თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის მერიაში დახმარებების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი წერილი შემოდის. ბოლო პერიოდში კი აღნიშნული თემით, კონკრეტული ტელევიზიებისა და ოპონენტების მხრიდან მანიპულირება ხდება.

„რა თქმა უნდა, არავინ ტრაბახობს იმით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ეს სატრაბახო ნამდვილად არ არის, მაგრამ ფაქტი უნდა იყოს წარმოდგენილი ისე, როგორც არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად შეჭირვებული ოჯახი იყოს ქვეყანაში, თუმცა ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ხდება ზოგადად, მსოფლიოში. გვაქვს სეიროზული გამოწვევები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყოველდღიური მუშაობით, საზოგადობის მხარდაჭერითა და თანადგომით, ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. ძალიან ბევრი წერილი შემოდის დამხარებებთან დაკავშირებით და თითოეული დაავადების ისტორიის, ფორმა 100-ის უკან დგას ადამიანების ცხოვრება, მათი წარსული და მისი ჯანმრთელი მომავლის უზრუნველყოფა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარში დავუდგეთ მათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პრობლემების მოგვარების პროცესში, ადამიანების სხვადასხვა ნიშნით დაყოფას ადგილი არასდროს ჰქონია.

„ერთი რამ უნდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ როგორც ქალაქის მერი, როგორც თბილისელებისგან არჩეული ადამიანი, ამ პრობლემების მოგავრებაში არასდროს დამიყვია ადამიანები პარტიული კუთვნილების, სქესის, კონფესიური კუთვნილების ან სხვა გარემოებების მიხედვით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველას გავუწიოთ მხარდაჭერა და თანადომა. ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ვარ ყველას მერი. ჩვენი თანამშრომლებიც ზუსტად ამ მიდგომითა და განწყობით არიან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული მდგომარეობა და ყოფა. თუ დახმარება იქნება საჭირო, ყველას დავეხმარებით, დაფინანსებაა საჭირო ჯანდაცვის მიმართულებით, მაქსიმალურად ყველას შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე სტატისტიკური მონაცემებიც წარადგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში, 400 000-მდე მოქალაქეს გაეწია დახმარება.

„ამ პროგრამების შორისაა სკრინინგის, აბილიტაციის, ძუძუს კიბოს, ტრანსპლანტაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, სათემო სერვისის, ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები; სატრანსპორტო შეღავათი და კომუნიკალური სუბსიდირება; სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდების საკურორტო მომსახურება, ბავშვების უფასო სწავლება; ინიციალიზაციის პროგრამა, სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების პროგრამა, დღის ცენტრების დაფინანსება, მუნიციპალური თავშესაფრის პროექტი, ვეტერანთა, სოციალურად დაუცველ ბავშვთა და ახალგაზრდათა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა პლატფორმაზე, რომლის ინიციატორი თბილისის მერიაა. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, იმ ადამიანების პროდუქტებით უზრუნველყოფა ხორციელდება, ვისაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდა.

„პანდემიის პირველი ტალღის დროს ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ. ვირუსის მეორე ტალღის დროს, მერიის მხრიდან განხორციელებული პროექტის საშუალებით, 18 000 ოჯახში მივიტანეთ პროდუქტები, ბიზნესის მხარდაჭრითა და თანადგომით კი დახმარება 4 200 ოჯახს გაეწია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკუთრების დაკანონებისა და კოოპერატიული მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ მერიის მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მერიამ დაახლოებით, 1 400-მდე პირს ათწლეულების განმავლობაში, საკუთრებაში არსებული ფართები დაუკანონა.

„მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვა დაკანონების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს. ესეც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც წლებია კონკრეტულ საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და მათი დაკანონება ვერ მოახერხეს. ჩემი მერობის პერიოდში, 1 400-მდე პირს კუთვნილი ფართები ერთ ლარად გადავეცით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ მიწა მიიტაცოს და შემდეგ მისი დაკანონება მოითხოვოს. ამას მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს პროგრამები, რითაც დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირს. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მიმართოს რაიონულ გამგეობებს და მიიღებს სრულ ინფორმაციას, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეძლოს კონკრეტული ფართის დაკანონება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების მიმართ გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„როდესაც ამირჩიეს და შევუდექით საქმიანობას, ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ. დაახლოებით, 3 000-მდე დაზარალებულ ოჯახს ჰქონდა ეს პრობლემა. სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ოჯახები წლების განმავლობაში, საკუთარ საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ, თუმცა მათ ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და დღეს, ფართებით უკვე დაკმაყოფილებული გვყავს 1 500-მდე ოჯახი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ინვესტორთან შეთანხმებით. ჩვენი სამსახურების ჩართულობით, ზედამხედველობას ვუწევთ, რომ ამ ადამიანების კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილება მოხდეს. დარჩენილ 1 500 ოჯახს კი ვაძლევ პირობას, რომ ეს პრობლემა მათაც მალე მოუგვარდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქში უკვე შესყიდული 100 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანით, ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება დასრულდება. თბილისის მერია კი დამატებით, 8-მეტრიან 180 ავტობუსს შეისყიდის.

