თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლიდან დღემდე, 196 ბენეფიციარი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა.

კახა კალაძემ ყურადღება „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის შესახებაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ვიწყებდით „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას. ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 1 500 000 ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს.

„მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში, 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია. პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მთავრობის სხდომაზე ყურადღება ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საკითხზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს.

თბილისის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე, კონცეპტუალური დიზაინ-პროექტი დგება და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერები გამოცხადდება.

„სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, პირველი კომპლექსის N4-ში 9-სართულიანი ავარიული კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 126 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივი მოსახლეობისგან შენობის დემონტაჟზე თანხმობა მივიღეთ. აღნიშნული კორპუსის ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების 20-სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც -2 სართულზე ექნება საპარკინგე ადგილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ავარიული კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება დიდუბის რაიონშიც.

„დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის პირველ კვარტალში, 14 ა კორპუსის დემონტაჟი მოხდება, სადაც 135 ოჯახი ცხოვრობს. აქაც 20-სართულიანი კორპუსი აშენდება და -2 სართულზე პარკინგი მოეწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 72 ოჯახი არჩილ მეფის ქუჩის N17-ში საცხოვრებელ ფართს მიიღებს.

„ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში ელოდნენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, თუმცა დაპირება დაპირებად რჩებოდა. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გვერდით დავუდექით მათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერიამ შპს „დეკა დეველოპმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანია დაზარალებულებისთვის 5700 კვ. მეტრ საცხოვრებელ ფართს გამოყოფს.  

ამასთან, თბილისის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, გამარჯვებული 31 ობიექტზე გამოვლინდა.

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, მშენებლობა დასრულებულია ხუთ პროექტზე და ფართები ფაქტობრივი მდგომარეობით 226 ოჯახს გადაეცემა.

„მშენებლობის ეტაპზეა 22 პროექტი, რომელზეც გაცემულია სამშენებლო ნებართვა და რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 1 100-მდე ოჯახი. ასევე, სანებართვო ეტაპზეა რვა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 680-მდე ოჯახი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა ერთი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ფართებით, დაახლოებით, 80 ოჯახის დაკმაყოფილებაა გათვალისწინებული.

„ეს იყო ჩვენი დაპირება, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს არ დავტოვებდით ყურადღების გარეშე. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ არ დაგვრჩება არც ერთი ოჯახი ფართებით დაკმაყოფილების გარეშე - ყველას დავეხმარებით და ის ვალდებულება, რომელიც აღებული ჰქონდა სახელმწიფოს ათეულობით წლის წინ, შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა.

„გზის სავალი ნაწილის დაზიანება ჩოგბურთის კორტების მშენებლობამ გამოიწვია. პირველ რიგში, იქ მომუშავე კომპანიამ მოაწყო გრუნტის დამჭერი კედელი, რის შემდეგაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავიწყეთ. პრობლემა მოგვარდა. აღნიშნულ მისამართზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, უსაფრთხოების კუნძულები, გარე განათების ქსელი. ასევე, დაიხაზა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა LED სანათები. ამასთანავე, ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობაა.

„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა გლდანის პატარა ტბის გარშემო რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაიწყო. ტბის ირგვლივ არსებული მდგომარეობა უმძიმესია, ჩვეულებრივ ნაგავსაყრელად არის ქცეული. უკვე დავიწყეთ აღნიშნული სივრცის გასუფთავება. პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 4,5 ჰა ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული სივრცე, მოსასვენებელი პავილიონები, საბავშვო ატრაქციონები. ასევე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკი და სავარჯიშო სივრცე, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. აღნიშნული სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება. მიხარია, რომ დედაქალაქს მსგავსი რეკრეაციული სივრცეები ემატება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც დამატებით, 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას ეხება, დასრულებულია.

მისი თქმით, გამარჯვებული კომპანია „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტს MAN-ის მარკის 40 ერთეულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე 18-მეტრიან ავტობუსს მიაწოდებს.

„ჩვენ, თავდაპირველად, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი უნდა შეგვეძინა, თუმცა ფინანსების გამო, გასულ წელს მხოლოდ 160 ერთეული შევისყიდეთ. წელს გამოცხადებული გვქონდა დარჩენილ 40 ერთეულ ავტობუსზე ტენდერი. გვყავს გამარჯვებული კომპანია - „თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც მოგვაწვდის გაზზე მომუშავე MAN-ის მარკის ავტობუსებს. შესყიდული ავტობუსები, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ნაწილი შემოვიდა, უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა ხდება, სამომავლოდ კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

„ჩვენი პოლიტიკის მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ კომფორტული, ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოქალაქეებს გაჩერებაზე დიდხანს ლოდინი არ უწევდეთ. 18-მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დღის განმავლობაში უფრო მეტი მგზავრი გადავიყვანოთ, რადგან ვხედავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება გაზრდილია. ვფიქრობ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ტრანსპორტით სარგებლობა. ჩვენ ამისთვის ყველანაირად მომზადებული უნდა ვიყოთ - გვყავდეს გამართული ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო. ამიტომ არის ჩვენი ყურადღება მიმართული იმისკენ, რომ ეს კომპონენტი რაც შეიძლება მალე მოწესრიგდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აქვე აღინიშნა, რომ თბილისის მერიის მხარდაჭერითა და ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის ორგანიზებით, 20-21 აპრილს, დედაენის ბაღში პირველი მასშტაბური ფესტივალი - სახელწოდებით, „ურბან ფესტი ჩატარდება“.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის მიზანი ურბანული სპორტის სახეობების განვითარება და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

„პროექტი, დღესდღეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სპორტული შეჯიბრები, სახალისო თამაშები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს კვების ზონები; ასევე, ფესტივალის დასასრულს გაიმართება ღონისძიების დახურვის ცერემონია. ფესტივალზე მისული სტუმრები ორი დღის განმავლობაში შეძლებენ, ჩაერთონ მათთვის საყვარელი სპორტული სახეობების შეჯიბრებში, იხილონ სახალისო სპორტული შოუ-პროგრამა და მოუსმინონ ქართველ მუსიკოსებს. ჩვენ ბევრი მსგავსი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რადგან სპორტი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია. მსგავს პროექტებს ყოველთვის ექნება ჩვენგან დიდი მხარდაჭერა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

17 აპრილი 2024