თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის 2015 წლის ანგარიში

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ ჭიჭინაძემ 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის მთავრობის წევრები, დარგის სპეციალისტები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დავით ნარმანიას განცხადებით გასულ წელს ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურმა აქტიურად იმუშავა.  

"ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით. სამსახური ძირითადად პოლიტიკის განსაზღვრით და დონორებთან კოოორდინაციით იყო დაკავებული, ასევე ხორციელდებოდა საინვესტიციო პროექტების კოორდინაცია. 2016 წელს სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო მეტად ვააქტიურებთ იმ თვალსაზრისით, რომ იზრდება დონორებთან კოორდინაციის კომპონენტი სამსახურში. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, რომ სამსახურის ბაზაზე იქნება მეწარმეებთან ურთიერთობის მიმართულება, რაც მორგებული იქნება მეწარმეთა საჭიროებებზე",- განაცხადა თბილისის მერმა.  

ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 2015 წელს 3,72 მლნ ლარს შეადგენდა. შესრულების მაჩვენებელმა 3,68 მლნ ლარი შეადგინა, რაც სამსახურის ბიუჯეტის 99%-ს წარმოადგენს.  

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის მიერ "იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტის" ფარგლებში დაფინანსდა 13 ადგილობრივი ბიზნესი, მათ შორის სესხი მიიღეს როგორც 13 ივნისის სტიქიით, ასევე ხანძრით დაზარალებულმა კომპანიებმაც. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სესხი 6%-ად, დაზარალებული ბიზნესის შემთხვევაში კი 3%-ად გაიცა.  

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით "მეწარმეობის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა პირმა გაიარა გადამზადების კურსები. მათ შორის 450 მეწარმეს ტრენინგი საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლებსა და ფინანსების მართვაში, სამეწარმეო და საგადასახადო კანონმდებლობასა და სახელმწიფო შესყიდვებში ჩაუტარდა. 

სპეციალური სასწავლო კურსი გაიარეს სასტუმროების მენეჯერებმა, რეგისტრატურის, კვების ბლოკის და ნომრების მომსახურე თანამშრომლებმაც (300 თანამშრომელი). კურსის მონაწილეები ეფექტური მომსახურების პრინციპებს და სტანდარტებს, მომსახურების სფეროში შექმნილი პრობლემური სიტუაციების მართვის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის საკითხებს და სხვა, სასტუმროს პერსონალისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაეცნენ. გარდა ამისა, სამსახურის მოწვევით მარკეტინგის ჰოლანდიელმა ექსპერტმა იაკობ ვან დრევენმა სასტუმროების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის მენეჯერებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.  

სამსახურის ორგანიზებით დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით  ტრენინგკურსი გაიარა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 200-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეები ანაზღაურებადი სტაჟირების სამთვიან პროგრამაშიც ჩაერთნენ. მათი ნაწილი უკვე დასაქმებულია საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა "დავითიანნის" სოციალურ საწარმო "სათამაშოების სახლში".

ტრენინგი ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ოსტატებსაც ჩაუტარდათ. პროექტი „ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადება“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

სამსახურის მიერ მომზადდა საკითხი სპორტის დარგში ქონების გადასახადის არსებული განაკვეთის 1000-ჯერ შემცირების შესახებ. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ” დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სპორტის დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1%-ის ნაცვლად 0,001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი ძალაში უკვე შევიდა და 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხულ ქონებას, კერძოდ, სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხება. 

თბილისში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერის მიზნით სამსახურმა რამდენიმე ღონისძიება განახორციელა. მოხდა დედაქალაქში არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების აღჭურვა ბარკოდებით (აღიჭურვა 59 ტურისტული ობიექტი). ასევე შემუშავდა ძველი თბილისის საფეხმავლო ტური - “ძველი გალავნის მარშრუტი” და დამონტაჟდა 1233 მანიშნებელი.  ტური წრიულია და მისი სიგრძე 5800 მეტრია. 

სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა დედაქალაქის ბრენდული სუვენირის შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგადაც თბილისის ბრენდული სუვენირის სტატუსი სამმა ნამუშევარმა მიიღო. საუკეთესო ნამუშევრებს შორის დასახელდა: ვიტრაჟული მინის ვაზა, ხეზე ამოტვიფრული ძველი თბილისის ხედი და დეკორატიული საკიდი, მედალიონი.  

ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენს. სამსახურის ორგანიზებით ენერგოეფექტური ღონისძიებები განხორციელდა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც დამონტაჟდა გათბობის ცენტრალური სისტემა, მოხდა შენობის დათბუნება და დამონტაჟდა მზის კოლექტორები. მერიის მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დაიხარჯა 26 ათას ლარზე მეტი. 

მომზადდა მდგრადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის საინფორმაციო ცენტრის კონცეფცია. რომელიც  საზოგადოებისთვის სადემონსტრაციო ფიზიკური სივრცის შექმნას გულისხმობს. ცენტრში ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის  შესაძლებელი იქნება ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციის მიღება, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების, მოწყობილობების, ექსპონატების, საინფორმაციო მასალების გაცნობა და დათვალიერება.

 

 

27 იანვარი 2016