თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ტაქსების 1 500-მდე მფლობელს ფერის შეცვლისა და ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერების მიღების ვადა გაუხანგრძლივდება. მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, პირველიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას - taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ.

„ტაქსების რეფორმა, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, სატრანსპორტო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რეფორმის პარალელურად, რა თქმა უნდა, ტაქსების მფლობელებთან მჭიდრო კომუნიკაციას განვაგრძობთ. სპეციალურ საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც მძღოლების მიერაა შექმნილი, საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დასახელებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის ვადაში, უფლებამოსილი არიან, შესაბამის კომპანიას მიმართონ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე, ქიმწმენდის ვაუჩერები აიღონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კომუნიკაციის ფარგლებში, გამოიკვეთა, რომ არსებობს ტაქსის მფლობელთა გარკვეული ჯგუფი, რომლებმაც ორი კვირის ვადაში სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამის კომპანიას ვაუჩერის მისაღებად არ მიმართეს.

„საუბარია დაახლოებით, ნებართვის მფლობელ 1 500-მდე ტაქსზე, რომლებსაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ეკუთვნოდათ ვაუჩერები, თუმცა იმის გამო, რომ ორკვირიან ვადაში შესაბამის კომპანიას ვერ მიმართეს, ვაუჩერის გარეშე დარჩნენ. გვქონდა შეხვედრა საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ვაუჩერის მიღების ვადა გავუხანგრძლივოთ. ამ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით, შესაბამის კომპანიას taxi.tbilisi.gov.ge-ზე მითითებულ ნებისმიერ მისამართზე მიმართონ და როგორც ფერის შეცვლის, ასევე, ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი მიიღონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გასულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ.

მისი განმარტებით, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, 2018 წელს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე, ვიცე-მერმა, ხელფასები მოიმატეს. დაახლოებით, საუბარი იყო 113 და 119%-ით მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. განმარტებას არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ თბილისის მოსახლეობისთვის ვაკეთებ, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრეც მაქვს ამ საკითხზე განმარტებები გაკეთებული, კიდევ ერთხელ განვმარტავ. რეალურად მოგიყვებით იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც ამ ტყუილს ქმნიან. საჯარო სამსახურის რეფორმა 2017 წელს განხორციელდა და ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მანამდე ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, რაც თანამდებობრივი სარგოა. ასევე, იღებდნენ დანამატს და პრემიებს. ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო და ძალაში შესულმა კანონმა დაარეგულირა. ამის შემდეგ თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და თანამდებობრივი სარგო, ანუ ხელფასი დაერქვა. პარალელურად, თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემა აიკრძალა. ჩემი ვერცერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, საბაგირო გზების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია დედაქალაქში ახალი საბაგირო გზების ამოქმედების შესაძლებლობას სამი მიმართულებით განიხილავს. კერძოდ, განიხილება საბაგირო ტრანსპორტის „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთის“ მიმართულებით განვითარება.

თბილისის მერის თქმით, ახალი საბაგირო გზების განვითარების მიმართულებით, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას, დაახლოებით, 750 000 ლარი და ხუთი თვე სჭირდება.

„საბაგიროების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ამ თემაზე ჩვენ რამდენიმე თვის წინ მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, როდესაც გაიცა დავალება იმ კონკრეტული არეალების გამოყოფასთან დაკავშირებით, სადაც საბაგიროების პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის სამი საინტერესო მიმართულება - „სამგორი-ვაზისუბანი“, „ახმეტელი-თემქა“ და „სამება-მახათას მთა“. შესაბამისად, ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დასაბუთების მომზადება გვჭირდება, რომლის შემდეგაც უკვე სრული სურათი გვექნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტრანსპორტის აღნიშნული სახეობით, ძალიან ბევრი მოქალაქე სარგებლობს.

„პრიორიტეტების მიხედვით დალაგდება, რომელია ყველაზე საინტერესო მიმართულება ჩამოთვლილ მიმართულებებს შორის და უკვე ხუთი თვის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი იქნება ის პირველი პროექტი, რომელსაც დედაქალაქში განვახორციელებთ. საბაგირო გზები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან ერთად, პროფესიული გადამზადების მასშტაბურ პროგრამას - „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს. აღნიშნული პროექტი გასულ წელსაც განხორციელდა.

