დავით ნარმანია და გიორგი ალიბეგაშვილი თბილისის საკრებულოში ქალაქ გუანჯოუს დელეგაციას შეხვდნენ

თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი  თბილისის საკრებულოში ქალაქ გუანჯოუს დელეგაციას შეხვდნენ. გუანჯოუს დელეგაცია თბილისში ვიცე-მერის  ზენგ კაიზენგის ხელმძღვანელობით იმყოფება.

ჩინეთის დელეგაცია თბილისს საპასუხო ვიზიტით ეწვია, რომლის მიზანი ქალაქებს შორის პარტნიორობის გაღრმავება და ახალი ეკონომიკური და კულტურული კავშირების დამყარებაა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ მათ საინვესტიციო პროექტებს მივაწვდით, რათა დაინტერესებული ინვესტორებისთვის პროექტები იყოს ხელმისაწვდომი. ჩვენ ბოლო პერიოდში ვმუშაობდით სასტუმროების პროექტებზე, ასევე უძრავი ქონების ცალკეული ობიექტების  განვითარებაზე, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის ექსპორტს ჩინეთში და კერძოდ გუანჯოუში, ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიამიმოსვლის ხელშეწყობა. მარტში საკმაოდ მასშტაბური გამოფენა იმართება გუანჯოუში, სადაც თბილისიც იქნება წარმოდგენილი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქ გუანჯოუს  თბილისის მერიის და საკრებულოს დელეგაცია 2014 წლის ნოემბერში სტუმრობდნენ, სადაც  თბილისსა და გუანჯოუს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ქალაქები სხვადასხვა სფეროში ითანამშრომლებენ. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული პროექტების განხორციელებას.

02 ნოემბერი 2015