დედაქალაქის მერმა ივერთუბანში მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ივერთუბანში, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 6400 კვ. მ ფართობზე სკვერი მოაწყო.

ახალი რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან, პარლამენტისა და საკრებულოს წევრებთან და ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა.

„ივერთუბანში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის პროექტი განვახორციელეთ. ჯერ კიდევ არჩევნების დროს ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული სივრცე, რომელიც ფაქტობრივად ჭაობი იყო, მთლიანად მოწესრიგდებოდა და სკვერს მოვაწყობდით. დღეს სამუშაოები დასრულებულია. პროექტის ფარგლებში ტერიტორია გამწვანდა და დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო სარწყავი სისტემა, განათების ბოძები ლედ სანათებით, საბავშვო ზონა ატრაქციონებით. ასევე მომიჯნავე ტერიტორიაზე ვაპირებთ სპორტული მოედნის პროექტის განხორციელებას. აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ძალიან მალე გადმოგვეცემა და დავიწყებთ პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორიაზე მოეწყო სადრენაჟე სისტემები, აშენდა საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები; განთავსდა საპარკე ავეჯი, დაირგო 753 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესა ბალახი.

31 მაისი 2023