„ქვეყანაში და თბილისშიც ყველაზე დიდ პრობლემას დასაქმება წარმოადგენს. შესაბამისად, პროექტი, რომელსაც „ისწავლე და დასაქმდი“ ჰქვია, გასულ წელს განვახორციელეთ და ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა - ეს არის ახალგაზრდების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების თვალსაზრისით. გვაქვს სრული ინფორმაცია, თუ რაზეა მოთხოვნა ბიზნესის მხრიდან და სად არიან საჭირო პროფესიონალი, გადამზადებული და კვალიფიციური ადამიანები. აღნიშნულ პროექტს წელსაც ვიწყებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდებს მივცეთ შესაძლებლობა, გადამზადების შემდეგ, ბიზნესში, კერძო ან საჯარო სექტორში დასაქმდნენ. ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში მონაწილე ადამიანები უფრო პროფესიონალები გახდნენ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. სასწავლო კურსი სამი თვე გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია 24 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

„მინდა მივმართო ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ რეგისტრაცია 24 აპრილიდან იწყება და 7 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამასთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება მერიის ვებგვერდზე არის შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი დაინტერესდება, გადავამზადებთ და მათგან ბევრი დასაქმდება. წარმატებებს ვუსურვებ ყველა ახალგაზრდას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას ინფორმაციით, პროფესიული გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, 1 000-მდე ადამიანი გადამზადდა, მათგან 80% კი დასაქმდა.

ამასთან, კახა კალაძემ შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს და განსაკუთრებით, პროექტის სულისჩამდგმელ ლეილა შარაძეს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ერთი წლის წინ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ეკოსერვის ჯგუფი“ შეექმნათ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი დედაქალაქის გამწვანებაზე ზრუნვა იყო.

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობა და ახალი სივრცეების შექმნა; თუ რამდენად მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დედაქალაქის მთავრობისთვის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება. რა თქმა უნდა, ეს ბევრი კომპონენტისგან შედგება. თუმცა, არსებულის მოვლა-პატრონობა, ახლის შექმნა ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ და ახლაც ვახორციელებთ. რაც შეეხება „ეკოსერვისს“, ეს არიან ადამიანები, რომლებიც შემიძლია ვთქვა, ყოველდღიურ რეჟიმში, დაუღალავად შრომობენ, რათა ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე მწვანე, სუფთა და მოწესრიგებული. ალბათ, შეგიმჩნევიათ ქალაქის უბნებში მწვანე ფორმებში ჩაცმული სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც მთელი არსებით არიან ჩართული თავიანთ საქმიანობაში, რათა ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამწვანებული, სუფთა. მინდა, ყველა ამ ადამიანს, თითოეულ მათგანს, უღრმესი მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით, ქალბატონ ლეილა შარაძეს, რომელიც ამ პროექტის სულისჩამდგმელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ „ეკოსერვის ჯგუფს“ წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათ კიდევ არაერთი პროექტი აქვთ განსახორციელებელი. კერძოდ, იგეგმება ახალი სკვერების მოწყობა და ასევე, არსებული პარკების რეაბილიტაცია.

დედაქალაქის მერმა ყურადღება ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტზეც გაამახვილა, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მეტროს 50-ე შახტია, რომელიც მეტროს გამნიავებლის ფუნქციას ასრულებს. შახტის ადგილმდებარეობის გამო, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.

„ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე არის მეტროს 50-ე შახტი, რომელიც მოსაწესრიგებელია. ტერიტორია რკინის ჯებირებით არის შემოღობილი და ავტომობილებს გავლა უჭირთ, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებაა შეუძლებელია. ჩემი თხოვნაა, საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ პროექტის განსახორციელებლად, რომლის ღირებულება დაახლოებით, მილიონ ლარზე მეტია, თანხა გამოყოფილია. ისე გავაკეთოთ, რომ სატრანსპორტო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება პრობლემა არ იყოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი საბურთალოს მოსახლეობას და ყველას, ვინც აღნიშნული გზით სარგებლობს, პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მას მოსახლეობა სოციალური ქსელების მეშვეობითაც სთხოვდა.  

24 აპრილი 2019