დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქები

თბილისს უცხოეთის ქალაქებთან გაფორმებული აქვს ორი ტიპის ხელშეკრულებები: დაძმობილების და პარტნიორობის. დაძმობილების ხელშეკრულებები ფორმდება უვადოდ, ერთი ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქთან, ხოლო პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერა შესაძლებელია ერთი ქვეყნის რამდენიმე ქალაქთან გარკვეული ვადით ან უვადოდ.

თბილისს ჰყავს 15 დაძმობილებული და 15 პარტნიორი ქალაქი. ზოგიერთ ქალაქთან თანამშრომლობა ათეულ წელს ითვლის და დღესაც წარმატებით ვითარდება, რამდენიმე ქალაქთან კი შეთანხმებები ბოლო წლებში გაფორმდა, რის შედეგადაც გაიზარდა საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი.

 

დაძმობილებული ქალაქები

 

ზაარბრიუკენიგერმანია

ზაარბრიუკენი  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქვეყნის სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მდინარე ზაარზეა გაშენებული და საფრანგეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. გავრცელებული მოსაზრებით, მისი სახელწოდება კელტური წარმომავლობისაა და მომდინარეობს სიტყვიდანზარაბრიგა (Sarabriga). ზაარბრიუკენი ზაარის მხარის დედაქალაქი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია.

დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება ქ. თბილისსა და ქ. ზაარბრიუკენს შორის 1975 წლის 22 მარტს გაფორმდა. იგი ორ ქალაქს შორის საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში გამოცდილების გაზიარებას, განათლების, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ხელშეკრულების ფარგლებში ქალაქებს შორის კულტურის, ეკონომიკის და გარემოს დაცვის სფეროებში არაერთი პროექტი განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ 1978 წლის 9 სექტემბერს ხელი მოეწრა სამმხრივი დაძმობილების ხელშეკრულებას თბილისს, ზაარბრიუკენსა და საფრანგეთის ქალაქ ნანტს შორის. სამმხრივ ფორმატში ურთიერთობა ამჟამადაც წარმატებით მიმდინარეობს.

 

ლიუბლიანა, სლოვენია

ლიუბლიანა სლოვენიის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი და მისი კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ქვეყნის შუაგულში, მდინარე ლიუბლიანას აუზში მდებარეობს. ქალაქზე გამავალი მსხვილი სატრანსპორტო მარშრუტები, მასში თავმოყრილი სამრეწველო ობიექტები, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტები და კულტურული კერები ქვეყნის მასშტაბით ქალაქის წამყვან როლს განაპირობებენ.

თბილისსა და ლიუბლიანას შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1977 წლის 7 ოქტომბერს გაფორმდა. იგი ორ ქალაქს შორის განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, სპორტისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

 ნანტისაფრანგეთი

ნანტი საფრანგეთის სიდიდით მეექვსე ქალაქი და ლუარის მხარისა და ლუარ-ატლანტიკის მეტროპოლიის  ადმინისტრაციული ცენტრია. იგი  ატლანტიკის ოკეანიდან 50 კმ-ის დაშორებით, მდ. ლუარის ხეობაში მდებარეობს. მას ხშირად ,,დასავლეთის ვენეციად“ მოიხსენიებენ. წინა საუკუნეებში ქალაქის პორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ატალნტიკის ოკეანეზე გასასვლელად.  ბრეტონის ჰერცოგთა ქალაქი ამჟამად საფრანგეთსა და მთელ ევროპაში კულტურული პროექტებით არის ცნობილი.  ნანტი ამავდროულად მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ქალაქია.

თბილისსა და ნანტს შორის დაძმობილების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1979 წლის მარტში (ნანტში) და სექტემბერში (თბილისში). ერთი წლით ადრე, 1978 წლის 17 სექტემბერს კი თბილისს, ნანტსა და ზაარბრიუკენს შორის გაფორმდა სამმხრივი დაძმობილების ხელშეკრულება, რომელსაც ქალაქები ხშირად ,,დაძმობილების სამკუთხედის’’ სახელით მოიხსენიებენ. მოგვიანებით, 1990 წელს ორ ქალაქს შორის ხელშეკრულების ტექსტი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განახლდა. 

