დედაქალაქის მერიაში თბილისის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერმა პირველ რიგში, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, ჭერის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თითოეულ მათგანს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სხვადასხვა კლინიკებში, შესაბამის მკურნალობას განაგრძობენ.

„ყველა მათგანი თავს უკეთ გრძნობს და მინდა, თითოეულ მათგანს ძალიან მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მოხარული ვარ, რომ დღეს გაცილებით მძიმე შედეგებზე არ გვიწევს საუბარი, თუმცა ფაქტი, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. თითოეული ჩვენთაგანი გამოძიების შედეგებს ველოდებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მუშაობას, თბილისის მერის განცხადებით, დღეს, 06:00 საათიდან მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა და დედაქალაქის მოსახლეობას ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება მუნიციპალური პროექტების შესრულების ხარისხის არსებულ სისტემასა და მექანიზმზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით, გარკვეული ცვლილებებია საჭირო. 

„ფაქტია, რომ დღეს არსებული სისტემა და მექანიზმი შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს, რომლის ნათელი მაგალითია, როგორც გუშინ მომხდარი შემთხვევა, ისე ის კონკრეტული პროექტები, რომლებიც ჩვენ დავათვალიერეთ. მაგალითად, მუხიანის სპორტკომპლექსი, ბაღები და ა.შ.  ვიცი, რომ მოადგილეებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, რომ დავაჩქაროთ და 10 დღეში, ორ კვირაში უკვე წარმოადგინოთ სურათი, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი ეფექტური იყოს და კონტროლიც ამავდროულად, ეფექტური იქნება“, - აღნიშნა თბილისის მერმა 

მისივე თქმით, დედაქალაქს ისეთი მოდელი და სისტემა სჭირდება, რომლითაც შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი უმაღლეს დონეზე, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის გზით მოხდება.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ მოადგილეებსა და დედაქალაქის მთავრობის სხვა წევრებს სთხოვა, ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით, პარკირების სპეციალური საშვების გამოყენებას მოერიდონ, რადგანაც პარკირების სპეციალური საშვები მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვისაა განკუთვნილი.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით, ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პარკირების სპეციალური საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანებისთვის და ასევე, იმ ავტომობილებისთვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ მოადგილეები და საქალაქო სამსახურების უფროსები სხვებისთვის სამაგალითო უნდა იყვნენ.

„ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ქალაქს და რიგითი მოქალაქეებისგან არაფრით განვსხვავდებით. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, მოადგილეებსაც ეხება ეს, სამსახურის უფროსებს და ყველა ჩვენს თანამშრომელს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

31 იანვარი 2018