თბილისის მერია - საქმიანობის ერთი წლის შეჯამება

ერთი წლის განმავლობაში, კაპიტალურად შეკეთდა და განახლდა ჯამში, 1 683 539 კვ. მეტრი ფართობის გზის საფარი.

დედაქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 2018 წელს 135 744 331 ლარი დაიხარჯა.  

გზის სამუშაოები დასრულებულია 12 ლოკაციაზე. განხორციელდა ფალიაშვილის, შარტავას, კოსტავას, ჭაბუკიანის, კალანდაძის, პეტრიწის, ჩიქოვანისა და კაჩინსკის ქუჩების, რობაქიძისა და სარაჯიშვილის გამზირების, ასევე, ბარათაშვილის აღმართის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაცია.

მიმდინარეობს კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია და გამყოფ გაზონზე თვალამრიდების მონტაჟი; თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთისა და მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია. ასევე, სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის მშენებლობა; მიმდინარეობს ქუჩების ადაპტირება შშმ პირებისთვის; ეწყობა ქვეითთა ინფრასტრუქტურა - ახალი გაჩერებები, გადასასვლელები და ტროტუარები.

ქალაქის მასშტაბით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, მიმდინარეობს გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწის ქვეშ განთავსება. რეაბილიტირებულ ქუჩებზე მონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ეკოგანათება (700 ერთეული LED სანათი), რომელიც ელექტროენერგიის მოხმარებას 60-70%-ით ზოგავს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, ქალაქის მასშტაბით ხორციელდება საინჟინრო ნაგებობების და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქცია; მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა; ვახუშტის, ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი (სარაჯიშვილი) ხიდების რეაბილიტაცია; მუხიანის დასახლებაში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები; დასრულდა მდინარე ვერეზე, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საქვეითო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა.        

2018 წლის განმავლობაში, „თბილისის განვითარების ფონდი“, ქალაქის ისტორიული იერსახის აღდგენა-შენარჩუნების მიზნით, მასშტაბურ სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ახორციელებს.

დასრულდა დადიანის N32 და N34-ში მდებარე შენობების, ასევე, ყავლაშვილის N9-ში მდებარე ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ილიას მუზეუმის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი; ორბელიანის მოედანზე და მიმდებარე ქუჩების საინჟინრო ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოები.

მიმდინარეობს ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 20-მდე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. მათ შორის, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლია; შენდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. პროექტის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და 20-მდე შენობის რეაბილიტაცია. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 15 ძეგლია; ხორციელდება არსებული საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 2 მლნ ლარს შეადგენს; გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა 50 მლნ ლარს შეადგენს. მიმდინარეობს ასევე, ყავლაშვილის N5 და N7-ში მდებარე სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„თბილისის განვითარების ფონდის“ გარდა, მუზეუმების რეაბილიტაციის პროცესს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურიც უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, სამი მუზეუმის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა; დასრულებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია; დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებით აღჭურვა; დაიწყო სახელოვნებო სკოლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ახალი ინვენტარით, ინსტრუმენტებითა და უსაფრთხოების სისტემით აღჭურვა.

თბილისის მერიის მიერ ფინანსდება და ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები არა მარტო კულტურის ხელშეწყობისთვის, არამედ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით. დასრულდა 1 200-ზე მეტ ბენეფიციარზე გათვლილი „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის” მშენებლობა, რომელიც ნაძალადევის კომპლექსს, საცურაო აუზებსა და სპორტულ დარბაზს მოიცავს; თბილისის ორ რაიონში - ვარკეთილსა და დიდ დიღომში დაიწყო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტების მზადება.

სამშენებლო პროცესების კონტროლისა და ქალაქის იერსახის დაცვის მიზნით, შეიქმნა მუნიპალური ინსპექცია; „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ“, რომელიც მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაიონული გამგეობებისა და „თბილისის განვითარების ფონდისთვის“ მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკურ ზედამხედველობას, შესწავლას და დასკვნების მომზადებას ახორციელებს, ISO სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მიიღო.

