თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავალში მეტროს კიდევ ორი, სრულიად მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატება.

„თქვენ იცით, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ჩვენი მხრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და მოწესრიგებას. ამ პროექტის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ, მეტროს ახალი შემადგენლობა დავამატეთ, რათა მეტროთი გადაადგილება კომფორტული გახდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ მეტროს იმ არსებული ვაგონების რეაბილიტაცია, რომელსაც ამის რესურსი აქვს. მეტროს ორივე ხაზს ორი ახალი შემადგენლობა დაემატა. ასევე, უახლოეს მომავალში კიდევ ორი ახალი შემადგენლობა დაემატება, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მეტროსადგურებში მოცდის დრო შევამციროთ. გასულ წელთან შედარებით, მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაზრდილია. შესაბამისად, აუცილებელია, სერვისი იყოს გაუმჯობესებული, ვაგონები - კომფორტული, მოცდის დრო კი 2.5 წუთამდე შემცირდეს. მოცდის დრო თავიდან ოთხი წუთი იყო, დღეს ეს მაჩვენებელი სამ წუთზეა დაყვანილი. ვსაუბრობ პიკის საათებზე, როდესაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ჩვენი მიზანია, ეს დრო 2.5 წუთამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, მიწისზედა მეტროს პროექტზე ისაუბრა, რომელიც ორი მიმართულებით იგეგმება: სამგორიდან ლილოს მიმართულებით - სამგორი-აეროპორტი და თბილისის დაკავშირება რუსთავთან მეტროს ხაზით.

„გუშინ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომ წარმოადგინონ პროექტი. ასევე, უნდა შემუშავდეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ეს დოკუმენტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში დამუშავდება. რუსთავის მიმართულებით, მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა სრულ სურათს მოგვცემს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს თბილისში დაგეგმილ პროექტებს შორის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის რეაბილიტაციაც შედის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

„ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა თბილისში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა გასულ საუკუნეში თავისი იერ-სახე. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის ეროვნული დროშა. დღეისთვის, სასახლე მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, მივიღეთ შენობის რეაბილიტაციისა და მოწესრიგების გადაწყვეტილება. სასახლეს დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს - ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ ვუპატრონებთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

როგორც კახა კალაძემ სასახლის რეაბილიტაციაზე საუბრის დროს აღნიშნა, საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 10 თებერვალს დასრულდება.

„პროექტის ღირებულება 599 000 ლარია. ჩვენ პროექტებს ეტაპობრივად მივიღებთ, რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შემდეგ, შიგნითაც მასშტაბური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. სასახლის შენობა მთლიანად მოწესრიგდება და მომავალ თაობებს კიდევ ბევრი ათეული წლის განმავლობაში, სათანადოდ მოემსახურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცვლილებები შეეხება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამასაც, რომლის ბენეფიციართა რაოდენობა 850-დან 1000 ბავშვამდე გაიზრდება. შესაბამისად, ყველა ის ბავშვი, რომელიც მომლოდინეთა რიგში იმყოფებოდა, რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას შეძლებს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ აუტისტური სპექტრის მქონე 850 ბავშვს ვაფინანსებთ, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში არიან გადანაწილებული. დედაქალაქის მთავრობა წლებია, ამ მიმართულებით მუშაობს. შვიდი დაწესებულებაა, რომელიც ამ ბავშვებს მომსახურებას უწევს. როდესაც საკრებულოში ვიყავი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხრიდან დაისვა კითხვა - თუ იყო შესაძლებელი იმ ბავშვთა რაოდენობა გაზრდილიყო, რომელსაც მერია მოემსახურება და დააფინანსებს. რამდენადაც ვიცი, 130-ზე მეტი მომლოდინეს რეჟიმში იყო. ჩვენ, ჩემი თანამშრომლები, ჩემი მოადგილე სოფიო ხუნწარია პირადად იყო პროცესში ჩართული, დავსხედით ამ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბენეფიციართა რაოდენობა 1000-მდე გავზარდოთ, ანუ სრულად დავაკმაყოფილოთ ის ბავშვები, რომლებიც მომლოდინეს რეჟიმში იყვნენ. ამისთვის 3.700 მლნ ლარს ვხარჯავდით. ამ გადაწყვეტილებით კი, დაახლოებით, 445 ათასი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ ამ ოჯახებს და ბავშვებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 17 ოჯახს საცხოვრებელ ფართებს სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადასცემს.

„იცით, ჩვენი დამოკიდებულება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების მიმართ. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული და ვცდილობთ, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს საკითხი, რომლის მიხედვითაც, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული კიდევ 17 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ თანხად - ერთ ლარად გადაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, პირველ რიგში, საცხოვრებელი ფართებით იმ ოჯახების დაკმაყოფილება მოხდება, რომელთაც ყველაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ.

„აღნიშნული ფართები ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე და მდინარე მტკვარს შორის მდებარე კორპუსშია. შერჩევა ხდება სოციალურად დაუცველის სტატუსის მიხედვით. ვინც ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია და ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, პირველ რიგში, ამ ადამიანებს ვაკმაყოფილებთ. მინდა ამ ოჯახებს მივულოცო“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დაავადებული ფიჭვების მოჭრა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დადგეს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ხე-მცენარეების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა.

„დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ. მინდა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო დაავადებულ ფიჭვებთან დაკავშირებით. გასულ წელს ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც კვლევები ჩაატარეს და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში და თუ დღეს კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგეთ. შესაბამისად, „ეკოსერვის ჯგუფი“ უკვე სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რადგანაც დაავადებული ფიჭვების დიდი ნაწილი სწორედ კერძო ტერიტორიებზეა განთავსებული.

„დაავადებული ხე-მცენარეების დიდი რაოდენობა განთავსებულია კერძო ტერიტორიებზე. მინდა, მაია ბითაძეს ვთხოვო, რომ კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს დაავადება გადამდებია და თუ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამიტომ, მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო კერძო სექტორთან, რომ მათი ჩართულობითა და თანადგომით განვახორციელოთ ის პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია შპს „ტაოსთან“, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს. აღნიშნულ კომპანიას სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა.

„ჩვენთვის სკვერების, პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების შექმნა და მშენებლობა მნიშვნელოვანია. გამგეობები სკვერების მოწყობასა და მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სკვერის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი პროექტის დროს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები. რა თქმა უნდა, ბევრი კომპანია პასუხისმგებლიანია, იქცევა კეთილსინდისიერად, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ, პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. აღნიშნულმა კომპანიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ნოემბრისთვის ვერ დაასრულა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში მთელი რიგი სამუშაოები შეაჩერა.

„ეს ყველაფერი მხოლოდ გლდანისა და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხომ არ კეთდება?! მნიშვნელოვანია, ქალაქში შეიქმნას მწვანე სივრცეები, რომელშიც ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს გაკეთებული საქმის ხვალ და ზეგ გაკეთება არ მოგვიწიოს. ამ ყველაფერში ჩვენი მოქალაქეებისგან შემოსული თანხები იხარჯება. ამიტომ, ჩვენთვის ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირდაპირ ვამბობ - ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, აღნიშნულ კომპანიასთან კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდეს.

„ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყდეს. მოქალაქეები სამუშაოების დასრულებას და განახლებულ სკვერს ელოდებიან. ყველა ვამაყობთ პროექტებით, რომელიც დღეს ქალაქში ხორციელდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. კანონის ფარგლებში იმოქმედეთ, რათა დროულად მოხდეს იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც თვალში საცემია. ეს კომპანია ანალოგიურად მუშაობდა ბუშის ქუჩაზე. იქაც გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროექტების დასრულება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა ტურიზმის განვითარების მიმართულებითაც ისაუბრა და მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მუშაობის გააქტიურება დაავალა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნულმა სამსახურმა ყველა შესაბამისი პლატფორმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქალაქის პოპულარობა გაიზარდოს.

„მე მქონდა პრემიერთან საუბარი, რომ თბილისის სხვადასხვა პლატფორმაზე პოზიციონირება უნდა მოხდეს, რათა ტურისტებს ავუხსნათ, რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ჩვენი ქალაქი. მინდა, დავავალო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, ანდრია ბასილაიას - სამსახურმა გააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით და ყველა რესურსი გამოიყენოს იმისთვის, რომ ტურიზმის მიმართულებით, ჩვენი დედაქალაქის მაქსიმალური პოზიციონირება მოხდეს. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რამდენად ლამაზია ჩვენი ქალაქი და რამდენად მდიდარია მისი კულტურა, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. გვაქვს ბევრი ღირსშესანიშნაობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელთა პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსიმალურად უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი წარმოდგენილი იყოს, როგორც საუკეთესო დედაქალაქი, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი დრო გაატარონ აქ. ტურიზმიდან შემოსული თანხით კი, მოგვეცემა შესაძლებლობა, სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები დავაფინანსოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა. აღნიშნულმა კომპანიამ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კონკურსში გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს.

„როგორც იცით, კონკურსი, რომელიც დაწყებული იყო ტაქსებზე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით, უკვე დასრულებულია. ეს პირდაპირ უკავშირდება ტაქსების რეფორმას. იცით, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან ტაქსის ფერი - თეთრი განისაზღვრა. იმისთვის, რომ მძღოლებს, რომელთაც ლიცენზია ექნებათ მიღებული და ტექნიკური ინსპექტირება გავლილი, გარკვეული ხარჯები არ დააწვეთ, გადაღებვის სამუშაოების შესრულების ვალდებულებას კონკურსში გამარჯვებული კომპანია აიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, როგორც ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, გამარჯვებული კომპანია „ალმა“ ვალდებულების შესრულებას შეუდგება.

„კონკურსი ერთი კვირის წინ დასრულდა. გამარჯვებული კომპანია, პირველი მარტიდან, ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერის გაცემას უზრუნველყოფს: თეთრ ფერზე გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ტაქსის მძღოლებისგან თანხებს არ მოითხოვს. ის უბრალოდ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს და ამის სანაცვლოდ, შეღებვის სამუშაოებს შეასრულებს. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღეს. შესაბამისად, პირველი მარტიდან ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ, რომ მოქალაქეებს ინფორმაცია მივაწოდოთ, როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლება მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომელთაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი მიბმული იყო მეტროსა და ავტობუსებზე რეკლამის განთავსების აუქციონზე.

„კონკურსი მივაბით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილი მეტროსა და ავტობუსების შერჩეულ ადგილებზე რეკლამის განთავსების უფლების აუქციონს. საკმაოდ ეფექტური ვაჭრობა შედგა. დაახლოებით, 11 მილიონი ლარიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. კომპანია „ალმა“ საკმაოდ კვალიფიციური კომპანიაა და ის უკვე მზადაა, რომ პირველი მარტიდან ვალდებულება აიღოს“, - განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა.

06 თებერვალი 2019