თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო პაკეტი ბინადარ ცხოველთა შესახებ, რომლის დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა.

„შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ ჰუმანურია, ამავე დროს კი ეფექტიანად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და ქუჩაში გაგდების პრობლემებს. მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხის გადაჭრას ჰუმანური და ეფექტური გზებით გეგმავს.

„კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და თავშესაფრის გამტარუნარიანობა. ამ მიმართულებით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება.

„პოპულაციების მართვის ცენტრის მშენებლობის შესაბამისი ხელშეკრულება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის უკვე გაფორმდა. პროექტის ფარგლებში, 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი, თავისი პოსტოპერაციული სივრცით მოეწყობა. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემებით, ასევე, გათბობა-გაგრილების სისტემით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და აქ ცხოველების გადაყვანა მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, სამომავლოდ კი არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია იგეგმება.

„მობილური ვეტკლინიკა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება. მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება არსებული თავშესაფრის რეაბილიტაცია. ცხოველების შიდა და გარე ვოლიერები, ლაბორატორიისა და საოპერაციო ბლოკი განახლდება და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობებით აღიჭურვება. თავშესაფარი დააკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც აღიარებულია ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა.

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თავშესაფრის გამტარუნარიანობას და შესაბამისად, სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქართველ სპორტსმენებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ორმა თანამემამულემ ძალიან გვასახელა და გაგვახარა. მერაბ დვალიშვილმა და ილია თოფურიამ შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვეს. ილია თოფურია პირველი ქართველია, ვინც ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა თავისი შედეგი გააუმჯობესა. მას ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს და ეჭვი არავის გვეპარება, რომ სამომავლოდ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს. მთელი საქართველო გულშემატკივრობდა მათ. ჩვენც ვუერთდებით ამ სიხარულს. მინდა, ორივეს მივულოცო და ბევრი წარმატება ვუსურვო“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ მადლობა გადაუხადო კომპანია „ალმას“, რომელმაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა მისცა, ორთაბრძოლები ქალაქის მასშტაბით დამონტაჟებულ მონიტორებზე ენახათ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე არსებული ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის მეექვსე ფილიალის რეაბილიტაცია დასრულდა. ის თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია და, დაახლოებით, 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ. ფილიალში ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები: შეიცვალა კომუნიკაციები, ელექტროგაყვანილობა, სრულად განახლდა ავეჯი, წიგნის საცავი, ფილიალს დაემატა საერთო სამუშაო სივრცეები, კომპიუტერები, პატარა მკითხველებისთვის ცალკე კუთხე მოეწყო. ცხადია, განახლდა წიგნადი ფონდი. ეს ფილიალი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა დიღომს. დარწმუნებული ვარ, განახლების შემდეგ, ძველებთან ერთად უამრავ ახალ მკითხველსაც შეიძენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დედაქალაქის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების არა მხოლოდ რეაბილიტაცია მიმდინარეობს, არამედ შენდება მედიათეკებიც, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე გარეუბანს ახალ სიცოცხლეს შესძენს.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ყურადღება კონკურს „შემოქმედებით თბილისზეც“ გაამახვილა, რომლის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსის სამ მიმართულებას ახალი მიმართულება - მედია ხელოვნება დაემატება, განაცხადების მიღება კი ამ მიმართულებით 28 თებერვლიდან იგეგმება.

„უკვე რამდენიმე წელია ვატარებთ კონკურსს - „შემოქმედებითი თბილისი“ და ძალიან ბევრ ხელოვანს, ბევრ პროექტს ვუწყობთ ხელს განვითარებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, 200-მდე პროექტი დაფინანსდა ამ კონკურსის ფარგლებში და კვლავ ვაგრძელებთ საინტერესო შემოქმედებითი იდეების რეალიზების ხელშეწყობას. დღეიდან დაიწყება განაცხადების მიღება კონკურსის პირველ ეტაპზე და 14 მარტის ჩათვლით, პროექტები მიიღება სამი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. რაც შეეხება მედია ხელოვნების მიმართულებას, როგორც მოგეხსენებათ, 2021 წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ წევრი მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს. ეს სიახლე შესაბამისად აისახა, როგორც თბილისის ბიუჯეტში, ასევე, კულტურის სფეროს მიმართულებით საქმიანობაში და კონკურსში - „შემოქმედებითი თბილისი“. კერძოდ, გაჩნდა ახალი, პრიორიტეტული მიმართულება - მედია ხელოვნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრის სტატუსს კიდევ რამდენიმე წელი შეინარჩუნებს, რაც მუნიციპალიტეტს გარკვეულ პასუხისმგებლობას და ვალდებულებებს აკისრებს.

„აქედან გამომდინარე, მედია ხელოვნების მიმართულებით განაცხადების მიღება ოდნავ შეცვლილი მოთხოვნებით, 28 თებერვლიდან იგეგმება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დედაქალაქში განხორციელდა, „დაასკანერე თბილისია“, რომლის ფარგლებშიც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე QR კოდები განთავსდა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნული ძეგლების შესახებ საინტერესო ინფორმაციას აწვდის.

„თბილისელებისა და ჩვენი დედაქალაქის სტუმრებისთვის ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა კომპანია „სილქნეტისა“ და SOLARTIA GROUP-ის პარტნიორობით, რომელსაც თბილისის მერიამ დაუჭირა მხარი. პროექტის სახელწოდებაა SCANTBILISI – „დაასკანერე თბილისი“ და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განთავსებული QR კოდების საშუალებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აწვდის საინტერესო ინფორმაციას აღნიშნული ძეგლების შესახებ, ქართულ და ინგლისურ ენაზე. დედაქალაქისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. ჯამში, კულტურული მემკვიდრეობის 187 ძეგლზე განთავსდა QR-კოდი და მომზადდა შესაბამისი ინფორმაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.scantbilisi.ge, რომელიც ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. ვებგვერდზე თბილისში მდებარე ისტორიული ძეგლების სრული ჩამონათვალია განთავსებული და დეტალური აღწერა ახლავს.

„ვამაყობთ, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გვაქვს. „თბილისის განვითარების ფონდთან“ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და განახლებას ემსახურება. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძეგლების შენარჩუნებას, განახლებას და რეაბილიტაციას,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა როგორც კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ხელოვნებათმცოდნეებსა და დარგის სხვა სპეციალისტებს, რომლებიც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში იყვნენ ჩართული.

კახა კალაძემ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობამ სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო.

„საბურთალოს გამგეობამ სოფელ დიღომში, გ. ათონელის ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა დაიწყო. აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაში იყო. ადგილზე განთავსდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცე. ასევე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები დამონტაჟდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ამავე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

21 თებერვალი 2024