თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ისაუბრა. 

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მუნიციპალურ ავტოპარკს, წელს, 100 ახალი ავტობუსი შეემატება.

კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში თბილისში 700 ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება. 

„ჩვენ ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ წელსვე შემოვიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მე მგონია, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობა, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ, დღესვე, თბილისის მერიის ინიცირებული სამართლებრივი ცვლილებები განმარტა, რომლის მიხედვით მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო იქნება. ასევე, სავალდებულო ხდება მშენებლობის ნებართვის მიღებით დაინტერესებულმა პირმა უზრუნველყოს დენდროლოგიური პროექტის მომზადება და მერიასთან შეთანხმება, ხოლო აღნიშნული პროექტის საფუძველზე გაამწვანოს მიმდებარე ტერიტორია. 

„გარდა ამისა, მშენებელი ვალდებული იქნება, სამშენებლო სამუშაოების საინფორმაციო დაფასთან ერთად, დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს. ეს  ეხება არამარტო კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის  გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება“, -   აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.

„თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე  საცხოვრებელი ფართის აშენება, რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღესვე დამტკიცდა იმ ხე-მცენარეთა ნუსხა, რომელიც გამოყენებული იქნება თბილისის სამომავლო გამწვანებისთვის.

„ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით. მისი შერჩევის პროცესში ჩართული იყო სხვადასხვა ექსპერტი და არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი დახმარებით განხორციელდა ეს ცვლილებები, რისთვისაც დიდ მადლობა ვუხდი. ეს არის მწვანე და ეკოლოგიურად მდგრადი ურბანული განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები და ჩვენ მალე საკანონმდებლო დონეზე წარმოვადგენთ ცვლილებათა პაკეტს, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა თბილისი მერმა. 

 

08 თებერვალი 2018