 

 ინსბრუკიავსტრია

ინსბრუკი ავსტრიის რესპუბლიკაში მდებარეობს. იგი ტიროლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი მდინარე ინზეა გაშენებული. მისი სახელწოდება სწორედ ამ მდინარესთანაა დაკავშირებული და მასზე გადებულ ხიდს ნიშნავს. ინსბრუკი ვენის, გრაცის, ლინცის და ზალცბურგის შემდეგ სიდიდით მეხუთე ქალაქია ავსტრიის რესპუბლიკაში და იგი  დასავლეთ ავსტრიის ეკონომიკურ, კულტურულ და საუნივერსიტეტო ცენტრად არის აღიარებული. ინსბრუკი ასევე ცნობილია, როგორც სათხილამურო კურორტი.

თბილისსა და ინსბრუკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1982 წლის 29 ივლისს ინსბრუკში, ხოლო 6 ოქტომბერს თბილისში გაფორმდა. იგი ქალაქებს შორის ეკონომიკის, კულტურის, მეცნირებისა და სპორტის სფეროებში კავშირების დამყარებასა და გაღმავებას ითვალისწინებს.

 

პალერმოიტალია

პალერმო იტალიის სიცილიის ავტონომიური რეგიონის და პალერმოს პროვინციის ადმინისტრაციული, კულტურული, ეკონომიკური და ტურისტული ცენტრია. ქალაქი კუნძულ სიცილიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ხმელთაშუაზღვის საუცხოო კლიმატის, რომანული, გოთიკური და ბაროკოს სტილის გამორჩეული არქიტექტურისა და  სახელგანთქმული სამზარეულოს წყალობით ქალაქს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

პალერმოსა და თბილისს შორის დაძმობილება 1987 წელს გაფორმდა. შეთანხმება კულტურის, სპორტისა, მეცნიერებისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

ატლანტაჯორჯიააშშ

ატლანტა ჯორჯიის შტატის დედაქალაქი და მისი უდიდესი ქალაქია. ამავდროულად იგი ფულტონის საგრაფოს ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. ატლანტა, როგორც ქალაქი, 1837 წელს ორი სარკინიგზო ხაზის გადაკვეთაზე დაარსდა. იგი  ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ძირითად სატრანსპორტო კვანძს წარმოადგეს. ატლანტის ჰართშვილდ-ჯექსონის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია 1998 წლიდან. ქალაქის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი ლოჯისტიკას, პროფესიულ და ბიზნესს მომსახურებას, მედიასა და უმაღლესი განათლებას უკავია. ატლანტაში 30-ზე მეტი კოლეჯი და უნივერსიტეტი მდებარეობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ემორის უნივერსიტეტი.

ატლანტასა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1987 წლის მაისში ატლანტაში, ხოლო 1 ოქტომბერს თბილისში გაფორმდა.  შეთანხმება განათლების, კულტურის, ჯანდაცვის სექტორებში თანამშროლობას და საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

ბრისტოლიდიდი ბრიტანეთი

ბრისტოლი სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის დედაქალაქი, ცერემონიალური საგრაფო და გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. იგი მდინარე ეივონზე, ლონდონიდან 185 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ბრწყინვალე საზღვაო ისტორიით არის ცნობილი და მდიდარი მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის ორიგინალური შერწყმით ხასიათდება.

ბრისტოლსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1988 წლის 12 ივლისს გაფორმდა. მოგვიანებით, 1996 წლის 4 ნოემბერს, ხელშეკრულების ტექსტი თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით განახლდა. შეთანხმება ორ ქალაქს შორის კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის დარგებში თანამშრომლობას და საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

ბილბაოესპანეთი

ბილბაო ბასკეთის დედაქალაქი და ესპანეთის სიდიდით მეათე ქალაქია. იგი ესპანეთის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი მე-14 საუკუნეში დაარსდა. ინდუსტრიულმა რევოლუციამ მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბილბაო ბარსელონას შემდეგ ესპანეთის მეორე ინდუსტრიულ ქალაქად აქცია. გუგენჰაიმის მუზეუმის დაარსებამ და ქალაქში განხორციელებულმა სხვა მნიშვნელოვანმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა ბილბაოს ეკონომიკური და კულტურული რევიტალიზაცია განაპირობა.  

ბილბაოსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1989 წელს გაფორმდა. შეთანხმება ორ ქალაქს შორის საზოგადოებრივი ცხოვრების და ქალაქების თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა

ერევანი სომხეთის დედაქალაქი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. იგი მდინარე რაზდანზე მდებარეობს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ლურსმული წარწერების მიხედვით, ურარტუს მეფე არგიშითი I-მა ძვ. წ. 782 ააგო ციხე ერებუნი, რომლის მახლობლად გაშენდა თანამედროვე ერევანი.

