თბილისის მერის მოადგილეებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე საშობაო ალილოს მერის მოადგილეებთან, სოფიო ხუნწარიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეუერთდა. მერის მოადგილეებმა ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და დღესასწაული მიულოცეს.

„დღეს, შობასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განაგრძობს საშობაო ალილოში მონაწილეობის ტრადიციას და საჩუქრებს გადავცემთ ალილოს მონაწილეებს. თბილისის მერიის სახელით, ვულოცავ სრულიად საქართველოს შობის დღესასწაულს. ვისურვებდი, რომ 2019 წელი თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყოს სიხარულის და კეთილდღეობის მომტანი. მომავალ წელს ჩვენ კიდევ უფრო დიდ წარმატებებზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირის, თბილისის საკრებულოს, საპატრიარქოსა და პრეზიდენტის სასახლის გავლის შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

07 იანვარი 2019