აშენდა და გაიხსნა 11 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის ადაპტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი, სადაც დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური, კვების და სახანძრო ნორმები; დასაქმდა 600-მდე ადამიანი; დამატებით შეიქმნა 2 875 თავისუფალი ადგილი აღსაზრდელებისთვის; მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა თბილისის 38 საბავშვო ბაგა-ბაღში; თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში მოხდა მეთოდისტებისა და აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადება, კვების კალორაჟის სტანდარტიზება და უსაფრთხოების ნორმების მიწესრიგება.

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს, თბილისის 10 რაიონული გამგეობა მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტად ახორციელებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამგეობების მიერ:

1. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 783 539 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც დაიხარჯა 35 744 331 ლარი;

2. სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 247 მისამართზე ჩატარდა. ამისთვის 8 742 011 ლარი დაიხარჯა;

3. ახალი სპორტული მოედნების მოწყობისა და ძველი მოედნების რეაბილიტაციისთვის 180 მისამართზე 4 898 332 ლარი დაიხარჯა;

4. საბავშვო გასართობი მოედნების რეაბილიტაცია 52 მისამართზე, ხოლო ფიტნეს ზონების მოწყობა-რეაბილიტაცია 117 მისამართზე განხორციელდა. ამისთვის, ჯამში, დაიხარჯა 2 446 961 ლარი;

5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 1 256 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 14 066 645 ლარი დაიხარჯა;

6. გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის (გათიბვები, ავარიული ხეების მოჭრა, სხვლა-ფორმირება, ბუჩქები, ნერგები) სამუშაოები განხორციელდა 4 318 მისამართზე და ამისთვის 1 611 894 ლარი დაიხარჯა;

7. ჩატარდა კულტურული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი 121 ღონისძიება, რისთვისაც 930 929 ლარი გამოიყო;

8. 16 მისამართზე განხორციელდა 224 ავტოფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც 251 233 ლარი დაიხარჯა. ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობა ხორციელდება;

9. მიწისქვეშა კომუნიკაციები (სანიაღვრე, წყალარინებისა და წყალსადენის ქსელები) მოწესრიგდა 169 მისამართზე, რაშიც 3 401 571 ლარი დაიხარჯა;

10. კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა 1 064 მისამართზე, რაშიც 4 330 419 ლარი დაიხარჯა;

11. გრუნტრის დამჭერი კედლების რეაბილიტაცია-მოწყობა 109 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც 4 809 760 ლარი გამოიყო;

12. სოციალური პროგრამებით (ოპერაცია, მედიკამენტები, ბინის ქირა და ა.შ.) 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რაშიც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

სოციალური მიმართულებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა სახის საქმიანობას ახორციელებს. თბილისის მერიის ინიციატივით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ. ამ დროისთვის, დაკმაყოფილებულია 411 ოჯახი. განაცხადების განხილვა-დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

შეიქმნა ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, რომლის მიზანი საბიბლიოთეკო ქსელის მოდერნიზება და განახლებული კულტურული სივრცეების დაარსებაა.

მერიის იურიდიული კლინიკა „ჩემი ადვოკატის“ საქმიანობის მაჩვენებლი 2018 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა; უფასო იურიდიული კონსულტაცია ორგანიზაციამ 16 565 ფიზიკურ პირს - სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ 2 100 მოქალაქეს, 2 884 პენსიონერს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 270 პირს გაუწია; ამავე პერიოდში, გადამზადების პრაქტიკული კურსი 600-მა დამწყებმა იურისტმა გაიარა.

გაიზარდა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსდა 2000 სტუდენტი; 2018 წელს დაფინანსდა 85 საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი, რომელშიც მონაწილეობა 30 000-მდე სტუდენტმა და ახალგაზრდამ მიიღო; 2018 წელს დაიგეგმა და მომავალი წლიდან შეიქმნება გენდერული და შშმ პირებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი; მერიის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგები გენდერული თანასწორობის საკითხებში.

