თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, გამონაბოლქვის შემცირება, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზე ორიენტირებული სატრანსპორტო სისტემის შექმნა დედაქალაქის მოსახლეობის პირდაპირი დაკვეთაა.

„არსებული პრობლემების გადასაჭრელად, რამდენიმეეტაპიანი სამუშაოების განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განახლება-რეაბილიტაციისკენ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისკენ არის მიმართული, ხოლო მეორე მხრივ, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული შეზღუდვების შემოღებისკენ. ვგეგმავთ, როგორც მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას, იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ, ასევე, გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ჩვენ ასევე, ვაპირებთ ავტობუსების პარკის განახლებას. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით ჩავანაცვლოთ. ვგეგმავთ, ავტობუსების სპეციალური ზოლების - ე.წ. ბასლეინების მოწყობასაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

მისივე თქმით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის დასუფთავების მანქანები სპეციალური გრაფიკით იმოძრავებენ, მოხდება მიკროავტობუსების გაჩერების წესის რეგულაცია და სადისტრიბუციო და სამშენებლო ტრანსპორტზე სპეციალური რეჟიმების განსაზღვრა.

დედაქალაქის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქალაქში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევასა და ამ მიმართულებით დაწესებული ჯარიმის გაზრდის საკითხსაც შეეხო.

მისი თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ. ამიტომ, ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს.

„თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

„თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

24 იანვარი 2018