თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო

თბილისის მერია იწყებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს და დღეიდან დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით, შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სემესტრში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 65-ზე მეტ სპეციალობაში - მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში.

არსებულ სპეციალობებს წელს პირველად დაემატება: კიბერუსაფრთხოების შემსწავლელი კურსი; ციფრული მარკეტინგის შემსწავლელი კურსი; თოჯინური ანიმაციის შექმნის კურსი; სამთო საწარმოების, სატრანსპორტო გვირაბების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების და მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობისთვის საჭირო ამფეთქებლის მოსამზადებელი პროფესიული კურსი; სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შემოწმების კურსი კვების ობიექტებში; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის ტექნიკოსის საქმიანობის შემსწავლელი კურსი; ინტერიერის დიზაინის შემსწავლელი კურსი.

ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: თბილისში რეგისტრაცია; მინიმალური ასაკი 18 წელი; კურსების ხანგრძლივობა ერთიდან შვიდ თვემდეა და სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს.

პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა საშუალოდ, 9 000 ადამიანი და დასაქმების მაჩვენებელი სწავლის დასრულებისთანავე შეადგენს, დაახლოებით, 70%-ს. მიმდინარე სემესტრში გადამზადების კურსებს გაივლის 900-ზე მეტი მოქალაქე.

რეგისტრაცია პირველი მაისის ჩათვლით განხორციელდება პლატფორმაზე - www.dasakmdi.ge.  

აღსანიშნავია, რომ იმ მოქალაქეებს, ვისაც ონლაინ ლექციებზე დასასწრებად შესაბამისი სივრცე ესაჭიროება, მუნიციპალიტეტის მერია უსასყიდლოდ, მთელი სასწავლო პროგრამის განმავლობაში, ახლად რეაბილიტირებული მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების თავისუფალ სამუშაო სივრცეებს შესთავაზებს.

10 აპრილი 2024