დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყო. მთავრობის წევრებმა პატივი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე გარდაცვლილ ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას მიაგეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო, მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

„გადმოასვენეს მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ტრაგედიაა, როცა ომი იწირავს გმირებს, მაგრამ კატასტროფაა, როცა მშვიდობიან პერიოდში გიკლავენ ძმას, შვილს, მამას. ვგლოვობთ მის მშობლებთან, სოფელთან და მეგობრებთან ერთად. მთელი საქართველოა ჭირისუფალი. მინდა გთხოვოთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კომპანია „სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია, რადგანაც კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს.

„მინდა გამოვეხმაურო „სითი პარკის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს. სამწუხაროდ, კომპანიის მხრიდან არის მცდელობა, აღნიშნული პროცესი პოლიტიკურ ჭრილში განიხილოს, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შეუსრულებლობის გამო მოხდა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირების ყოველგვარი მცდელობა საფუძველს მოკლებულია და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 10 აპრილამდე კომპანია ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს, ხოლო 10 აპრილიდან დედაქალაქში პარკირების მენეჯმენტს სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

დედაქალაქის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, შეეხო „სითი პარკის“ თანამშრომლების საკითხს. კახა კალაძემ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს დაავალა, რომ კომპანიის 120-მა თანამშრომელმა მუშაობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაგრძოს.

„ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ყველა ადამიანის ბედი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მინდა დავავალო სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს, მამუკა კობახიძეს, რომ ის 120 თანამშრომელი, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, მათი გამოცდილება იქნას გამოყენებული და თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გადმოვიყვანოთ. ეს ადამიანები მათი კომპანიის ქმედებების გამო არ უნდა დაზარალდნენ. პირიქით, მათი გამოცდილება გამოყენებული იქნება პარკირების სისტემის მართვისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს ასევე დაავალა, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო ზომები იმისთვის, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში მოეწყოს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა, იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ამოქმედებაა, რომლის თანახმადაც, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე, ისევე, როგორც უნებართვო მშენებლობასა და პროექტის დარღვევით სამშენებლო სამუშაოების წარმოებაზე, საჯარიმო სანქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისის მერმა საკანონმდებლო ორგანოს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ ცვლილებებით, მივაღწევთ იმას, რომ მშენებლობებზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჯარიმები ფაქტობრივად გაათმაგდა - დარღვევები 3000 ლარიდან 30 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო მეორე შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ყველაფერი გაკეთდა არა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი კომპანია დავაჯარიმოთ, არამედ იმისთვის, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, სამშენებლო ობიექტებზე გარდაცვლილი ადამიანების რიცხვმა იმატა, რაც დედაქალაქის მთავრობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რა თქმა უნდა, შევძლებთ იმას, რომ როგორც დამკვეთი, ასევე შემსრულებელი იყოს მოტივირებული, რომ მის ობიექტზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ სფეროში მომდევნო თვეების განმავლობაში, ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას ვგეგმავთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მენაშენეთა ასოციაციასთან იქნება გავლილი, ვინაიდან სამშენებლო სექტორი ქალაქის ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ მოადგილეებისგან დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიშიც მოისმინა.

მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დაწყებულია კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„აღნიშნული სამუშაოებისთვის წლევანდელ ბიუჯეტში, დაახლოებით, 8,5 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ორი მილიონი ლარის ინვესტიციას GWP განახორციელებს, რადგან საკომუნიკაციო ქსელი სრულად შეიცვლება. სამუშაოების დასრულება სექტემბერი-ოქტომბრისთვის იგეგმება. გარდა ამისა, მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს ცენტრალური ზოლის შეკეთება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს ასევე, კახეთის გზატკეცილის კეთილმოწყობა დაავალა, რადგან მისი თქმით, საჭიროა, განახლდეს გზაგამყოფები და ბორდიური, მოეწყოს განათება და ტერიტორია გამწვანდეს. კახა კალაძის განცხადებით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც.

თბილისის მერი ასევე, დედაქალაქში სტრიტ არტის სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. მან მერის მოადგილეს სოფიო ხუნწარიას დედაქალაქში იმ ადგილების განსაზღვრა დაავალა, რომელიც სამომავლოდ უნდა მოიხატოს.

„ეს არის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ფორმა და თვითგამოხატვის საშუალება. ჩვენ ამ მიმართულებით ერთი პროექტი უკვე განვახორციელეთ და საკმაოდ წარმატებული იყო. ვგულისხმობ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვას. მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, არქიტექტურის სამსახურთან ერთად, მოიძიონ ქალაქში კონკრეტული ადგილები, რაც სამწუხაროდ ბევრი გვაქვს - უსახური შენობები, კედლები, ხიდები და მიწისქვეშა გადასასვლელები. გთხოვთ, გამოყოთ ასეთი ადგილები. მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება. ახალგაზრდებს მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი ნიჭი ქალაქს მოახმარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მთავრობის სხდომის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას მოუწოდა, მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღონ.

22 მარტი 2018