პროფესიულ კოლეჯებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, გადამზადდა სამსახურის მაძიებელი 1400-მდე მოქალაქე და მერიის შუამავლობით, კერძო სექტორში დასაქმდა 800 ადამიანი; ჩატარდა ქუჩის ხელოვნების ფესტივალები, მოიხატა მიწისქვეშა გადასასვლელები, კედლები და შეიქმნა თავისუფალი ხატვის პლატფორმა; განხორციელდა თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები, ლაშქრობები და საჯომარდო ტურები ახალგაზრდებისთვის, სადაც მონაწილეობა 3000-მდე ახალგაზრდამ მიიღო; მსგავსი პროეტების განხორციელებისას, ახალგაზრდები უსასყიდლოდ სარგებლობენ საჭირო ინვენტარით, ველოსიპედებით, საჯომარდო ნავებით, კემპინგის აღჭურვილობითა და საკონფერენციო დარბაზებით.  

მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, 34 სპორტული ფედერაცია და კლუბი საჭირო ინვენტარითა და სპორტსმენთა ეკიპირებით აღიჭურვა. ასევე, დაფინანსდა საქართველოს 33 ეროვნული ფედერაცია და 16 სპორტული ორგანიზაცია; ერთი წლის განმავლობაში, სპორტული, კულტურული და ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო მიმართულებით 552 ღონისძიება ჩატარდა. მათ შორის, მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტები - „თბილისის ცის ქვეშ“ და ფესტივალი „თბი-ლისი“.

საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, ფრანკფურტში, საპატიო სტუმრის მთავარ პავილიონში ფოტოგამოფენა „თბილისი - მაგნუმის წიგნებში“ ჩატარდა, სადაც 1947 წლიდან 2018 წლამდე შექმნილი ის ნამუშევრები გამოიფინა, რომლებიც „მაგნუმ ფოტოს“ დამაარსებლებმა და საერთაშორისო დონის ფოტოგრაფებმა თბილისში მოგზაურობისას გადაიღეს.

2018 წელს მოხდა „სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების“ პროგრამის მართვის სრული ავტომატიზაცია; მოქალაქეებისთვის გამარტივდა მომსახურების მიღება; გაფართოვდა „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამა და დაემატა მესამე ლოკაცია გლდანის რაიონში, რომელიც დღეში 100-ზე მეტ პაციენტს ემსახურება; ეროვნული სკრინინგ ცენტრი აღიჭურვა სამი ახალი მაღალტექნოლოგიური მამოგრაფით; ტრანსპლანტაციის პროგრამას დაემატა ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი, რომლის ფარგლებშიც, ღვიძლის ტრანსპლანტაციას 60 000 ლარით აფინანსებს; მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 2018 წელს ოპერაცია და მედიკამენტები 30 000 ადამიანს დაუფინანსა.

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაემატა 10 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალება; სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები აღიჭურვა პლანშეტური კომპიუტერებით; გაუმჯობესდა მომსახურების ხარისხი და ოპერატიულობა; ინერგება დისპეჩერიზაციის პროტოკოლები, რაც მომსახურების ნაწილში ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებას მოიტანს.

თბილისის მერიამ ახალი ეკოსატრანსპორტო პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ჰაერის დაბინძურების მკვეთრი შემცირება და ქალაქის საცობებისგან განტვირთვაა.

ამ მიზნით:

1. თბილისისთვის უკვე შეძენილია - ევრო 6 - დიზელზე მომუშავე, 10-მეტრიანი MAN-ის ფირმის 90 ახალი ავტობუსი;

2. დასრულდა 220 ერთეული დიზელის ძრავიანი 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა;

3. 2019 წლისთვის მზადდება ტენდერი 240 ერთეული CNG და ელექტრო ძრავზე მომუშავე 8 და 10-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე;

4. 2020 წლიდან თბილისში დამატებით, 200 ერთეული ახალი სტანდარტის 18-მეტრიანი ელექტროავტობუსები შემოვა და მათთვის სპეციალური, სწრაფი გადაადგილების დერეფნები შეიქმნება;

5. ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საერთო ჯამში, 750 ერთეული ავტობუსის შეძენა ხორციელდება, რომელიც არსებულ ძველ ავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებს და მათ რაოდენობას 200 ერთეულით გაზრდის.

ავტოპარკის ზრდის პარალელურად, მიმდინარეობს ოპტიმალური სამარშრუტო სქემის შემუშავება.

  1. 2019 წელს დედაქალაქს მგზავრთა ინტერესების გათვალისწინებით, ავტობუსების ქსელის მოწყობის დეტალური პროგრამა ექნება, რომელსაც ფრანგული კომპანია „სისტრა“ ამუშავებს;
  2. სამარშრუტო სქემის ოპტიმიზაციის ფარგლებში, ეწყობა 11 ძირითადი სატრანზიტო დერეფანი, რომელიც დიდი ტევადობისა და კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიტვირთება;
  3. ტრანსპორტის სწრაფი გადაადგილებისთვის 11-ვე დერეფანზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლები, რაც კერძო ტრანსპორტთან შედარებით, მგზავრობის დროს შეამცირებს;
  4. კეთილმოეწყობა საქვეითე და გაჩერებების ინფრასტრუქტურა;
  5. პარალელურად, მიმდინარეობს ქუჩების გამყოფი და განაპირა ზოლების, ასევე, მთავარი გამზირების გამწვანების მასშტაბური სამუშაოები;
  6. მდინარე მტკვრის საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების კვლევის ჩატარებაში თბილისის მერიას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება.

თბილისის პარკინგის სისტემის ადმინისტრირება

  1. ქ. თბილისის მერიის მიერ გაუქმდა ხელშეკრულება კომპანია „სითი პარკთან“ და პარკირების მართვის სისტემა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცა;
  2. ამოქმედდა თბილისის პარკინგის მომსახურების სერვის ცენტრი;
  3. გამოიცვალა 9000 პარკინგის ნიშანი;
  4. დაიხაზა და კეთილმოეწყო 8000 კვ.მ პარკირების ადგილი;
  5. 2019 წლიდან ზონალური პარკირების სისტემის საპილოტე პროექტის ამოქმედება იგეგმება;
  6. პარკირებასთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვის პარკირება სრულიად უფასო იქნება;
  7. ზონალურ-საათობრივი პარკირების შედეგად შემოსული თანხით, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდება;
  8. ელექტრომანქანების მფლობელებისთვის, ზონალურ-საათობრივი პარკირება სრულიად უფასო იქნება;
  9. მერია მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, ელექტროტრანსპორტის დამტენ მოწყობილობებს სრულიად უფასოდ დამონტაჟებს.
  • TAXI თბილისი
  1. 2018 წელს ტაქსით მომსახურებაზე ნებართვის გაცემა დაიწყო;
  2. ეტაპობრივად მიმდინარეობს ტაქსების სტანდარტიზების პროცესი;
  3. 2019 წლიდან ნებართვის გაცემისას ამოქმედდება მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი რეგულაციები;
  4. რეგისტრაციაგავლილი ტაქსებისთვის, უფასოდ გამოიყო სპეციალური საპარკინგე ადგილები;
  5. ტაქსის მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ქიმწმენდისა და ღებვის ვაუჩერები;
  6. ეკოპოლიტიკის გათვალისწინებით, ჰიბრიდული ავტომანქანის შემთხვევაში, ტაქსით მომსახურების საფასურზე მერია გარკვეულ შეღავათებს აწესებს, ხოლო ელექტროტრანსპორტის შემთხვევაში, სანებართვო მოსაკრებლისგან სრულად ათავისუფლებს;
  • მეტროს სრული რეაბილიტაცია და მიწისზედა მეტროს განვითარება
  1. დაგეგმილია ჯამში, 22 მეტროსადგურის რეაბილიტაცია;
  2. თბილისის „მეტროპოლიტენს“ დაემატება 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შემადგენლობა;
  3. მოცდის რეჟიმი მცირდება და იზრდება გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა;
  4. საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს განვითარებას იწყებს, რომლის განხორციელების შედეგადაც, დედაქალაქს შვიდი ახალი მეტროსადგური დაემატება;
  5. დამოუკიდებელი მიწისზედა მეტროს ხაზი, მეტროსადგურ „სამგორიდან“ აეროპორტის ჩათვლით, ლილოს ბაზრობამდე რვა ახალ სადგურს დააკავშირებს;
  6. პარალელურ რეჟიმში, ხორციელდება თბილისის მეტროს რუსთავთან დაკავშირების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც, მეტროს ხაზით რუსთავთან დაკავშირების ოპტიმალური მარშრუტი შეირჩევა;
  7. სწრაფი და იაფი ტრანსპორტის განვითარებით, ახალ მარშრუტებზე წვდომა 260 000 ადამიანს გაუჩნდება.

პროექტ „თბილისის ავტობუსების“ ფარგლებში, სატრანსპორტო კომპანიაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) დახმარებით, თანაბარი შესაძლებლობების, კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მიმართულებით, პროექტები ხორციელდება; თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ, ავტობუსის ქალი მძღოლების მოსამზადებელ კურსზე გადამზადების პირველი ეტაპი გამოცხადდა, სადაც სწავლებას ცხრა ქალი გადის; კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროექტის მონაწილეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე დასაქმდებიან.

თბილისის ეკონომიკის განვითარების მიზნით, 2018 წელს რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის, „თბილისური ბაზარი“; შემუშავდარადიოქალაქის ახალი პროექტი, რომლის განხორციელებისთვის საჭირო საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს. შედეგად, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება.

ღამის ეკონომიკის ფარგლებში, ამოქმედდა „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი; ყოველ პარასკევსა და შაბათს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“, „ღამის ავტობუსი“ მოძრაობს, რომელიც მგზავრებს გასართობ და კულტურულ ცენტრებთან აკავშირებს; თბილისში ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი neWon, რომლის ფარგლებშიც, თბილისს 13 საერთაშორისო სპიკერი და ღამის ეკონომიკის ექვსი მერი ეწვია.

შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომლის ძირითადი საქმიანობა ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ქალაქგანვითარების პროცესების მართვაა; განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების პროცესში, თბილისის მერიის ურბანული განვითარების, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა გახდა სავალდებულო; შემუშავდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და მიმდინარეობს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და რეგულირების წესების განახლებული ვერსიის მზადება; მოქალაქეთა მომსახურებისთვის შეიქმნა ახალი ვებ-პორტალი www.urban.tbilisi.gov.ge.

განხორციელდა საკონონმდებლო ცვლილებები და ახალი პროექტები გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში:

1. დამუშავდა გეგმარებითი დოკუმენტაციის გზამკვლევი, ასევე, მშენებლობის განხორციელების პროცესში გამწვანების პროექტის სტანდარტი და სახელმძღვანელო პრინციპები;

2. დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის ხე-მცენარე, რომელიც თბილისის ლანდშაფტის, კლიმატისა და არქიტექტურის შესაბამისია;

3. ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, თბილისის მერიამ „სამშენებლო მტვრის წარმოქმნის პრევენციის შესახებ“ კანონპროექტი შეიმუშავა, რაც შენობების შეფუთვის ნორმების დარღვევის, ღია სატრანსპორტო საშულებით ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირებისა და მსგავსი მოქმედებების გამო, რეგულაციების გამკაცრებას ითვალიწინებს;

4. თბილისის გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის მიზნით, შეიქმნა შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“, რომელსაც მოვლა-პატრონობაში 10 დიდი პარკი, 53 შადრევანი, სოკოს ფორმის 52 სასმელი შადრევანი, ცენტრალური გამზირების გამწვანებული ზოლები და სკვერები გადაეცა.

1993 წლის შემდეგ, პირველად, თბილისის ტერიტორიაზე ჩატარდა 12 000 ჰექტარი სატყეო ფართობის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმის შედგენის პროექტი; წლის ბოლომდე 110-მდე ლოკაციაზე, ჯამში, 6500 ძირი, სამ მეტრზე მაღალი, 23 სახეობის ხე დაირგვება; შეიწამლა 98 000 ხე-მცენარე, წლის ბოლომდე კი 120 000 ხე-მცენარე შეიწამლება; დედაქალაქში ხეების სანიტარული ჭრა ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო; ჯამში, 20 000 ძირი ხმელი და ზეხმელი ხე მოიჭრება; უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, ამაღლდა სანიტარული ჭრის სტანდარტი, 2019 წელს კი ტერიტორიების აღდგენა და ხელახალი განაშენიანება დაიწყება; მიმდინარეობს სკვერებისა და პარკების რეაბილიტაცია განახლებული დენდროლოგიით, საბავშვო მოედნებით, საპიკნიკე სივრცეებით, ღია კინოთატრებით, ძაღლების სასეირნო სივრცეებითა და ცხოველების კვების აპარატით.