თბილისის მერის თქმით, უახლოეს მომავალში ფასთა კვლევა ჩატარდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

„ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, ფაქტობრივად, დასრულებულია. ველოდებით 100 ერთეულ ავტობუსს, რომელიც უკვე შესყიდული გვაქვს და შემოვა. ეს არის BMC-ის მარკის, 12-მეტრიანი ავტობუსები. ამით არსებული, „ყვითელი ავტობუსები“ მთლიანად ჩანაცვლდება და დედაქალაქში არცერთი მათგანი აღარ იმოძრავებს. იქნება მხოლოდ 12-მეტრიანი, 10-მეტრიანი, 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები, თუმცა ამით ვერ მივაღწევთ იმას, რა შედეგიც საბოლოდ გვინდა. ჩვენ ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აუცილებლად იქნება ყველაზე კომფორტული და სწრაფი. ბევრი გვაკრიტიკებს, რომ კონკრეტული პროექტების განხორციელებისას პრიორიტეტული ხდება ავტობუსის ზოლების მოწყობა. რა თქმა უნდა, ამას თან ბევრი კვლევა ახლავს და ის ყველა ქუჩაზე ვერ მოეწყობა, თუმცა, სადაც აუცილებელია, იქ ავტობუსის ზოლები იქნება. ჩვენ დამატებით ახალი ავტობუსების შეძენა გვჭირდება. ვაპირებთ, 180 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას. უახლოებს მომავალში ფასთა კვლევა გამოცხადდება, შემდეგ კი - ტენდერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდეს.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს, რომლებიც მათ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას არ გაატარებენ, ტაქსის ნებართვა გაუუქმდებათ.

„თბილისის ტაქსის რეფორმის ფარგლებში დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, მომსახურების გაწევის ერთ-ერთ პირობას სატრანსპორტო საშუალების კანონის შესაბამისად სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება წარმოადგენს. ტექინსპექტირება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, ვისაც ლიცენზია აქვს და ეწევა ამ სერვისს. მინდა, ვაცნობო იმ პირებს, რომლებიც ამ მომსახურებას სწევენ, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა, ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებს პანდემიის პირობებში, მიეცათ შეღავათი ტექნიკური ინსპექტირების გარკვეული დროით გადავადების სახით, თუმცა ეს ვადა უკვე ამოწურულია.

„ჩვენ ამ პანდემიის პირობებში, მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო და ტექინსპექტირება გარკვეული დროით გადავადებულიყო, თუმცა, დღეს უკვე არის დრო, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებმა აუცილებლად გაიარონ ტექდათვალიერება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებისთვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება თბილისის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა.

„მინდა, ვიცე-მერს დავავალო კომუნიკაცია ტაქსის მძღოლებთან და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ არ იცოდა ან ვერ მოასწრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თანამშრომლებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„რამდენიმე დღის წინ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს, რაც ძალიან ცუდი ფაქტია. ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ და ამ კუთხით, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე დაგევალათ. იცით ჩემი დამოკიდებულება გადაცდომებთან დაკავშირებით. ამიტომ, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილით გავაკონტროლოთ თითოეული თანამშრომელი, რომ ვინმეს არ ჰქონდეს რაიმე გადაცდომა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილის დაკავების ფაქტზე, გამოძიებაა დაწყებული.

„მე აქ უდანაშაულობის პრეზუმფციას ვერ დავარღვევ. დაველოდოთ გამოძიებას და ის დაადგენს, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება თანამშრომლებში, რადგან კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სხვა მიმართულებით ფიქრი, კორუფციაში ჩართულობა და ა.შ. არავის არასდროს გავუტარებთ ამ მიდგომას. ყველას მაქსიმალურად, კანონის სიმკაცრით მოვთხოვთ პასუხს, რადგან კანონის წინაშე ყველანი თანასწორუფლებიანი და თანაბარი ვართ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა და ვაკის, კრწანისის, გლდანისა და დიდუბის რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ვაკის გამგებლობის კანდიდატი დავით კვინიკაძეა, რომელიც წლების განმავლობაში, აღნიშნული რაიონის გამგებლის მოადგილე იყო.

