თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის საკურორტო ვაუჩერის მისაღებად, დღეს მერიაში განაცხადების შევსების პროცესი დაიწყო და 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

თბილისის მერიის ვაუჩერით, საქართველოს მთის, ზღვისა და ბარის კურორტებზე, სასტუმროს მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ხდება. ვაუჩერის ღირებულება 800 ლარია და დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე–ღამეა გათვალისწინებული. მოსარგებლე პირი კურორტს, სასტუმროს და სერვისის პირობებს თავად ირჩევს.

თბილისის მერიის საკურორტო ვაუჩერით სარგებლობა შეუძლიათ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამიდან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე პირებს.

ვაუჩერით სარგებლობა შესაძლებელია 2022 წლის პირველი მაისიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

ვაუჩერის მიღების მსურველებმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სახელზე შევსებულ სპეციალურ განაცხადს თან უნდა დაურთონ – დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ და თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთწლიანი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ვაუჩერის მიღების მსურველს ამ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა თბილისში რეგისტრაცია და ამ წყვეტის შედეგად, სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.

სერვისის მიმწოდებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც ვაუჩერით მოსარგებლეს მომსახურებას გაუწევს, პირველ რიგში ევალება, ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირის მიღებისთანავე, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები მიაწოდოს თბილისის მერიას ცხელი ხაზის საშუალებით – 272 22 22.

სერვისის მიმწოდებელს ვაუჩერის განაღდება შეუძლია მომსახურების დასრულებიდან ორი თვის განმავლობაში, მერიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ვებგვერდზე.

17 იანვარი 2022