ნაძალადევში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩა N1-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.  

საბავშვო ბაღში 11 ჯგუფი შეიქმნა, მთლიანობაში კი, ბაღი 400-მდე ბავშვის  სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს. შენობა და მიმდებარე ტერიტორია  ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. ბაგა-ბაღის ეზოში განთავსებულია  რამდენიმე სათამაშო და გასართობი მოედანი. 

„დღეს დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი,  რიგით მეშვიდე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ  მშენებლობას. თბილისს კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ საბავშვო ბაღს ვაჩუქებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ბაღი ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი, ამ დრომდე, N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ.  განახლებულ ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი.

N79 საბავშვო ბაგა-ბაღი მეშვიდე ბაღია,  რომელიც დედაქალაქს მიმდინარე წელს შეემატა.

 

17 ოქტომბერი 2016