დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა. როგორც მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ზამთრის განმავლობაში იჭრება ხეები, რადგან გაზაფხულზე დაავადება აქტიურდება.

როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მეცნიერებისგან მიიღო წერილი, სადაც ისინი ხაზს უსვამენ აღნიშნულ პრობლემას ქალაქში.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამკაცრდეს ყურადღება ასევე კერძო ნაკვეთებში, სადაც არსებობს დაავადებული კორომები, მოხდეს მონიტორინგი არა მხოლოდ მუნიციპალურ ტერიტორიებზე, არამედ კერძო ნაკვეთებში. გასულ წელს დაგვეხმარა ცენტრალური მთავრობა და კარგია თუ წელსაც იქნება ამის შესაძლებლობა,“ - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

თბილისის მერმა 2016 წლის საშემოდგომო გამწვანების სეზონი შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო. 

„მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  თბილისის ზღვის მიმდებარედ და ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ზეთისხილის ბაღები გაშენდა. გარდა ამისა, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება.  ამ სეზონზე აქცენტი ავიღეთ მაღალი ხეების დარგვაზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანის საკითხს, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ გახარების მაღალი მაჩვენებელია. გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების  88%-მა გაიხარა და ჩანაცვლდა მხოლოდ 12%, ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

06 დეკემბერი 2016