დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება

საბურთალოს რაიონში, დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. გამაგრებითი სამუშაოების გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის მერიის შუამდგომლობით, თბილისის საკრებულომ მიიღო.

დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე არსებული ვითარება, საბურთალოს რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებამ  ექსპერტთა ჯგუფთან ერთად შეისწავლა. საექსპერტო დასკვნით დადგინდა, რომ მდგომარეობა ფორს-მაჟორულია და დაუყოვნებლივ საჭიროებს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას. ექსპერტიზამ ასევე საჭიროდ მიიჩნია, იმავე ქუჩაზე ორი ახლახანს დაზიანებული  გზის, 48 გრძივი მეტრი მონაკვეთის, გასამაგრებლად  ბეტონის კონსტრუქციის კედლების აშენებაც.

დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის თხოვნით, გამგეობას ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა.

13 ოქტომბერი 2014