თბილისის მერმა ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული კომპლექსი საზეიმოდ გახსნა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრთან  ტარიელ ხეჩიკაშვილთან და ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორ მალხაზ მესხთან ერთად პარასპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული კომპლექსი გახსნა. აღნიშნული კომპლექსი საქართველოში ერთადერთი შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული პარასპორტული არენაა. 

კომპლექსში ფუნქციონირებს 18X38 ზომის სათამაშო სახეობების მოედანი, 525 კვ.მ საწვრთნელ-სარეაბილიტაციო დარბაზი, სპეციალური აუზი, ასევე სარეაბილიტაციო მიმართულების მქონე სატრენაჟორო თერაპიული კუთხე. ცენტრში არის ფსიქოლოგის, მანუალური თერაპიის და ორთოპედული კაბინეტები. 

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში გახსნილი პარასპორტული არენა რეგიონული ცენტრი გახდება, სადაც ბევრი საინტერესო შეჯიბრი ჩატარდება. 

„ამ ობიექტის გახსნით ჩვენს ქალაქს ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეემატა და ეს არის პირველი ხელშესახები , რაც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში შშმ პირებისთვის გავაკეთეთ. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, ეს გახდება რეგიონული ცენტრი, სადაც ბევრი, ძალიან საინტერესო შეჯიბრის ჩატარებას შევძლებთ. რამდენიმე სახეობის შეჯიბრების გასამართად ეს ცენტრი უკვე  მზად არის. ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურები არიან, რომლებიც განსაკუთრებულ ძალისხმევას დებენ სპორტში და შეჯიბრში, სწორედ მათთვის არის გათვალისწინებული ეს ყველაფერი. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯეთ და ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის და მემგონი, რომ გამოგვივიდა. ჩვენ მათ ვაჩუქეთ  ძალიან საინტერესო ობიექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი მათთვის, შშმ პირებისვის კიდევ ბევრ ძალიან საინტერესო და  სასარგებლოს გავაკეთებთ.“,-  განაცხადა დავით ნარმანიამ.  

„მოგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის ობიექტი რესპუბლიკის მასშტაბით არ არსებობს. უპრეცენდენტოა ამ ობიექტის გახსნის საკითხიც.  მე მინდა  პარასპორტსმენებს შევპირდე, რომ მათთვის აქ იქნება სრული სერვისი და მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ცენტრს შეთავსებული ექნება განათლების კომპონენტი. სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებს ჩვენ შევთავაზებთ სერვისს, რომლის ფარგლებშიც  გადაადგილების ნაწილში მათ პრობლემა არ ექნებათ“, - განაცხადა განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ. 

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეც დაესწრო, რომელმაც ინკლუზიური განათლების მნიშნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, კი აღნიშნული სპორტული კომპლექსი პარაოლიმპიური სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს. პარასპორტული არენის გახსნაზე 2014 წლის პარასპორტის განვითარების ცენტრის საუკეთესო სპორტმენიც გამოავლინეს. ჯილდო ირმა ხეცურიანს გადაეცა.

„ჩემთვის ზედმეტად სასიხარულოა, რადგან მართლა ერთადერთი ხელშესახები რამაა იმისათვის, რომ  ჩვენ შშმ პირებმა, სპორტული შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ. ჩემთვის ყველაზე საჭირო ამ ეტაპზე ეს იყო, რადგან ვემზადებით მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ამ არენაზე ყველაზე პირობაა შექმნილი და სრულად ადაპტირებულია.“,- განაცხადა ირმა ხეცურიანმა. 

ააიპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ სპორტული კომპლექსი აკაკი ბელიაშვილის ქუჩა #5-ში მდებარეობს. „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ დამფუძნებელი ქალაქ თბილისის მერიაა.

 

18 ივლისი 2015