თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

დედაქალაქის მერმა მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა და საკანონმდებლო ორგანოს სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრების საკითხთან დაკავშირებით, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ინიციატივით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ყველას გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოება იყოს დაცული და მაღალი სტანდარტი დამკვიდრდეს. იმედი მაქვს, ასეც მოხდება - გაიზრდება სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ნორმების შესრულების მაჩვენებელი და არა დაჯარიმებული კომპანიების რიცხვი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი იმედოვნებს, რომ მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები ახალ რეგულაციებს გაითვალისწინებენ და ამ მიმართულებით, დედაქალაქში უსაფრთხო გარემო შეიქმნება.

„თითოეული ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა. არ შეიძლება გულგრილი ვიყოთ და არ გავუფრთხილდეთ მას. იმისათვის, რომ მივიღოთ უსაფრთხო გარემო, ერთი მხრივ, საჭიროა წესების არსებობა და მეორე მხრივ, მათი დაცვა. საჯარიმო სანქციები არ არის ერთადერთი საშუალება ამ წესების შესრულების უზრუნველსაყოფად. საჭიროა, შევთანხმდეთ ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე. ჩვენ მშენებლებთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, რომელთაც ჩვენი ხედვები და მიდგომები გავაცანით. იმედი მაქვს, ისინიც გაითვალისწინებენ ცვლილებებს და უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერია ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე, კერძო კომპანიებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

„ქალაქში არის 10 ლოკაცია, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები. ინტერესთა გამოხატვა 60 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ და შეისწავლონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც ჩვენ მიერ იქნება წარმოდგენილი ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით“, - განმარტა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელებამდე ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები ჩატარდება. საპარკინგე ინფრასტრუქტურა კი, 180 ავტომანქანაზე იქნება გათვლილი.

„ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაა, რომ საპარკინგე ადგილების 5% გათვალისწინებული იყოს ელექტრომობილებისთვის და ამ ადგილებზე სპეციალური დამტენები დამონტაჟდეს. მთლიანობაში, აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის. პროექტის შესწავლა, ასევე, სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება და ამისთვის, მუნიციპალიტეტიდან საბიუჯეტო სახსრები არ გამოიყოფა. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვას ვაცხადებთ. რა თქმა უნდა, მომდევნო დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში, ჩვენ სხვა პროექტებს წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თბილისის განახლებული ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და საზოგადოებას მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეულ წევრს, რომელმაც 2018 წლის თბილისის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტის ოდენობა გაიზარდა - იყო 861 მილიონი და ცვლილების შედეგად, 897 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი. გაზრდილი თანხა 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შემოყვანას მოხმარდება. გამწვანების ღონისძიებებისთვის ოთხი მილიონი ლარი იქნება მიმართული. ოთხი მილიონი გამოიყოფა ასევე, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოადგილეებს დაავალა, იმ საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სადაც არსებული მდგომარეობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს ახალი ბაღების მშენებლობა, თუმცა რამდენიმე ბაღში იმის გამო, რომ იქ არსებული მდგომარეობა მძიმე იყო, სწავლა შევწყვიტეთ და მინდა მოადგილეებს დავავალო, რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ბაღების რეაბილიტაცია. თანხები მობილიზებულია, ოთხი მილიონი არსებობს ამისთვის და რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პროექტის განხორციელება, რომ ბავშვები თავიანთ ბაღებს დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და სისუფთავის დაცვის მიზნით, პირველი მარტიდან, ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე საპილოტე პროექტის განხორციელება დაიწყება.

მისი თქმით, პროექტი ვაკის პარკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე და მის მიმდებარე ქუჩებზე, ნაგავშემკრები კონტეინერების 22:00 საათიდან დაცლას ითვალისწინებს.

„იმისათვის, რომ საპილოტე პროექტმა გაამართლოს და მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და მოსახლეობის მხრიდან გათვალისწინება, რომ კონტეინერების ავსება საღამოს საათებში მოხდეს და არა დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული მიმართულება საცობების პრობლემას ვერ მოაგვარებს და ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება, თუმცა ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმისა, რომ გარკვეულწილად, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობის განტვირთვა შევძლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, პირველი მარტიდან დედაქალაქის მთავრობის კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება, რომლის შედეგადაც, თბილისის 14 ქუჩაზე მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერდებიან.

„აქამდე მოქმედი გაჩერების წესი ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს მნიშვნელოვნად ზრდიდა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გთხოვთ, მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია მოსახლეობას, თუ რომელი ქუჩებია, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს მიკროავტობუსები. ამ პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მას ანალოგიურად, მთელი თბილისის მასშტაბით განვახორციელებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, საცხოვრებელი ფართების დაკანონებაა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში მცხოვრებ 38 ოჯახს გადაეცემა.

„38 ოჯახს, რომელიც წყნეთის გზატკეცილზე, მეხუთე კორპუსში 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, ფართები ერთ ლარად გადაეცემა. ეს ადამიანები ყოველდღე ელოდებიან, რომ ფართი გადაეცემათ. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს და წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება.

20 თებერვალი 2018