დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები თბილისის მერიამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები, სულ 31 ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერიას მიმართა, ყველა უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და საკვებით. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან პირადი ნივთები, უსაფრთხოების წესების დაცვით, სულ 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა.

„ამ დროისთვის, დაზარალებულებიდან ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. ასეთი სულ 27 ადამიანია. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

17 იანვარი 2019