კონკურსის „ჩემი თბილისობა“ გამარჯვებული კონცეფცია გამოვლინდა

კონკურსი „თბილისობის“ დღესასწაულის საუკეთესო კონცეფციის გამოსავლენად დასრულდა. თბილისის მერმა გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში, 8 ხმით,  ნინო ლელაშვილის კონცეფციამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 4 ხმით, სტუდია 123-ის, ხოლო მესამე ადგილზე, 3 ხმით, პაატა ციკოლიას პროექტი გავიდა. საუკეთესო კონცეფციის ავტორს 14 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 9 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 7 000 ლარი გადაეცემა.

დაჯილდოვების ცერემონიალს დედაქალაქის მერი, მთავრობის წევრები და გამარჯვებული კონცეფციების ავტორები დაესწრნენ. დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თქმით, წელს კონკურსში საინტერესო მრავალფეროვანი იდეა შემოვიდა, აქედან საუკეთესოები იქნა შერჩეული კომისიის წევრების მიერ. დავით ნარმანიამ ასევე განაცხადა, რომ თბილისობა სახალხო დღესასწაულია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების დაგეგმვისას საზოგადოების მაღალი ჩართულობა.

კონკურსის გამარჯვებულის, ნინო ლელაშვილის თქმით კონცეფციაზე კონკრეტული ჯგუფი მუშაობდა რომელთათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათი იდეები ღონისძიების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნას.

კონკურსი „ჩემი თბილისობა“ 5 აგვისტოს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს განაცხადების შეტანა ქალაქ თბილისის მერიაში 18 აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ.   2 კვირის განმავლობაში ქ. თბილისის მერიაში 21 პროექტი შევიდა. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს, 3 საუკეთესო კონცეფცია გამოავლინა. აღნიშნული კონცეფციები გახდა საჯარო, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროექტებს და ონლაინ რეჟიმში ხმა მიეცათ სასურველი კონცეფციისთვის. გამარჯვებულის გამოვლენისას, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, „სტუდია 1 2 3“-ის კონცეფციას დაემატა ხალხის ერთი ხმა და პროექტმა მეორე ადგილი დაიკავა.

წელს „თბილისობა“ 17-18 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახური გამარჯვებულ სამ კონცეფციას გააერთიანებს და სწორედ ამ კონცეფციებში მოცემული იდეების საფუძველზე მოხდება დღესასწაულის შემადგენელი ღონისძიებების დაგეგმვა.

 

09 სექტემბერი 2015