თბილისის მერია მასშტაბური პროექტის - „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს

თბილისის მერია, ა(ა)იპ  თბილისის განვითარების ფონდთან ერთად, მასშტაბური პროექტის - „ახალი ტფილისი“ განხორციელებას იწყებს. პროექტის პირველი ეტაპი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ წარუდგინა.

“პროექტი მართლაც რომ უნიკალურია თავისი შინაარსით, მოცულობითა და იმ სარგებლით, რომელსაც მისი განხორციელებით თბილისი, თბილისელები და დედაქალაქის თითოეული სტუმარი მიიღებს. პროექტი „ახალი ტფილისი“ მოიცავს თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას. დიახ,  „ახალი ტფილისი“ ნიშნავს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მოედნების-გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას. პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. უკვე მიმდინარეობს ღვინის აღმართისა   და გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია. დღეს კი დაიწყო დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის და  მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია,  სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა-ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.

ამასთან, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. რეაბილიტაციის შედეგად, დავით აღმაშენებლის გამზირის აღნიშნულ არეალში მცხოვრებ მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები.

პროექტის განხორციელება გამოიწვევს ტურისტული ნაკადების ზრდას, რაც ქალაქის ეკონომიკური სიძლიერის გარანტია.

რაც შეეხება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა 9 მარტისა და „დედა ენის“ სახელობის ბაღები და მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნულ ბაღებს შორის მოეწყობა მიწისქვეშა საფეხმავლო გადასასვლელი - გალერეა, სავაჭრო დახლები, ტერასა.  მოწესრიგდება  საფეხმავლო ზონა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე 800-მდე ადამიანი დასაქმდება.

პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. 

05 თებერვალი 2016