით დაჯარიმდეს, ხოლო იურიდიული პირი 3000 ლარით. ეს ის მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ქართულ ანბანს ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, საკანალიზაციო ჭების საკითხის გადაჭრა დაავალა, რადგან მისი თქმით, საკანალიზაციო ჭების თავები ავტომანქანების გადაადგილებას აფერხებს.

„საკანალიზაციო ჭების თავები წარმოადგენს ორმოებს, რაც ძალიან დიდი პრობლემაა მძღოლებისთვის. მესმის, რომ ეს არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული კომპანიების საკუთრებაა, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ირაკლი ბენდელიანს ვავალებ, უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, პრობლემა მოგვარდეს, ხოლო იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში მოგვარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტის ხელმძღვანელი, სერგი გვარჯალაძე წარადგინა და განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, დედაქალაქის გარეუბნები განვითარდება.

„ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ ამას ყურადღება თბილისშიც აუცილებლად უნდა დაეთმოს. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ რაიონებსა და უბნებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით, შეგვიძლია, გარეუბნებში გავიდეთ და ისეთი ადგილები გავაცოცხლოთ, სადაც ჯერ ჯერ კიდევ ისეთი მდგომარეობა არ არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პროექტის ხელმძღვანელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ერთიანი ძალისხმევით, დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

„რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, ვინც მას უხელმძღვანელებს. პროექტს ყველასთვის კარგად ნაცნობი ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ჩაუდგება სათავეში. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენი ქალაქისთვის ძალიან ბევრ სასიკეთო და მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

07 მარტი 2018