„თბილისი - შეხვედრების ადგილი“

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საერთაშორისო ტურიზმის კონფერენცია "თბილისი - შეხვედრების ადგილი" გახსნა. კონფერენცია მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" დღეს გაიხსნა და მასში მონაწილეობა ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, დიპლომატიური კორპუსისა და თბილისის დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების - ლვოვის, მინსკის, ხარკოვის, ლუბლინის, ერევნისა და ასტანას წარმომადგენლებმა მიიღეს.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით.

„თბილისი ჩვენი რეგიონის ტურისტული ცენტრია, თუმცა რეგიონის ფარგლებს გაცდა. ძალიან დიდი აქტივობაა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხრიდან, სწორედ ამიტომაც იმართება დღევანდელი ღონისძიება, რაც გულისხმობს ჩვენი შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. კონფერენციის მონაწილეებიც, თავის მხრივ, აკეთებენ პრეზენტაციებს, ჩვენც ვეცნობით მათ პოტენციალს და შესაბამისად, ამით ჩვენი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წახალისება ხდება. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, იმისათვის, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და უფრო შორს გავიდეს ის მდიდარი მემკვიდრეობა, რაც ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ქალაქს გააჩნია“-განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს ტურიზმის მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ქალაქების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში ტურიზმის როლზე ისაუბრეს.

საერთაშორისო კონფერენციის გახსნამდე თბილისის მერმა მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან ერთად საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე გამოფენა დაათვალიერა, სადაც სხვადასხვა ქვეყნებისა და ქალაქების სტენდებია წარმოდგენილი. საკუთარი პროდუქცია შესთავაზეს დამთვალიერებელს კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც.ექსპოზიცია თბილისის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით გუშინ, 14 აპრილს გაიხსნა.

კონფერენცია სახელწოდებით „თბილისი - შეხვედრების ადგილი“, რომელიც „მე-18 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის" ფარგლებში მიმდინარეობს, დღეს დასრულდება, გამოფენა კი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ხვალამდე გაგრძელდება.

15 აპრილი 2016