თბილისი 2014-2016

თბილისის მერმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ საზოგადოებას 2014-16 წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ანგარიშში ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყო გამახვილებული, კერძოდ,  2014 წლიდან  2016 წლის საანგარიშო პერიოდში გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა  – 2,874 402 მ2 ფართზე, ჯამური ღირებულებით 85 119 000 ლარი, კაპიტალურად კი შეკეთდა 2,010 518 მ2  გზის საფარი,  დედაქალაქის მასშტაბით სულ 200-მდე ქუჩა. ასევე აიგო ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდებს.

მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“, რომლის ფარგლებშიც, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უკვე დასასრულს უახლოვდება.

ანგარიშის წარდგენისას თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზეც ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ჯამში  90 000 000 ლარი დაიხარჯა.

2014-16 წლებში თბილისში აშენდა 7 ახალი და აღდგა სამი საბავშვო ბაგა-ბაღი. როგორც მერმა აღნიშნა, 2016 წელს, ჯამში, 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება, ნაწილი დაწყებულია.  მომდევნო წლისთვის კი მზადდება 13 ახალი საბავშვო-ბაღის პროექტი და, შესაბამისად, სულ ქალაქს 30 ახალი ბაღი შეემატება.

დავით ნარმანიას თქმით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,  დასუფთავების მანქანების პარკის სრულად განახლება იგეგმება. თბილისს, ამ დროისათვის, 291 ერთეული სპეციალური ტექნიკა ემსახურება, აქედან 28 ერთეული „თბილსერვის ჯგუფმა“  2016 წელს შეიძინა. ამასთან, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ  ქალაქში პირველად მოეწყო ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების 2 ნაგავსაყრელი, რაც მანამდე არასდროს ყოფილა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, დედაქალაქის მოსახლეობას 2011 წლის ივლისიდან -  2013 წლის ივნისამდე დასუფთავების ტარიფის გადასახადის დავალიანება 2015 წლის 1 იანვრიდან ჩამოეწერათ,  ჯამში - 1 000 000 ლარამდე.

თბილისის მერმა, ასევე, ისაუბრა გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მოეწყო 82 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 343-ს. 2014-16 წლების განმავლობაში, დედაქალაქის მასშტაბით, დარგულია 560 000-მდე ხე-მცენარე. 75 მისამართზე განხორციელდა სარწყავი ქსელის რეაბილიტაცია.

სექტემბრის ბოლოდან თბილისში ეტაპობრივად ახალი,  ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე მომუშავე MAN-ის ავტობუსები შემოვა.  თბილისის მერია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ მხარდაჭერით, ავტოპარკს 2017 წლის თებერვლამდე 143 ერთეული „Man Truck and Bus AG“-ის ავტობუსით  განაახლებს.  გარდა ამისა, 2016 წლის ივლისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის -  მუნიციპალური ავტობუსების ავტობაზის მშენებლობა დაიწყო.

ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზეც. შესაბამისი სამსახური, ამ დროისათვის, 31 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას და აქედან 10 პროგრამის განხორციელება, მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, სწორედ, 2014-16 წლებში დაიწყო.

ანგარიშის ბოლოს დავით ნარმანიამ თბილისში ჩატარებულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ისაუბრა. საანგარიშო პერიოდში დედაქალაქმა 36 საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, ჩატარდა სახალხო დღესასწაულები და მასშტაბური ფესტივალები.

/img/original/2016/9/16/TBILISI_2014_2016.pdf

/img/original/2016/10/27/TBILISI_2014_2016_ENG_FORWEB.pdf

 

 

 

16 სექტემბერი 2016