თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დღეს დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რასაც კახა კალაძე შეეხო, ახალი წლის ღამეს დაგეგმილი კონცერტები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის უფასოდ მომსახურებაა.

მისი თქმით, საახალწლო კონცერტები დედაქალაქში სამ ლოკაციაზე გაიმართება, რომელზე დასწრების მსურველებსაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა 04:00 საათამდე შეეძლებათ.

„ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ მეტრო მგზავრების უფასოდ გადაყვანას უზრუნველყოფს. ასევე, მოსახლეობისთვის ავტობუსებით მომსახურება უფასო იქნება. ვისაც სურვილი აქვს გლდანში, ვარკეთილსა და ევროპის მოედანზე მობრძანდეს და კონცერტებს დაესწროს, ის უზრუნველყოფილი იქნება, როგორც მეტროთი, ასევე ავტობუსებით. ავტობუსებით უფასოდ გადაადგილება დილის 04:00 საათამდე იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შემდეგი საკითხი, რაზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, თბილისში იმ 14 ქუჩის გამოყოფაა, სადაც მიკროავტობუსები საპილოტე პროექტის ფარგლებში, გაჩერებას შეძლებენ.

„გამოიყოფა 14 ქუჩა, სადაც ყვითელ სამარშრუტო ტაქსებს ექნებათ შესაძლებლობა, მხოლოდ და მხოლოდ მოსაცდელებზე გააჩერონ. დღეს მიკროავტობუსები ნებისმიერ ადგილზე ჩერდებიან და მგზავრები, რომლებიც ჩამოდიან, ქუჩებზე გადარბიან. ეს ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რითაც საფრთხეს უქმნიან, როგორც საკუთარ თავს, ასევე მძღოლებსაც. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს და მოწესრიგდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურებს სთხოვა, აღნიშნული საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, კონკრეტულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახორციელონ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, კახა კალაძემ თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძესა და მერის მოადგილე მაია ბითაძეს სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების დაწყება დაავალა, რადგან მისი თქმით, დღის განმავლობაში, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, კონკრეტული საათები უნდა დაწესდეს.

„საცობების მოწესრიგება, რა თქმა უნდა, კომპლექსური პრობლემაა და ამას მასშტაბური მიდგომები სჭირდება, თუმცა ის კომპონენტები, რაც ნარჩენების გატანას, სამარშრუტო ტაქსების სწორ მოძრაობას, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებას ეხება, უნდა დარეგულირდეს, რაც ნაწილობრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც საცობებთან დაკავშირებით გვაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს სთხოვა, მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე, სავალდებულო სანებართვო პირობა განისაზღვროს, რაც გარემოსა და ქალაქის ქუჩების დაბინძურებისგან დაცვას უზრუნველყოფს.

მისი თქმით, სატვირთო ავტომანქანები სამშენებლო მოედნებზე შედიან, ხოლო გამოსვლისას, დედაქალაქის ქუჩებს აბინძურებენ.

„ამ მიმართულებით სრული კატასტროფა ხდება. ამიტომ, მინდა ვთხოვო ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურებს, დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და არც ერთი ნებართვა არ უნდა გაიცეს, სადაც არ იქნება მითითებული, რომ სატვირთო მანქანების ჩამორეცხვაა შესაძლებელი, რათა გამოსვლისას, ცენტრალურ ქუჩებზე ნაგავი არ გამოიტანონ. არსებულ მშენებლობებსაც დავავალოთ, რომ ასეთი ადგილები იქნას მოწყობილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია-გაშენებას არ გულისხმობს და გარემოს დაბინძურების მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება.

20 დეკემბერი 2017