დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6 ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქში ბევრი ავარიული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა საჭიროებს განახლებას.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად გამრეკელის N6-ში მიმდინარეობს ერთ-ერთი ავარიული სახლის დემონტაჟი. ეს იყო ოთხსართულიანი სახლი, რომელსაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ჰქონდა მინიჭებული. აქ 19 ოჯახი ცხოვრობდა, მივიღეთ ყველას თანხმობა და ამის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება. ამ ოთხსართულიანის ნაცვლად აშენდება 8-სართულიანი, თანამედროვე ქართული არქიტექტურის ნაგებობა. აქ მცხოვრებ ადამიანებს გადაეცემათ მოწესრიგებული, გარემონტებული ფართები, სადაც გააგრძელებენ ცხოვრებას. იქამდე, ვიდრე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ოჯახები მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გაყვანილი და ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს დედაქალაქის მერია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა, საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე. 

ახალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის არქიტექტურული პროექტი შედგენილია შპს „Georgian Houses"-ის მიერ, ხოლო მშენებლობას ახორციელებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“. ობიექტის მიწოდების ვადაა 36 თვე, სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს, ხოლო სამშენებლო ფართობია 4809.9 კვ.მ.

აღნიშნული პროქტით 19 ოჯახი დაკმაყოფილდება. ნატურით ანგარიშსწორებაში მონაწილეობს 22 ბინა და 1 კომერციული ფართი.

 

12 აპრილი 2024