სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ და შეცვლილი, გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ახალი წლის ღამეს, 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას 2016 წლის 6 იანვრის 23:00 საათიდან 2016 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. ამასთან, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - „რიყე-ნარიყალა“ 2015 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2016 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.
ამასთან, დღესვე, დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაავალა - უზრუნველყოს მერიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, გამსახურდიას #23ა-ში საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობის აღდგენა-გამაგრების, გაძლიერების, რეკონსტრუქციის, შიდა სარემონტო სამუშაოებისა და ეზოს კეთილმოწყობის ღონისძიებების პროექტის შესყიდვა და ამ პროექტის მიხედვით, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, რათა აღნიშნული ბაგა-ბაღი ექსპლუატაციაში რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს.
გამსახურდიას გამზირზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის გეგმას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ბაგა-ბაღის ყოფილ შენობას, რომლის ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც კერძო კომპანია „ელზურო“ მასშტაბურ მშენებლობას გეგმავდა, ადრინდელი ფუნქცია დაბრუნებოდა. თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება მოქალაქეებისა და კერძო კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო - შპს „ელზუროს“ გამსახურდიას გამზირის #23ა-ში მდებარე 3 461 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა გორგასლის 63-ში მდებარე 7 793 კვმ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. გამსახურდიას #23ა-ში კი, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ფუნქციონირებას განაახლებს საბავშვო ბაგა-ბაღი.
თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ გამგეობების მიერ წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ 2016 წელს დედაქალაქის განვითარების მიზნით, კიდევ უფრო ეფექტური ღონისძიებების განხორციელება იგეგმება. ამასთან, თბილისის მერმა წლის შემაჯამებელი ანგარიშების წარმოდგენა მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებსაც დაავალა.
-
თბილისის ვიცე-მერი კომპანია Zaha Hadid Architects-ის დირექტორს შეხვდა
-
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა
-
ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო








