თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

პირველ რიგში, თბილისის მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ შემცირებული გრაფიკით - 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს.

მისი თქმით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე განახლებული შემადგენლობა კი მგზავრებს უკვე ემსახურება.

„ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სატრანსპორტო პოლიტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, არსებული მდგომარეობის გამოსწორებაა. დავიწყეთ მუშაობა მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. უკვე რამდენიმე შემადგენლობა რეაბილიტირებულია და მგზავრებს ემსახურება. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 16 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ, ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. პროექტის განხორციელების შედეგად, დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამის გამო, მეტრო მუშაობის განრიგს ერთი საათით შეამცირებს.

„პროექტი მზად არის, გვყავს კომპანია, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები პირველ ივლისს დაიწყება. პროექტი 2020 წლის ივლისში დასრულდება. პროექტის მიმდინარეობისას გარკვეული შეზღუდვების დაწესება მოგვიწევს, რომ კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ, ნორმალურ პირობებში იმუშაონ. ჩემთვის, ჩემი თანამრომლებისთვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, პირველი ივლისიდან, მეტრო მუშაობას დილის 06:00 საათიდან დაიწყებს და ერთი საათით ადრე, 23:00 საათზე დაასრულებს. ჩემი თხოვნა იქნება სატრანსპორტო კომპანიასთან, რომ აღნიშნულის შესახებ მოსახლეობა ყველანაირად ინფორმირებული იყოს”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან დედაქალაქს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. ახლადაშენებულ საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ. ამასთან, შენობები ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

„მინდა, ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას: 2019 წლის შემოდგომიდან (ოქტომბრიდან) დედაქალაქის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს კიდევ ხუთი საბავშვო ბაღი შეემატება. როგორც იცით, ჩვენ ათი საბავშვო ბაღის მშენებლობა დავაანონსეთ. ხუთი უკვე მშენებლობის პროცესშია, უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ოქტომბერში დასრულდება. ორი მათგანი შენდება გლდანის მეექვსე და მერვე მიკრორაიონებში, ერთი დიღმის მასივში, ერთიც ფონიჭალაში და ერთი ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე. ჯამში, ამ ბაღების მშენებლობის ბიუჯეტი დაახლოებით, 11 მლნ ლარია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახალი ბაღების მშენებლობის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სიარულს დამატებით, 1 500-მდე ბავშვი შეძლებს.

„ახალი ბაღების გახსნის შედეგად, თბილისში კიდევ 1500-მდე ბავშვი შეძლებს ბაღში სიარულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიცით, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბაღების რაოდენობა გაიზარდოს, მოწესრიგებული იყოს ინფრასტრუქტურა, რათა უფრო მეტ მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავიანთი შვილები საბავშვო ბაგა-ბაღებში ატარონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მშენებლობაში, რომელსაც ვახორციელებთ, აუცილებლად გათვალისწინებულია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, უსაფრთხოების ბადეები, სახანძრო უსაფრთხოება და ა.შ.“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ან გაჩერების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება 50 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე განხორციელდა.

„ჩვენი ინიციატივით, კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ავტობუსის ზოლში და ველობილიკებზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებასა და მოძრაობაზე სანქციები გავზარდეთ. როდესაც ქუჩების რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საფეხმავლო და ველობილიკები ეწყობა, ისინი ძირითადად, საპარკინგე ადგილებად არის გამოყენებული, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, სპეციალური საავტობუსე ზოლები, რომელიც მოეწყო იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე სწრაფი და მგზავრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მივიდნენ. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრეთ კანონი, რომელიც უკვე ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, ავტობუსის ზოლზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ან გაჩერება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ველობილიკზე იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ასევე, დაწყებული გვაქვს პროექტი, რომელიც ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟს ითვალისწინებს. შესაბამისად, გვექნება შესაძლებლობა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, ჯარიმები ავტომატურ რეჟიმში გამოეწერება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქი ქალაქს დაემსგავსოს და გამართული ინფრასტრუქტურა იყოს. მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რადგან მათი თანადგომის გარეშე, ამ კანონის მიღება შეუძლებელი იყო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას, კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში გამოჩენილი მხარდაჭერისა და ორგანიზებულობისთვის მოსახლეობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

„ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის განხორციელება დავიწყეთ. თავდაპირველად, ბევრი შიშობდა, რომ ამ პროექტის დაწყება და ქუჩების გადაკეტვა სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევდა. დიდი ვნებათაღელვა იყო, მაგრამ ხედავთ, როგორი მოწესრიგებულია გადაადგილება. მსურს, მადლობა გადავუხადო სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი მარშრუტების შედგენისთვის. აქვე, არ შემიძლია, არ აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი მინისტრს, გიორგი გახარიას, საპატრულო პოლიციას, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოძრაობა უპრობლემოდ იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო დადგენილი ალტერნატიული მარშრუტების ეფექტურობაზეც ისაუბრა და კომპანია „სისტრას“ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნული მარშრუტების გადახედვა და გათვალისწინება შესთავაზა.

„კომპანია „სისტრას“ იქნებ დაამუშავებინოთ ეს მარშრუტები, რადგან ცხადია, რომ ცენტრალური გამზირის გადაკეტვის პირობებში დადგენილი ალტერნატიული მარშრუტით მოძრაობა უპრობლემოდაა შესაძლებელი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ალბათ მოგვიწევს ამის გადახედვა და გასათვალისწინებელი იქნება არსებული მდგომარეობაც. ფაქტი სახეზეა - ამ წრიულმა მარშრუტებმა საკმაოდ განტვირთა მოძრაობა. ყველა ფიქრობდა, რომ იქნებოდა დაუსრულებელი საცობები, მაგრამ მოსახლეობა მარტივად მოერგო ახალ სქემას და დღეს ვაკეში გადაადგილების პრობლემა არ არის. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მოსახლეობას მადლობა გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ისინი ხედავენ, რამდენად მასშტაბური სამუშაო ხორციელდება და იციან, რამდენად კატასტროფული იყო გამზირის მიწისქვეშ არსებული მდგომარეობა, თუმცა ამ პროექტით ჩვენ ყველაფრის გამოსწორებას და მოწესრიგებას შევძლებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დროებით ამოქმედებულ ავტობუსების მარშრუტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნომრის გარეშე, მოსახლეობას ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში მოემსახურება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პერიოდში, მეტროსადგურ „დელისიდან“ ვაკის - აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩების გავლით, ავტობუსების დროებითი მარშრუტი ამოქმმედდა. ეს მარშრუტი ასევე ვერას, მთაწმინდასა და სოლოლაკს გაივლის და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. რადგან დროებითია და რეაბილიტაციის ვადით იმოძრავებენ, ამ ავტობუსებს ნომერი არ ექნებათ. იქნება 8-მეტრიანი ავტობუსი და მიკროავტობუსები. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მოთმინებისთვის. ჩვენ გვაქვს ჟვანიას ქუჩის მაგალითი, სადაც რამდენიმე დღის წინ გზა ჩაინგრა. ეს გზა შვიდი-რვა წლის წინ იყო გაკეთებული, თუმცა ყველამ დავინახეთ, რამდენად პრობლემური აღმოჩნდა. შესაბამისად, ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემები თავიდან იქნეს აცილებული. ჩვენ მძიმე მდგომარეობა გვაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით - სანიაღვრე, წყალარინების სისტემა უმძიმეს მდგოამარეობაშია. ამიტომ, მასშტაბური საგზაო პროექტის განხორციელებას, პირველ რიგში, ამ პრობლემის მოგვარებით ვიწყებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, თბილისის მერია თაბუკაშვილის N46-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას იწყებს და შენობის პროექტირებაზე კონკურსს აცხადებს.

კახა კალაძის განცხადებით, მეოთხე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობაში მოსახლეობას სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევს ცხოვრება, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია და გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

„მთაწმინდის რაიონში, თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის შემუშავებას რამდენიმე თვე დასჭირდება. საუბარია ე.წ. კადეტთა კონკურსზე, რომელიც დაახლოებით, 150 წლისაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, თუმცა იქ არსებული მდგომარეობა უმძიმესია. ძალიან მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება მოსახლეობას, ეს კორპუსი სიცოცხლისთვის საშიშია. მეოთხე კატეგორიის ავარიულობა აქვს მინიჭებული, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა და რეაბილიტაცია. ჩემი თხოვნა იქნება, გქონდეთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მიაწოდოთ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, როდის დაიწყება სამუშაოები და როდის დასრულდება პროექტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე, იწყება ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩების სრული რეაბილიტაცია. პროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება.

თბილისის მერი ორბელიანის რეაბილიტირებული მოედნის გახსნის საკითხსაც შეეხო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული.

