დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. დავით ნარმანიას თქმით, შექმნილი აჟიოტაჟი არის სრულიად უსაფუძვლო და დედაქალაქის მთავრობა მუშაობს, რათა თბილისი კიდევ უფრო თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარდეს. რაც შეეხება მერიაში არსებულ ვაკანტურ ადგილებს, ძალიან მალე დაკომპლექტდება კვალიფიციური კადრებით. კონკურსი 3 თანამდებობაზე უკვე გამოცხადებულია, არსებულ, კიდევ რამდენიმე ვაკანტურ ადგილას კი, დედაქალაქის მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში მაღალი კვალიფიკაციის მქონე მენეჯერები დაინიშნებიან.

მთავრობის სხდომაზე განსახილველ თემებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის სუბსიდირების საკითხი იყო. დედაქალაქის მერიამ გაითვალისწინა მოწყვლადი ჯგუფების ინტერესები და ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია, 2015 წელს გაორმაგებული სუბსიდიის გარდა, ოქტომბერში დამატებით ელექტროენერგიის კორექტირებული ტარიფის სხვაობას მიიღებენ.

რაც შეეხება ყველა სხვა აბონენტს, მათ სუბსიდია  იგივე რაოდენობით დაერიცხებათ, როგორც ეს 2015 წლის იანვარ-მარტში განხორციელდა - თვეში 20 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან ქალაქის მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის,  რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 001-ს არ აღემატებოდა, კომუნალური სუბსიდია გაორმაგდა და 250 ლარის ნაცვლად 500 ლარი გახდა.

 

 

 

07 ოქტომბერი 2015