კახა კალაძე სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და ნომინაციაში - „საუკეთესო მენეჯერი“ გამარჯვებულ ლევან კობიაშვილს ჯილდო გადასცა.

კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიულოცა და ქართული სპორტის ბოლო პერიოდის წარმატებაში სახელმწიფოს როლს გაუსვა ხაზი.

„მინდა მივულოცო ლევანს და წარმატებები ვუსურვო. ნამდვილად სასიამოვნო იყო ეროვნული ნაკრების წარმატებული თამაშები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება ბევრი სიხარული. აქ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები იმყოფებიან და ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დედაქალაქის მთავრობის სახელით. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, 2019 წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის წარმატების მომტანი. იყავით დარწმუნებულები, რომ ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით და მხარს დავუჭერთ სპორტის განვითარებას და ამის გარანტი არის ის პროექტები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, შედეგიც სახეზე გვაქვს და ეს წარმატება შემთხვევით არ მოსულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცერემონიაზე 14 ნომინაცია და 10 სპეციალური პრიზი იყო წარმოდგენილი.

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა, ხოლო 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დასახელდა.

წლის საუკეთესო სპორტსმენს ჯილდო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადასცა.

ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

26 დეკემბერი 2018