თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

როგორც აღინიშნა, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი ოქტომბრიდან განახლდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სასწავლო პროცესი პირველი ოქტომბრიდან დაიწყება. საუბარი იყო, რომ 15 სექტემბრიდან დაწყებულიყო, თუმცა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, კოვიდ 19-თან ბრძოლაში, გვინდა თანმიმდევრული ვიყოთ. დღეს, საბჭოზე მსჯელობის შედეგად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესი სხვადასხვა დაწესებულებაში სხვადასხვა დროს განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, მოადგილე ილია ელოშვილს დაავალა, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, პროდუქტების დარიგების სოციალური პროექტი გაგრძელდეს.

„სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მინდა ჩემს მოადგილე ილია ელოშვილს დავავალო, 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე მოახდინოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა. მაქსიმალურად გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და უზრუნველყავით, რომ რაციონი, რაც ბაღის აღსაზრდელებს ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მიეღოთ, დაფასოებული პროდუქტის სახით, სახლში წაიღონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების უფროსებს და გამგებლებს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, ამავე რეჟიმში დატოვონ.

„მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, სამსახურების უფროსებს, გამგებლებს, რომ ადამიანებმა, რომლებიც დღემდე დისტანციურად მუშაობენ, კვლავ ამავე რეჟიმში იმუშაონ ისე, რომ საქმე არ გაფუჭდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებასა და დედაქალაქში სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის საკითხზეც ისაუბრა. აღინიშნა, რომ სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-დან 15 წუთამდე შემცირდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს და შესაბამისი დერეფნები მოეწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსზე, თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს, რომლებიც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ, გაჩერებებზე ლოდინი 30-40 წუთის განმავლობაში უწევთ, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს. ჩვენი რეფორმის მთავარი ამოცანაა, ინფრასტრუქტურასთან ერთად, ავტობუსების განახლება მოხდეს ისე, რომ მოქალაქეს ავტობუსით სარგებლობის შესაძლებლობა 7-დან 15 წუთის განმავლობაში ჰქონდეს. სწორედ ამ მიზნით, ავტობუსების შემოყვანის პროცესი გრძელდება - შესყიდული გვაქვს 12-მეტრიანი ავტობუსები და მომავალ წელს უკვე იგეგმება 18-მეტრიანი ახალი ავტობუსების შემოყვანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალური განხილვის მიზნით, საჯარო შეხვედრას გამართავს, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას.

„ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკის საკითხებში ჩართული არიან უცხოელი და ქართველი სპეციალისტები, ექსპერტები და მათ მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის. ამ ეტაპზე, გადავდივართ სატრანსპორტო დერეფნების საკითხის დეტალურ განხილვაზე და რამდენიმე ქუჩაზე უკვე ზუსტი მოდელირება და სატრანსპორტო სქემები გვაქვს შედგენილი. მომდევნო დღეების განმავლობაში, გვექნება პრეზენტაცია, სადაც გვეყოლება მოწვეული სტუმრები, იქნება მსჯელობა, რომელშიც ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები ჩაერთვებიან და საზოგადოებასაც სრულ ინფორმაციას მივაწვდით. პირველი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა, იყო ჭავჭავაძის გამზირი, სადაც მოეწყო შესაბამისი საავტობუსე ზოლები, მთლიანად შეიცვალა სატრანსპორტო პოლიტიკა და ეს არ იქნება ერთადერთი. საგზაო მონიშვნების დახაზვის სამუშაოებს აუცილებლად გავაგრძელებთ, რომ არსებულ გზებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად შევძლოთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე, „ჭკვიანი შუქნიშნების“ შესყიდვაა. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და უახლოეს მომავალში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.

გარდა ამისა, თბილისის მერმა მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, გლდანის მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის საპროექტო სამუშაოები დღესვე დაიწყოს.

კახა კალაძის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლაც უნდა მოხდეს, რათა საზოგადოება სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდეს.