თბილისსა და ერევანს შორის დაძმობილების ხელშეკრულება  1996 წლის 4 ივლისს გაფორმდა. შეთანხმება ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობას, კულტურის, მეცნიერების, ეკოლოგიისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

კიევი, უკრაინა

კიევი უკრაინის დედაქალაქი და მისი ეკონომიკური, სამრეწველო, სამეცნიერო  საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია. ქალაქი მდინარე დნეპრის ორივე ნაპირზეა გაშენებული და ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

კიევში მრავალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული საწარმო, უმაღლესი სასწავლებელი და ისტორიული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს.

თბილისსა და კიევს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 1999 წლის 29 მაისს გაფორმდა. შეთანხმება ეკონომიკის, კულტურის, ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობას და თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. 

 

ასტანა, ყაზახეთი

ასტანა 1997 წლიდან ყაზახეთის დედაქალაქია. ქალაქი სტეპის ზოლში მდინარე იშიმზე მდებარეობს.

თბილისსა და ასტანას შორის მემორანდუმი დაძმობილების შესახებ 2005 წლის 31 მარტს გაფორმდა. შეთანხმება ქალაქებს შორის ეკონომიკის,  ტურიზმისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

ვილნიუსი, ლიტვა

ვილნიუსი ლიტვის დედაქალაქია და ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო, საფინანსო, სავაჭრო და ეკონომიკური ცენტრია. ქალაქი აღმოსავლეთ ლიტვაში, მდინარე ნიარისის (ვილია) ხეობაშია გაშენებული. თავად ქალაქის სახელიც მდინარისგან წარმოდგება და ნიშნავს ,,ქალაქს ვილიაზეისტორიულ წყაროებში ვილნიუსი ქალაქად პირველად 1323 წელს მოიხსენიება. ქალაქის დიდი ნაწილი პარკებსა და მწვანე ნარგავებს უკავია.

თბილისსა და ვილნიუსს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2005 წელს გაფორმდა, 2009 წლის 19 ივლისს კი თბილისის მერმა ბ-ნმა გიორგი უგულავამ და ვილნიუსის იმჟამინდელმა მერმა ბ-ნმა ვილიუს ნავიცკასმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვილნიუსსა და თბილისს შორის დაძმობილების შესახებ.

 

კიშინიოვიმოლდოვა

კიშინიოვი მოლდოვას დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქი მდინარე ბიკზე მდებარეობს.

კიშინიოვის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება მრეწველობას (სამომხმარებლო და ელექტრო საქონელი, სამშენებლო მასალები, ტექსტილი) და მომსახურების სფეროს (საბანკო და სავაჭრო მომსახურება).

თბილისსა და კიშინიოვს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა (ხელშეკრულებას ხელი 2011 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, ხოლო ამავე წლის 14 ოქტომბერს კიშინიოვში მოეწერა ხელი). შეთანხმება განათლების, ტურიზმის, სპორტის, მეცნიერების და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

კაიროეგვიპტე

კაირო ეგვიპიტის დედაქალაქი და არაბული სამყაროსა და აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია. იგი რეგიონის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ცენტრია. ქალაქი მდინარე ნილოსზეა გაშენებული.

კაიროსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2012 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია თბილისში ქ. კაიროს გუბერნატორის, დოქტორ აბდელ კავი ხალიფას ოფიციალური ვიზიტისას გაიმართა. იმავე ვიზიტის ფარგლები, ქ. კაიროს გუბერნატორი ასევე დაესწრო თბილისის მე-6 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმს.

ორ ქალაქს შორის შეთანხმება ეკონომიკის, კულტურის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მყარი ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

დოჰაკატარი

დოჰა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქი და სპარსეთის ყურის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავსადგურია. ქვეყნის მოსახლეობის 60% დოჰაში და მის გარეუბნებში ცხოვრობს. დოჰას ეკონომიკა ძირითადად ნავთობისა და გაზის მრეწველობიდან მიღებულ შემოსავლებს ეყრდნობა.

თბილისსა და დოჰას შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა. შეთანხმება სხვადასხვა სფეროში ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. 

 

 

 

 პარტნიორი ქალაქები

 

ბაქო, აზერბაიჯანი

ბაქო აზერბაიჯანის დედაქალაქი და კავკასიის უდიდესი ქალაქია. იგი კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს და კასპიის ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან პორტს წარმოადგენს. ძველი ბაქო, რომელიც მდიდარი არქიტექტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.   

