თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს.

მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია, როგორც შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები.

„ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ეს იყო ღირსების საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დავიწყეთ, რათა ამ ადგილს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. გაკეთდება არა მხოლოდ შენობის კონსტრუქციული გამაგრება და მოწესრიგდება გარე ნაწილი, არამედ ჩვენ უზრუნველვყოფთ მისი შიდა ნაწილის ავთენტურ აღდგენას და ეს ადგილი გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება.

გამოჩენილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური  მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა,  ილიას დაბადებიდან 150-ე  წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე, კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა.

ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა  ილიას მიერ დაარსებული გაზეთ  "ივერიის" რედაქცია და სტამბა.

ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით  რჩეული საზოგადოება  იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. 

სამუზეუმო კომპლექსი გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს.

ჯავახიშვილის ქუჩა N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.

 

22 მაისი 2017