ბახტრიონის ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.

„ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა იყო დაზიანებული. დაზიანება გამოიწვია კორტების სამშენებლო სამუშაოებმა. ძირითადად, დამჭერი კედლის პრობლემა იყო. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები. ეს ყველაფერი კომპანიამ გამოასწორა. პირველი, რაც გაკეთდა სამუშაოების ფარგლებში და რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიწყებდით გზის მოწესრიგებას, ესაა დამჭერი კედლის მოწყობა. ამჟამად მუნიციპალური სამსახური უკვე შემოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. თვის ბოლოს გზა აღდგენილი იქნება, ტერიტორია - მოწესრიგებული, მოეწყობა გამწავენებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო. გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაზო ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.

01 აპრილი 2024