ეკონომიკის წამყვან დარგებს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობა, ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური წარმოება და სხვ.

ბაქოსა და თბილისს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 1993 წლის 5 თებერვალს გაფორმდა. იგი საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას და ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად.  

 

მინსკი, ბელორუსი

მინსკი 1919 წლიდან ბელაროსის დედაქალაქი და მინსკის მხარისა და მინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი ამავდროულად ბელორუსის უმსხვილესი სატრანსპორტო კვანძი და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამეცნიერო ცენტრია. ქალაქი მდებარეობს მდინარე სვისლოჩზე.

თბილისსა და მინსკს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება 1994 წლის 18 თებერვალს გაფორმდა.

 

ოდესა, უკრაინა

ოდესა ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უკრაინის სიდიდით მეხუთე ქალაქია. იგი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და შავი ზღვის  ერთ-ერთი წამყვანი პორტია.

თბილისსა და ოდესას შორის მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება 1996 წლის 10 ოქტომბერს გაფორმდა. მოგვიანებით, 2012 წლის 2 მარტს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ხელი მოეწერა განახლებულ შეთანხმებას ორ ქალაქს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების შესახებ. შეთანხმება ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას, ორი ქალაქის პროფესიული წრეების წარმომადგენლებს შორის გაცვლების ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

 

ანკარა, თურქეთი

ანკარა თურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქია სტამბოლის შემდეგ. იგი ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და  ინდუსტრიული ცენტრია.

ანკარასა და თბილისს შორის ხელშეკრულება პარტნიორული ურთიერთობების შესახებ 1996 წლის 4 აპრილს გაფორმდა. იგი ქალაქებს შორის კულტურის, ეკონომიკისა და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

 

ათენი, საბერძნეთი

ათენი საბერძნეთის დედაქალაქი და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ქალაქის სახელი მითოლოგიურ ქალღმერთ ათენას უკავშირდება. ათენმა კლასიკური ცივილიზაციისა და უძველესი ხელოვნების არაერთი ძეგლი შემოინახა. მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის წყალობით, ქალაქი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავ ტურისტს იზიდავს.

თბილისსა და ათენს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლი 1997 წლის 16 სექტემბერს გაფორმდა. შეთანხმება ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმის და სხვა სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

 

პარიზი, საფრანგეთი

პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი, ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ილ-დე-ფრანსის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ამავდროულად, იგი ევროპის წამყვანი პოლიტიკური, კულტურული და საქმიანი ქალაქია.

თბილისსა და პარიზს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 1997 წელს გაფორმდა. დოკუმენტი ქალაქებს შორის კულტურულ, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში ურთიერთობების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

იერუსალიმი, ისრაელი

იერუსალიმი იეჰუდის (იუდეის) მთების გულში, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქი ძველ და ახალ ნაწილებად იყოფა.  იერუსალიმს ქრისტიანთა, იუდეველთა და მუსლიმთა ,,წმინდა ქალაქად” მოიხსენიებენ.

თბილისსა და იერუსალიმს შორის თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლი 1998 წლის 14 იანვარს საქართველოსა და ისრაელს შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნად გაფორმდა. შეთანხმება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკის, სპორტის და სხვა სფეროებში კავშირების წახალისებას ითვალისწინებს.

 

სტამბოლი, თურქეთი

სტამბოლი თურქეთის უდიდესი ქალაქი და მისი ისტორიული და კულტურული ცენტრია. იგი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ბოსფორის სრუტეზე მდებარეობს. ქალაქს კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი შემორჩა, რის გამოც მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

სტამბოლის მუნიციპალიტეტსა და თბილისის მერიას შორის განზრახვათა წერილი 2006 წლის 1 ივნისს გაფორმდა. იგი ორი ქალაქის მერიებს შორის მუნიციპალური მომსახურების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს. 

 

რიგა, ლატვია

რიგა ლატვიის დედაქალაქი და ბალტიისპირეთის ერთ-ერთი წამყვანი კულტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური ცენტრია. იგი  მდინარე დაუგავის ორივე ნაპირზე, რიგის ყურესთან მდებარეობს.  