„მართლაც ულამაზესი პროექტი გამოვიდა. ყველა გახარებული და სიამაყით სავსეა, ვინც ამ ქუჩებში გაისეირნა. სწორედ ესაა ჩვენი მიდგომა, ასეთი გვინდა იყოს ჩვენი ქალაქი, ყველა რაიონი, ყველა ქუჩა - კეთილმოწყობილი, გალამაზებული, გამწვანებული და ამას ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ. ამ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 350 ოჯახი გვყავდა დროებით გაყვანილი და დღეს ეს ადამიანები დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს. არც ერთი ეზო დაგვიტოვებია მოუწესრიგებელი. თუ გუშინ ამ 350 ოჯახის საცხოვრებელი ფართის ღირებულება იყო, პირობითად, 100 ლარი, დღეს 4-5-6-ჯერ მეტია ანუ ასეთი პროექტების განხორციელება ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან დიდი ბენეფიტია. შემიძლია ვთქვა, რომ ქალაქში გაჩნდა კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილი, რომელიც როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იწყება ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, დაგეგმილია გუდიაშვილის, ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის, ევროპის ქუჩის რეაბილიტაციასაც იწყებს. საგზაო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.

„კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, გვინდა, კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი დავიწყოთ - აეროპორტის გადასახვევის, ევროპის ქუჩის განახლება მოვახდინოთ, სადაც ასევე, მძიმე მდგომარეობაა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, საავტომობილო მოძრაობა ერთ მხარეს ჩაიკეტება. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. აქაც ყველაფერი მოწესრიგდება - გამწვანება, გარე განათების სისტემა, დამონტაჟდება LED სანათები. როდესაც ადამიანი საქართველოში პირველად ჩამოდის, ცენტრალური გზა ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ მას ჩვენს ქვეყანასა და ქალაქზე პირველი შთაბეჭდილება შეექმნას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამასთან, თბილისის მერმა შესაბამის სტრუქტურებს მრგვალ ბაღში წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება დაავალა. მისი განცხადებით, კომპანიამ სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, ის მრგვალი ბაღის რეაბილიტაციას ვეღარ გააგრძელებს. მისი თქმით, ადგილზე არსებული სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია, რადგან სამუშაოები ფაქტობრივად შეჩერებულია, ტერიტორია გადათხრილი, ინფრასტრუქტურა კი, მოუწესრიგებელი.

„კომპანიას არ აინტერესებს არც ქალაქის მთავრობა, არც მერია, მაგრამ ჩემთვის თბილისის მოსახლეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმოქმედეთ ძალიან მარტივად. ეს კომპანია ვერ და არ გააგრძელებს სამუშაოებს. იქ არაფერი ხდება, გადათხრილია ყველაფერი და მიყრილ-მოყრილი. სამუშაოები უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. პატარა ბაღის რეაბილიტაცია ვერ მოვახერხეთ და ვსაუბრობთ მთელი ქუჩებისა და უბნების რეაბილიტაციაზე. ასეთი დამოკიდებულება ცუდია. სამწუხაროა, რომ გვყავს არაკეთილსინდისიერი კომპანიები, თუმცა მათ შესაბამისი პასუხი სჭირდებათ. ასეთმა კომპანიებმა არა თუ მერიის ტენდერებში, საერთოდ, სახელმწიფო ტენდერებში ვერ უნდა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ისინი აზარალებენ ქვეყანას, ქალაქს, მოსახლეობას და ასე შემდეგ. ასეთ დროს არავინ საუბრობს, რომ კომპანიაა პრობლემა, არამედ მერია და ქალაქის მერი. ამიტომ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ დღესვე, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროექტი. სამუშაოების ფარგლებში, მოაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურაც, რადგან იქ მძიმე მდგომარეობაა. განაახლეთ ისე, რომ ყველამ, იქ მიმსვლელმა ადამიანმა ამ პროექტით იამაყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს, კახი კავსაძეს დაბადების დღე მიულოცა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

„დღეს ერთი კარგი კაცის, მაგარი ადამიანის დაბადების დღეა - ბატონი კახი კავსაძის. მინდა, მას ეს დღე დიდი სიყვარულით მივულოცო. პირველ რიგში, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. კახი კავსაძე მართლაც სამაგალითოა იმის გამო, რაც მას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურისთვის აქვს გაკეთებული. ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს ზუსტად ასეთი ადამიანების შესახებ უნდა ვუთხრათ ყველაფერი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

05 ივნისი 2019