დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას დიდგორობა მოულოცა.
როგორც მან აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა.
„ქვეყნის ისტორიაში არსებობს თარიღი, რომელიც მთლიანად გადასწონის ყველა განვლილ განსაცდელს, სირთულეს, ტრაგედიას. სწორედ ასეთი თარიღია 12 აგვისტო. დღეს დიდგორობაა და მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი პატარა ერის სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე - „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მოემსახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მეტროსადგურების რეაბილიტაციის მიმართულებით. დაახლოებით, 40-50 წელია, ანუ დღიდან მათი გახსნისა, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მეტროსადგურებს არ ჩატარებია. შეიძლება, კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ მასშტაბური კაპიტალური სამუშაოები არ განხორციელებულა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „ავლაბრის“ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
„დაწყებულია სამუშაოები მეტროსადგურებზე: „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“. მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ უკვე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც, სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე, გარემონტდება მეტროს გარე ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები. რაც შეეხება მეტროსადგურ „ვარკეთილსა“ და „ავლაბარს“, გაფორმებულია ხელშეკრულებები სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირებაზე. კონტრაქტორმა კომპანიებმა სადგურების განახლებული იერსახის წინასწარი ესკიზები უკვე წარმოადგინეს. ორივე სადგურზე დეტალური პროექტირება მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ გამოცხადდება ტენდერები აღნიშნული სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ათი მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.
„ამ სამუშაოების პარალელურად, ჩვენ გვქონდა აქტიური მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაცია/განახლება განხორციელდება. ესენია: „გურამიშვილი“, „სადგურის მოედანი“, „სარაჯიშვილი“, „მარჯანიშვილი“, „თავისუფლების მოედანი“, „300 არაგველი“, „რუსთაველი“, „ისანი“, „წერეთლის გამზირი“ და „ნაძალადევი“. ამდენად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკი გამოგვიყოფს თანხებს, რომლითაც ჩავატარებთ ამ მეტროსადგურების კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს. იცით, რომ აღნიშნული მეტროსადგურების მდგომარეობა არ არის სახარბიელო და საჭიროებს რეაბილიტაციას. მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კონკრეტულად კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე უკვე გვექნება პროექტები და შევძლებთ, უშუალოდ სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადებას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ვმუშაობთ ყველა მიმართულებით: ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავტობუსების განახლების პროექტი, ასევე, მიკროავტობუსებზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი, რათა მოხდეს მათი ჩანაცვლება-განახლება და წლის ბოლომდე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლებული იქნება. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით: ვაპირებთ, კიდევ ჩამოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე შეძლოს მგზავრების გადაყვანა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა შესაძლებლობას იძლევა, რომ გზებზე საცობების რაოდენობა შემცირდეს, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები.
„როდესაც თბილისის მოსახლეობამ აგვირჩია, ვთქვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული, სწრაფი და კომფორტული. ამიტომ, ყველა მიმართულებით ვმუშაობთ და ის პროექტები, რომელიც დაწყებულია, ერთმანეთის პარალელურად ხორციელდება. მდგრადი და განგრძობადი სატრანსპორტო შედეგების მისაღებად, თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი - შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება. „ჭკვიანი“ შუქნიშნების სინქრონიზებული მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ გზებზე საცობების რაოდენობა, ასევე, შეუფერხებლად გადაადგილდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო მომსახურების ავტომობილები. ამ მიმართულებით გერმანიის მთავრობა გვეხმარება. პროექტის შემუშავებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებაში ჩართულია მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გერმანული კომპანია „გოპა“. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ შუქნიშნებზე, კამერებსა და კონტროლერებზე გამოცხადებული გვაქვს შესყიდვა და გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემის დანერგვა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ სხვა პროექტებთან ერთად, თბილისს საცობების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.
„ჭკვიანი“ შუქნიშნების სისტემა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პრობლემები, რომლებიც ქალაქში გვაქვს საცობებთან დაკავშირებით, ნაწილობრივ განიტვირთოს. რა თქმა უნდა, სრულად განტვირთვის შესაძლებლობას მხოლოდ შუქნიშნები ვერ მოგვცემს, მაგრამ მთლიანობაში ის რეფორმები, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში, შედეგს გამოიღებს. ეს პროექტები ყველა დიდ ქალაქშია განხორციელებული, სადაც საცობების თვალსაზრისით, ანალოგიური პრობლემები არსებობდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევის შესახებაც ისაუბრა, რომლის ჩატარების მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო.
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. ესაა კვლევა, რომელიც მანამდე არასდროს გაკეთებულა და მისი ჩატარება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი მიზანი თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონების განსაზღვრა იყო. იცით, რომ თბილისის ზღვის ირგვლივ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებაა. შესაბამისად, სანიტარიული ზონების განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დედაქალაქის მესამედი სასმელი წყლით სწორედ თბილისის ზღვით მარაგდება. კვლევის შედეგად, დადგინდა ზღვის სანიტარიული დაცვის არეალები და ზუსტი კოორდინატებით აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც წყლის დაბინძურებას გამოიწვევს, მათ შორისა, მშენებლობა, წყალარინების სისტემის თვითნებურად დაერთებები, რისი შემთხვევებიც, სამწუხაროდ, გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული სამართლებრივი აქტის პროექტი დასამტკიცებლად დედაქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება, დამტკიცების შემდეგ კი შეზღუდვები სავალდებულო გახდება ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს.
„დედაქალაქის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს კერძო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელთან შეთანხმებითაც, სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადდა, რომელიც საკრებულოს გადაეგზავნება დასამტკიცებლად და აღნიშნული შეზღუდვები უკვე გახდება სავალდებულო ყველასთვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარედ რაიმე აქტივობის განხორციელებას დაგეგმავს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მსგავსი რეგულაცია თბილისს არასდროს ჰქონია, თბილისის ზღვაზე ქაოტურად ხდებოდა განაშენიანებაც და გარკვეული პროექტების განხორციელებაც, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და დაბინძურებაც ხდებოდა. ჩვენი ეს ინიციატივა, მიმართულია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებს.
მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე უკვე მოქმედებს, 10 სექტემბრიდან კი პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ანალოგიური სისტემა შევა ძალაში.
„პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. ასევე, დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეცაა განთავსებული. ან აპლიკაციის მეშვეობით, ძალიან მარტივად შეიძლება მისი ჩამოტვირთვა, იხილავთ, როგორ ფუნქციონირებს ზონალურ-საათობრივი პარკირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ავტომობილები საცხოვრებელი ზონების მიხედვით უნდა დაარეგისტრიროს იმისთვის, რომ პარკირების სისტემით უფასოდ ისარგებლონ.
„პარკირების საფასური ელექტრომობილების მფლობელებისა და შშმ პირებისთვისაც უფასო იქნება. სტუმრად მისული ადამიანები კი თანხას გადაიხდიან. ყველა რაიონში ანალოგიური მიდგომა იქნება, მაგრამ რაიონების, უბნებისა და ქუჩების მიხედვით, განსხვავებული ტარიფი დაწესდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, რამდენიმე გამზირსა და ქუჩას მოიცავს.
-
ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა
-
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
-
ანდრია ბასილაია პროექტის - „თბილისში მდგრადი ურბანული მობილობა“ ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენას ესწრება