„ჭარბ ნალექს რაც შეეხება, მართლაც საოცარი მდგომარეობა იყო. ალბათ, ბევრმა ნახა ვიდეოკადრები, თუ რა ხდებოდა იმ დღეს გლდანში. მე როგორც წავიკითხე გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემები, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 5-ჯერ დაფიქსირდა ასეთი უხვი ნალექი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მინდა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დავავალო, რომ აუცილებლად დაიწყოს მოკვლევა, როგორც შესრულებულ სამუშაოებზე, ასევე საპროექტო დოკუმენტაციაზე, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის სხდომაზე წარადგინა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე არსებული ცხაურები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა ამოვსებული. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა, რომელიც წყალუხვობით იყო გამოწვეული, აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რისთვისაც შესაძლოა, უფრო დიდი ცხაურების დამონტაჟება გახდეს საჭირო.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ ძლიერი წვიმის დროს, ორივე ცენტრალურ ქუჩაზე წყალი მიკრორაიონებიდან ჩამოედინება, რადგან იქ სანიაღვრე სისტემა არ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა, გვაქვს სერიოზული პრობლემა თვითონ მიკრორაიონებში, ამსვლელ-ჩამომსვლელ გზებზე, სადაც არანაირი სანიაღვრე სისტემა არ არსებობს - თუ არსებობს, არის მოძველებული, ან გამტარუნარიანობა ძალიან დაბალია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დღესვე დაიწყოთ დაპროექტება და სამუშაოების ეტაპობრივად განხორციელება. წარმოიდგინეთ, ამ ქუჩებზე სანიაღვრე სისტემა არ არსებობს და ის ნალექი, რაც იმ დღეს მოდიოდა, პირდაპირ მოდის ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე. მე არ ვსაუბრობ ეზოებზე, სადაც ზოგადად, სრული კატასტროფა გვაქვს. მინდა, დავავალო გამგეობასაც - ყველა პროექტში, რომლის განხორციელებასაც დაიწყებთ, აუცილებელია, სანიაღვრე სისტემების მოწყობა-მოწესრიგება, რათა ეზოებში მოქალაქეებს ეს მდგომარეობა არ ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, სწრაფად უნდა დაიწყოთ მოკვლევა და ნახოთ ორივე ცენტრალური ქუჩის არსებული მდგომარეობა, სად არის დაზიანება ამ კონკრეტული ლოკაციის გარდა და მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა. პარალელურად, მოკვლევას ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურიც დაიწყებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ძლიერი წვიმის შედეგად, ვეკუა-ხიზანიშვილის ახლადრეაბილიტირებული ქუჩების დაზიანების მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანისგანაც მოისმინა.

მერის მოადგილის განმარტებით, პირველადი მონაცემებით, აღნიშნულ ქუჩებზე დაზიანება ჭარბი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვამ გამოიწვია.

„როგორც იცით, ახლახანს დასრულდა ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მიმდინარეობდა დაექსპერტებული პროექტის მიხედვით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე რაიონში პრობლემა შექმნა, მათ შორის, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე. უხვი ნალექის შედეგად, სანიაღვრე ქსელების გადავსება-შეტბორვა მოხდა, რაც პირველადი მონაცემებით, ამ დაზიანების გამომწვევი მიზეზია. იმ წუთის მომენტიდანვე, მერიის შესაბამისი სამსახურები 24-საათინ რეჟიმში მუშაობენ, რათა უახლოეს საათებში გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა და მოძრაობის გახსნა მოხდეს. მსგავსი სახის პრობლემა შეინიშნება რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ინტენსიურ დაკვირვებებს ვაწარმოებთ. საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური ჩარევა იქაც შეიძლება მოგვიწიოს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მომავალი კვირიდან ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. დედაქალაქის მერის განცხადებით, პროექტი სხვადასხვა შეხვედრის, კვლევისა და რეკომენდაციის საფუძველზე დამუშავდა. მისი განხორციელების შედეგად, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

„გასული წელი ვაკის პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოებს დავუთმეთ. ასევე, შევხვდით დაინტერესებულ პირებს, ჩავატარეთ სახელოვნებათმცოდნეო და დენდროლოგიური კვლევები, რომელთა რეკომენდაციების საფუძველზეც, ბრიტანულმა კომპანიამ - „სიბიეს სტუდიოზ“ პარკის ფუნქციური ზონირების პროექტი დაამუშავა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაკის პარკის ცენტრალური ნაწილი შესულია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში, არ შეგვიცვლია პარკის ისტორიული გეგმარება. პირიქით, რაც შემდგომ უხეში ჩარევების შედეგად დაემატა, იმასაც პირვანდელ მდგომარეობასთან შესაბამისობაში მოვიყვანთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, სანიაღვრე სისტემა, განახლდება მწვანე საფარი და საპარკე ინფრასტრუქტურა, პარალელურად კი, შადრევნების კასკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

„როგორც იცით, პარალელურად, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის პროექტირება მიმდინარეობს. რის შემდეგაც, მის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერს გამოვაცხადებთ. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება. გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, თუმცა, ყველაფერს ისე დავგეგმავთ, რომ მოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შევუქმნათ. გპირდებით, თბილისელებისთვის ვაკის პარკიც საამაყო პროექტი იქნება, ისევე როგორც „მზიურის“, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკი, ასევე, გლდანის მე-6 მიკრორაიონში არსებული რეკრეაციული სივრცე“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერის განმარტებით, მსგავსი ფართომასშტაბიანი რეაბილიტაცია პირველად განხორციელდება და რაც მთავარია, ვაკის პარკისა და კასკადის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდება.

26 აგვისტო 2020