„ვაკის რაიონში გამგებელი იყო ნოდარ ტურძელაძე, რომელიც საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო. ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე დავით კვინიკაძის კანდიდატურას წარმოვადგენ, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში, ვაკის გამგებლის მოადგილე იყო. ხუთ წელზე მეტია დავითი ვაკის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა და ძალიან კარგად იცნობს ვაკის რაიონის საჭიროებებს. ის არის ეკონომისტი, ბიზნესისა და მართვის სპეციალისტი, ოქსფორდ ბრიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - საერთაშორისო ბიზნესის მაგისტრი. მას არ აკლია არანაირი გამოცდილება და ყველა პროცესში პირადად იყო ჩართული. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ღირსეულად ვუპასუხებთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ვაკის რაიონს აწუხებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კრწანისის რაიონის გამგებლად ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე, გლდანის რაიონის გამგეობას ხელმძღვანელობდა.

„ცვლილებები გვაქვს კრწანისის რაიონში. ლევან ჯაფარიძე, რომელიც აღნიშნულ რაიონს ხელმძღვანელობდა, ამჟამად, საკრებულოში საქმიანობს. კრწანისის გამგებლად მინდა წარვადგინო ბექა მიქაუტაძის კანდიდატურა, რომელიც აქამდე გლდანის რაიონის გამგებელი იყო. ის არის სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი სამსახურებრივი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო ინსტიტუტებში მუშაობის. ის არის ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტი და დარწმუნებული ვარ, კრწანისის რაიონში წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება გლდანს, აღნიშნულ რაიონს ლევან ნაროუშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე, გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

„გლდანის რაიონში მინდა წარვადგინო ლევან ნაროუშვილის კანდიდატურა - განათლებით ეკონომისტი, მენეჯმენტისა და ეკონომიკის მაგისტრი. ის დღემდე გლდანის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელიც გლდანის რაიონში დღემდე განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი ახალი თანამდებობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც გლდანის რაიონში არსებობს, ღირსეულად უპასუხოს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დიდუბის რაიონის გამგეობას ირმა ზავრადაშვილის ნაცვლად, ლევან ჯღარკავა უხელმძღვანელებს, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა, დიდუბის რაიონის გამგებლის პოზიციაზე წარმოგიდგინოთ ლევან ჯღარკავა, რომელიც აქამდე მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. მანამდე იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი. არის ძალიან ეფექტიანი მენეჯერი - სპეციალობით იურისტი და ეკონომისტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე, ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა შპს-ებში მუშაობის. ლევან ჯღარკავას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაიონი ბარდება, რომლის მცხოვრებლებს ახსოვთ წინა გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის საქმიანობა. მინდა, მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო. მჯერა, რომ ლევან ჯღარკავა აქაც წარმატებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყველა მათგანს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა, მოსახლეობასთან ყოველდღიურ რეჟიმში კომუნიკაცია, პროექტებში ჩართულობა და მათი მოსაზრებების მაქსიმალურად გათვალისწინება დაავალა.

კახა კალაძემ ქალაქში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში, კიშინიოვის N24-ში სპორტული მოედნები და სკვერი მოეწყო.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა-განახლება აქტიურად მიმდინარეობს, რაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და საპარკე კულტურის განვითარებას უწყობს ხელს.

„ლოტკინზე, კიშინიოვის ქუჩა N24-ში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. იცით ჩვენი დამოკიდებულება ახალ პარკებთან და სკვერებთან დაკავშირებით. ჩვენი პრიორიტეტია, ქალაქში რაც შეიძლება ბევრი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ. კარგია, რომ საპარკე კულტურა შემოდის და ახლა, მიუხედავად ზამთრისა, მსგავს სივრცეებში უამრავი ადამიანი სეირნობს, ასეირნებს ბავშვებს, ვარჯიშობს. მით უმეტეს, ამ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი. მიხარია, რომ ყველაფერს ვაკეთებთ არსებული პარკების რეაბილიტაციისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ ქალაქში, რომლითაც უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს.   ასევე, ეს ხელს უწყობს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ნაძალადევის რაიონში მოწყობილი რეკრეაციული სივრცის ფართობი დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია.

„რაც შეეხება აღნიშნულ სივრცეს, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა ქალაქში, რომელიც დაახლოებით, 6 000 კვადრატული მეტრია. მთლიანად მოხდა მისი განახლება ხე-მცენარეებით, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებით, ტრიბუნებით, ველობილიკით. ასევე, ბავშებისთვის მოეწყო ქვიშის მოედანი და დამონტაჟდა ატრაქციონები. გაკეთდა დასასვენებელი პავილიონი; მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, საპარკე ინფრასტრუქტურა; მოიხატა კედლები და შესრულდა გამწვანების სამუშაოები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

27 იანვარი 2021