თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციიის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციიის პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, შესაბამისი წინადადება შემუშავებულია და საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.

„მე ეს წინადადებები თან მაქვს წარმოდგენილი და შემიძლია კიდევ ერთხელ ვისაუბრო მის ცალკეულ დეტალებზე, რათა ყველას ჰქონდეს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ. ვინაიდან ერთ-ერთი მოთხოვნა ბოლო პერიოდში ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციაა, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ დავიწყოთ. მითუმეტეს, რომ ეს კონცეპტუალური საკითხები და დებულების პროექტი მომზადებულია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ახალი ცვლილებების მიხედვით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის და მწვანე ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურად. სამსახურის შიგნით სამი ახალი განყოფილება შეიქმნება.

„პირველი ეს იქნება გარემოსდაცვითი ღონისძიებების განყოფილება, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება, მათ შორის ჰაერის, ხმაურის, ნარჩენებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. მეორე განყოფილება იქნება თბილისსა და მის შემოგარენში მერქნიანი და მწვანე ნარგავების მართვის განყოფილება, ხოლო მესამე იქნება გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მართვის განყოფილება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, რეორგანიზაცია სექტემბრიდან დაიწყება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან ახალი ბიუჯეტის პირობებში სამსახური განახლებული ფორმით შეუდგება მუშაობას.                

 

26 აგვისტო 2016