ქალაქი ცნობილია მოდერნის სტილის არქიტექტურით. რიგის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2007 წლის 3 აპრილს გამორმდა. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის ურთიერთობების წახალისებას და ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

 

კრაკოვი, პოლონეთი

კრაკოვი (სრული სახელი - სამეფო დედაქალაქი კრაკოვი), ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია პოლონეთში. იგი მცირე პოლონეთში, ზემო ვისლას სანაპიროზე, დედაქალაქიდან 250 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. გამორჩეული არქიტექტურული მემკვიდრეობის გამო, ქალაქის ძველი ნაწილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.   

თბილისსა და კრაკოვს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ხელშეკრულება 2009 წელს 13 მაისს 3 წლის ვადით გაფორმდა. 2012 წელს ხელი მოეწერა ახალ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ოფიციალურად განახლდა ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა. შეთანხმება  საზოგადოებრივი, კულტურული და ეკონომიკური კავშირების წახალისებას და საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

ვარშავა, პოლონეთი

ვარშავა 1596 წლიდან პოლონეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ურბანული ცენტრია. ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და ამავდროულად მაზოვიეცის სავოევოდოს დედაქალაქია. ქალაქის გამორჩეული სიმბოლოა ქალთევზა.

ქალაქის დიდი ნაწილი მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა. ძველი ქალაქი, რომელიც ომის შემდგომ სრულად აღდგა საარქივო მონაცემების შესაბამისად, 1980 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. 

თბილისსა და ვარშავას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის 8 ოქტომბერს ვარშავაში მოეწერა ხელი.

შეთანხმება მიზნად ისახავს ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ეკონომიკის, ადგილობრივი მმართველობის და სხვა სფეროებში.

 

ბუდაპეშტი, უნგრეთი

ბუდაპეშტი უნგრეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. იგი ევროკავშირის სიდიდით მეექვსე ქალაქია. იგი უნგრეთის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე დუნაის ნაპირზე მდებარეობს.

თბილისსა და ბუდაპეშტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2011 წლის 4 მაისს, ქ. ბუდაპეშტის მერის, ბატონ იშტვან ტარლოშის თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს. ხელშეკრულება ითვალისწინებს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობას.

 

ხარკოვი, უკრაინა

ხარკოვი უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი და ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია.

იგი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს.

ქალაქი 1654 წელს დაარსდა და რუსეთის იმპერიაში უკრაინული კულტურის მთავარ კერას წარმოადგენდა. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იგი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა. ეს სტატუსი მან 1934 წლამდე, დედაქალაქის კიევში გადატანამდე შეინარჩუნა. ამჟამად, ქალაქი ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია და სპეციალური სტატუსით სარგებლობს.

თბილისსა და ხარკოვს შორის პარტნიორობის შეთანხმებას 2012 წლის 13 ივნისს,  თბილისის მერის ბ-ნ გიორგი უგულავას ხარკოვში ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. დოკუმენტი ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

 

ლვოვი, უკრაინა

ლვოვი დასავლეთ უკრაინის უდიდესი ქალაქი და ლვოვის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი უკრაინის ერთ-ერთ მთავარი კულტურული ცენტრია.

ლვოვის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.  

2013 წლის 6 ოქტომბერს ქ. თბილისის მერმა, ბ-ნმა გიორგი უგულავამ და ქ. ლვოვის მერმა, ბატონმა ანდრეი სადოვიმ ხელი მოაწერეს თბილისსა და ლვოვს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას. ხელშეკრულება ორ ქალაქს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის, ეკონომიკის ხელშეწყობის, ურბანული დაგეგმარების, გარემოს დაცვისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების წახალისებას და გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

 

ლინკოლნი, ნებრასკა, აშშ

ლინკოლნი ნებრასკის შტატის დედაქალაქი და მისი სიდიდით მეორე ქალაქია. ამავდროულად, იგი ლანკასტერის საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრია. ეკონომიკის წამყვან დარგს მომსახურების ბიზნესი წარმოდგენს. ქალაქში განთავსებულია აშშ-ს მთავრობის რამდენიმე სააგენტო და ოფისი. ლინკოლნში მდებარეობს ნებრასკის უნივერსიტეტი.

ქალაქებს შორის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ქ. ლინკოლნის მხრიდან ხელი მოეწერა 2013 წლის 28 ოქტომბერს ლინკოლნში, ხოლო ქ. თბილისის მხრიდან 2013 წლის 20 დეკემბერს - თბილისში. შეთანხმება ეფუძნება ორ ქალაქს შორის განათლბისა და მეცნიერების სფეროში არსებულ გამოცდილებას და მიზნად ისახავს თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და მეგობრული კავშირების განმტკიცებას.