თბილისურ ეზოში გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისურ ეზოში, ინგოროყვას №4-ში, რეჟისორ გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.  „დანელიადა“ - გიორგი დანელიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ გახსნა.   სოფიო ხუნწარიას თქმით, პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში, წელს კონცერტი კიდევ სამ ლოკაციაზე გაიმართება.

„მეოთხე წელია, რაც თბილისი მასპინძლობს „თბილისურ ეზოებს“ და წელს პირველი მისამართი არის ინგოროყვას №4-ში არსებული თბილისური ეზო, სადაც დღეს გია დანელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. დანელიას ეზო გია ყანჩელის მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. ნიკოლოზ რაჭველი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ასრულებდა  ყველა იმ არაჩვეულებრივ  მელოდიას, რომელიც მის ყველა ფილმშია გამოყენებული. ლევან გაბრიაძე - რეზო გაბრიაძის ვაჟი იყო დღევანდელი საღამოს მთხრობელი, რომელიც თავად თამაშობს ფილმში „ქინძაძა“. ზოგადად, ქინძაძა იყო დღევანდელი ეზოს ინსპირაციაც. „თბილისური ეზოს“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ ასეთ ეზოში ჩვენ ვეცნობით ახალ ისტორიებს, მეზობლების ისტორიებს, ვეზიარებით არქიტექტურულ შედევრებს და ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამო პროექტი ძალიან დასამახსოვრებელია“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

„დანელიადა“ დედაქალაქის მერიისა და კომპანია „არტარეას“  ორგანიზებითა გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი შემადგენლობა ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტი“, სოლისტები - გიორგი ცაგარელი, ნიკოლოზ მაჩაიძე და  ნატალია ბერიძე.

უკვე მეოთხე წელია, პროექტ „თბილისური ეზოს“ ფარგლებში, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები და  ხელოვნების ცნობილი ქართველი მოღვაწეების  შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამოები თბილისის ულამაზეს ეზოებში ტარდება. 

03 ივნისი 2019