თბილისის მერია სტრიტ არტის კონკურსს აცხადებს, რომელიც ამ მიმართულების ფესტივალებს და თავისუფალ პროექტებს გააერთიანებს.

დედაქალაქში სტრიტ არტის ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტების მიერ უამრავი საინტერესო ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც შეიძლება ვიხილოთ მიწისქვეშა გადასასვლელებში, მრავალსართულიანი კორპუსის ან დაწესებულების კედელზე, ქალაქის ისტორიული უბნების არეალთან შეხამებული, ბეტონის სამშენებლო ღობეზე, და ასე შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თბილისში 70-ზე მეტი ასეთი ნამუშევარი შეიქმნა. თბილისის მერია კი თითქმის ყველა იმ პროექტის მხარდამჭერია, რომელიც დედაქალაქში ამ მიმართულებით ხორციელდება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 14 მაისი, 2023.

განაცხადის გაკეთების პირობები:

სტრიტ-არტის მიმართულების მიზანია და დაფინანსებას დაექვემდებარება ისეთი სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა, რომლებიც: ხაზს გაუსვამს ქალაქის იდენტობას, წარმოაჩენს როგორც ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კულტურას, ასევე გაითვალისწინებს უცხოურ გამოცდილებას; მიმართული იქნება აღიარებული სოციალური საკითხების (ბავშვთა უფლებების დაცვა, ძალადობა, დისკრიმინაცია, ეკოლოგია და სხვა) დაფიქსირებისკენ; ხელს შეუწყობს ქალაქში ახალი სანახაობის შექმნას და ახალგაზრდების დაინტერესებას ხელოვნებით.

• განაცხადების მიღება მოხდება ერთჯერადად, მითითებულ ვადებში.

დაფინანსებას არ ექვემდებარება:

პროექტები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანომდებლო აქტებით განსაზღვრულ კანონდარღვევებს, და   საზოგადოებრივი ეთიკისა და მორალის წესებით შეჯერებულ დისკრიმინაციულ, შეურაცხმყოფელ ვიზუალს ან შინაარსს.

განაცხადის წარდგენა შეუძლია:

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალური და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს).

განაცხადის წარდგენის ვადები:

1. განაცხადები მიიღება 2023 წლის 4 აპრილიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით.

2. განაცხადებს (პროექტებს) განიხილავს და აფასებს შესაბამისი პროექტების განმხილველი კომისია, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში და იღებს სარეკომენდაციო სახის გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. განაცხადით გათვალისწინებული პროექტი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა.

სხვა პირობები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განმცხადებელს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი განაცხადი (პროექტი);

2. განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს მონაწილე არტისტების ვინაობა და შესასრულებელი სამუშაოს მიახლოებითი ესკიზები;

3. განაცხადს უნდა ერთვოდეს სამუშაო კედლის (ან შესაბამისი სივრცის) 3-4 ფოტო, საკადასტრო კოდი და მფლობელის** თანხმობა

* თუ სამუშაო კედელი/სივრცე ამხანაგობის მფლობელობაშია ან კერძო საკუთრებას წარმოადგენს, განაცხადს უნდა დაერთოს შესაბამისი ოქმი/თანხმობის წერილი ამხანაგობის თავმჯდომარის ან პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით;

** თუ სივრცეს კონკრეტული მფლობელი არ გააჩნია, სამსახური უფლებას იტოვებს, შეათანხმოს საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოსთან.

4. განსახილველად ატვირთული დოკუმენტაცია და ვიზუალური მასალა უკან არ ბრუნდება.

5. სამსახური უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, განაცხადთან (პროექტთან) დაკავშირებით, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია/ვიზუალური მასალა.

6. გამარჯვებული აპლიკანტის მიერ საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის განხორციელების საბოლოო ვადას.

აპლიკაციის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://tbilisi.gov.ge/page/3223