სასტუმრო „ტიფლის პალასში“ კონფერენცია „თბილისი Smart City - 2015” გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია, სასტუმრო „ტიფლის პალასში“ დაესწრო კონფერენციას სახელწოდებით „თბილისი Smart City – 2015”. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური   განვითარების  ფონდის“, პროექტის „თბილისის ტექნოლოგიური ქსელის“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე 15-მდე კომპანიამ მიიღო. კონფერენეციაზე Smart City კონცეფციის ფარგლებში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის, ენერგოეფეტურობის, ქალაქის მობილურობის, ღია მმართველობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 

ღონისძიება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას განცხადებით, მომდევნო წლის გაზაფხულზე  მზად იქნება სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ქალაქსა და ქალაქის მართვაში თანამედროვე ტექნოლოგიების და მიდგომების გამოყენებას ითვალისწინებს. თბილისის მერის თქმით,  ამ მიმართულებით, რამდენიმე პროექტი უკვე ინიცირებულია. 

„თბილისი, როგორც ჭკვიანი ქალაქი ნიშნავს, რომ ქალაქსა და ქალაქის მართვაში გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები. ჩვენ გერმანიაში გამოცხადებული ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში გავიმარჯვეთ და თბილისისთვის მზადდება თბილისის, როგორც ჭკვიანი მომავლის ქალაქის სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე. ის  გულისხმობს საზოგადოების ჩართულობის და მათი უკუკავშირისთვის   ელექტრონული სისტემების გამოყენებას, თანამედროვე ენერგოდამზოგავი გარეგანათების სისტემის დანერგვას დედაქალაქში, გულისხმობს თანამედროვე პარკირების სისტემაზე გადასვლასა და მრავალსართულიანი პარკინგების პროექტს, რომელიც ჩვენ ახლახანს დავიწყეთ. ასევე სხვა რამდენიმე პროექტი განხორციელდება,  რათა თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით უფრო გავამარტივოთ ადმინისტრირება ჩვენს დედაქალაქში და ცხოვრება უფრო მეტად მარტივი გახდეს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

თბილისი Smart City–ის ფარგლებში რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს იგეგმება. 

„რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია უკვე ოქტომბრის თვეში გვექნება, მათ შორის გახლავთ ბიზნეს ინკუბატორი ფაბლაბი,  საცობების აპლიკაცია,  ასევე QR ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონული წიგნების, ბანერების განთვსება იგულისხმება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ჩამოტვირთონ უფასო წიგნები,  მუნიციპალური ბიბლიოთეკების კატალოგები და მათი მისამართები. რაც შეეხება შედარებით მასშტაბურ პროექტებს, გახლავთ მწვანე ქუჩა და ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობა. ამ პროექტების ფარგლებში ჩვენ ვახდენთ პილოტირებას ეკოლოგიურად სუფთა ქუჩის, ასევე ენერგოეფექტური მუნიციპალური შენობის, რომელიც მომავალ წლებში უკვე გავრცელდება სხვა ქუჩებზე და მუნიციპალურ შენობებზე“,- განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა კახაბერ გვანცელაძემ. 

პროექტის ფარგლებში „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავდა ფონდის ვებ-გვერდთან ინტეგრირებული გვერდი, სადაც პროექტში ჩართულ კომპანიებს ერთმანეთში აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ.

 

25 სექტემბერი 2015