თბილისს ISO37120:2014 სტანდარტის შესაბამისი პლატინის სერტიფიკატი გადაეცა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს ორგანიზაციის -„მსოფლიო საბჭო საქალაქო მონაცემების შესახებ“ (World Council on City Data ) მიერ ISO37120:2014 სტანდარტის შესაბამისი პლატინის სერტიფიკატი გადაეცა.

„მსოფლიო საბჭო საქალაქო მონაცემების შესახებ“ (World Council on City Data) საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია მის შემადგენლობაში შემავალი წევრი ქალაქების შესახებ საქალაქო ინდიკატორების მიხედვით ინფორმაციის შეგროვება და არსებული ინდიკატორების შესაბამისად ქალაქების სერტიფიცირება ISO37120:2014 სტანდარტით.

პლატინის სერტიფიკატი დედაქალაქმა სხვადასხვა კატეგორიაში მაქსიმალურად სრულყოფილი ინფორმაციის წარმოდგენის შედეგად მოიპოვა.

ISO37120:2014 სტანდარტის მოსაპოვებლად „მსოფლიო საბჭო საქალაქო მონაცემების შესახებ“ ინფორმაციას 17 კატეგორიაში, კერძოდ, ეკონომიკის, განათლების, ენერგორესურსების, გარემოს, ფინანსების, სახანძრო და სამაშველო დახმარების, მმართველობის, ჯანდაცვის, რეკრეაციის, უსაფრთხოების, თავშესაფრის, ნარჩენების მართვის, ტელეკომუნიკაციებისა და ინოვაციების, ტრანსპორტის, ურბანული დაგეგმარების, ნარჩენი წყლების, წყლისა და სანიტარიის შესახებ აგროვებს. შეგროვებული ინდიკატორების მიხედვით ქალაქები ჯგუფდება ხუთ კატეგორიად და მიენიჭება შესაბამისი სტატუსი: სასურველი, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო და პლატინა.

ქალაქ თბილისის შესახებ არსებული ინფორმაცია და ინდიკატორები უკვე განთავსდა ორგანიზაციის - „მსოფლიო საბჭო საქალაქო მონაცემების შესახებ“ ვებგვერდზე http://www.dataforcities.org/ რაც ხელს შეუწყობს დედაქალაქის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე, გარდა ამისა, ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდება თბილისის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია და შეეძლებათ შეადარონ ისეთი ქალაქების მონაცემებს, როგორიცაა ლონდონი, ბარსელონა, ამსტერდამი, ლოს ანჯელესი, დუბაი და სხვა.

04 ივნისი 2018