მოეწყო ოთხი დიდი პარკი:

  1. წურწუმიას ქუჩაზე;
  2. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე;
  3. გლდანის მეექვსე მიკრორაიონში;
  4. გოძიაშვილის სახელობის პარკი;

დასვენების ადგილების განვითარებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ორი დიდი საქალაქო პარკის მოწყობა თემქის ხევის ტერიტორიასა და დიღმის ჭალებში.

თბილისის ბოტანიკური ბაღის საზღვრები 2018 წელს 17 ჰექტარით გაიზარდა. მისი სრული ფართობი 115 ჰექტარს შეადგენს; ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სათავგადასავლო ველობილიკის მოწყობა; დამონტაჟდა ეკოგანათების 19 ბოძი.

თბილისის მერიამ შეიმუშავა მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია; ინერგება სეპარირების სისტემა; „თბილსერვის ჯგუფმა“ საერთაშორისო გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ქალაქის მასშტაბით უკვე დაიწყო ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი ურნების განთავსება; ნარჩენები გადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავდება, წარმოქმნილი მეორადი პროდუქტი კი -რეალიზდება; 2019 წლიდან იწყება ბიოლოგიურად სუფთა სასუქის წარმოება - ნედლეულად გამოყენებული იქნება მწვანე ნარჩენები, რომლებიც აქამდე ქალაქის ნაგავსაყრელზე ხვდებოდა;

„თბილსერვის ჯგუფმა“ 2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, თბილისისთვის 3 700 ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა; უახლოეს მომავალში, კომპანიის სპეციალური ავტოპარკი 80 ახალი ნაგამზიდი მანქანით განახლდება; დაგეგმილია შვიდი სრულიად ახალი, მექანიკური დამგველის შესყიდვა, რომლის ანალოგიც თბილისს აქამდე არ ჰყოლია; მიმდინარეობს მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია; „თბილსერვის ჯგუფმა“ სარემონტო სამუშაოები ორ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა; გმირთა მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, ქუჩის მხატვრების ჩართულობით, კედლები მოიხატა, ხოლო სასტუმრო „რუმსის“ მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელს სარემონტო სამუშაოების შედეგად, პირვანდელი იერსახე დაუბრუნდა; დედაქალაქის მასშტაბით, მხატვრული მინათების ორი დასამახსოვრებელი პროექტი განახორციელდა - მეტეხის კლდისა და აზეულას ციხის, იგივე ქოროღლის მხატვრული განათება. მხატვრული მინათების შემთხვევაშიც, ეკონომიური LED განათება გამოიყენება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა დაცვისა და მოვლა-პარტონობის მიზნით, სხვადასხვა ტიპის პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის სააგენტოს ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, სანქციების გამკაცრებას - საზოგადოებრივ შრომას, ჯარიმებს და თავისუფლების აღკვეთასაც კი ითვალისწინებს; თავშესაფარში გაიზარდა ვეტერინარების, ფერშლების, სანიტარული დამლაგებლებისა და კინოლოგების რაოდენობა; ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა ინტენსიური მომზადების კურსი გაიარეს; ერთი წლის განმავლობაში, სამაშველო ოპერაციების შედეგად, გადარჩენილია 360 ცხოველი; ქირურგიული დახმარება გაეწია 811 ტრავმირებულ ცხოველს; ჩატარდა კასტრაცია-სტერილიზაციის 3000-მდე ოპერაცია; ცოფის ვაცქინაცია ჩაუტარდა 3 510 ცხოველს; თავშესაფარიდან გაჩუქდა 468 ცხოველი, ხოლო 76 - პატრონს დაუბრუნდა.

 

 

თბილისის მერია

04 დეკემბერი 2018